Facebook Twitter

ას-346-748-06 14 დეკემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი),

თ. თოდრია

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. კ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ნ. მ-ძის მიმართ 6200 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2003წ. 15 მაისს მხარეებს შორის დაიდო საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის წინარე ხელშეკრულება, რომლის დადასტურების მიზნითაც მოსარჩელემ მოპასუხეს ბეს სახით გადასცა 2600 აშშ დოლარი. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 3500 აშშ დოლარით, რომელიც ა.კ-ძეს უნდა დაეფარა ერთი წლის შემდეგ, ბეს სახით გადახდილი თანხა ჩაითვალა ძირითადი თანხის ანგარიშში.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და უარი განაცხადა საცხოვრებელი სახლის გადაცემაზე, რითაც დაარღვია მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. მოსარჩელემ მოითხოვა ნ.მ-ძისათვის ბეს ძირითადი თანხის _ 2600 აშშ დოლარის, ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის _ 2600 დოლარის და მიუღებელი შემოსავლის 1000 დოლარის დაკისრება. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა ხელშეკრულების მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ ვალდებულების შეუსრულებლობას გამოიწვევს გამყიდველის ბრალეული მოქმედება, მან ბე უნდა დააბრუნოს ორმაგად.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან მოსარჩელეს დაუბრუნა 2600 დოლარი დადგენილ ვადაში, ამდენად, მის მიერ ხელშეკრულება არ დარღვეულა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ.მ-ძეს ა.კ-ძის სასარგებლოდ ვალდებულების დარღვევისათვის დაეკისრა ბეს ორმაგად დაბრუნება 5200 აშშ დოლარის ოდენობით, მასვე გადახდილად ჩაეთვალა 2000 აშშ დოლარი და საბოლოოდ მოპასუხეს დაეკისრა 3200 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურების სახით 1000 აშშ დოლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება 3200 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.მ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 30 მარტის გადაწყვეტილებით ნ.მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ა. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. მ-ძეს დაეკისრა 600 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება ბრალეულად იქნა დარღვეული. სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ მთავარ სხდომაზე მოხდა სარჩელის საფუძვლის შეცვლა (ანუ ბეს ორმაგად დაბრუნების მოთხოვნა ჩაენაცვლა ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას). სასამართლომ აღნიშნა, რომ, სსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ამგვარი თანხმობა კი მოპასუხეს არ განუცხადებია, ამდენად, სააპელაცო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს ბეს ორმაგად დაბრუნების ნაცვლად უნდა ემსჯელა მოსარჩელის თავდაპირველი მოთხოვნის _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლომ ჩათვალა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ვალდებულების დარღვევის გამო ზიანი მან სწორედ 2600 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი მიიღო.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბეს ორმაგად დაკისრება. კასატორის აზრით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა სსკ-ის 83-ე მუხლი. კასატორის განმარტებით მას სარჩელის საფუძველი არ შეუცვლია, არამედ მან დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 393-ე მუხლის I და II პუნქტების შესაბამისად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი.

სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ შეცვალა სარჩელის საფუძველი. სარჩელის საფუძველი ესაა იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ფაქტობრივად ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლის შეცვლა ნიშნავს იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას, რომლებიც მითითებული იყო თავდაპირველად მოსარჩელის მიერ თავის სარჩელში და რომელსაც ემყარებოდა მოსარჩელის მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში ა. კ-ძის მიერ თავდაპირველად წარდგენილ იქნა განცხადება გადახდის ბრძანების მიღების თაობაზე, რომელშიც იგი მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ მის მოთხოვნას, კერძოდ, განმცხადებელი მიუთითებს, რომ 2003წ. 15 მაისს ა. კ-ძესა და ნ. მ-ძეს შორის დაიდო საცხოვრებელი ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის დადასტურების მიზნით, ა.კ-ძემ მოპასუხეს გადასცა ბეს სახით 2600 აშშ დოლარი. ძირითადი ვალდებულება განისაზღვრა 3500 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, თუ ვალდებულების შეუსრულებლობას გამოიწვევს გამყიდველის ბრალეული მოქმედება, მან ბე უნდა დააბრუნოს ორმაგად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაუდო საფუძვლად ა.კ-ძემ თავის მოთხოვნას, კერძოდ, ნ.მ-ძეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ბეს ძირითადი თანხა 2600 აშშ დოლარი, ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანი 2600 აშშ დოლარი და მიუღებელი შემოსავალი 1000 აშშ დოლარი. სულ 6200 აშშ დოლარი. ამდენად, მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარებოდა ხელშეკრულების მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად ვალდებულების დარღვევისას ბე ორმაგად უნდა დაბრუნებულიყო. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქმის წარმოების დაწყებით სტადიაზე ა.კ-ძეს არ ჰყავდა წარმომადგენელი. წარმომადგენელი ჩაება პროცესში საერთო სასარჩელო წესით საქმის განხილვის სტადიიდან. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ჩამოაყალიბა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა ნ. მ-ძეს დაეკისროს ა.კ-ძის სასარგებლოდ 2003წ. 15 მაისის „ბეს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ორმაგად და იმ ზიანის ანაზღაურება, რაც დღემდე არ გადაუხადა მოპასუხე ნ.მ-ძემ, რაც საერთო ჯამში შეადგენს 6200 აშშ დოლარს. მოსარჩელის წარმომადგენელი თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს სკ-ის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ არ შეუცვალია სარჩელის საფუძვლი, არ შეცვლილა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა და დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნა.

სსკ-ის 83-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულად, კერძოდ, დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2003წ. 15 მაისს დაიდო ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ.ბათუმში, ..., ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადასტურების მიზნით, ა. კ-ძემ ნ. მ-ძეს გადასცა ბეს სახით 2600 აშშ დოლარი. ძირითადი ვალდებულება განისაზღვრა 3500 აშშ დოლარით, რომელიც მყიდველს უნდა დაეფარა ერთი წლის ვადაში. დადგენილია, რომ ნ.მ-ძემ ერთი წლის გასვლის შემდეგ უარი განაცხადა ბინის გაყიდვაზე და დარჩენილი თანხის მიღებაზე. ამდენად ვალდებულება სწორედ მოპასუხის მიერ იქნა ბრალეულად დარღვეული. ასევე, დადგენილია, რომ ნ.მ-ძემ კ-ძეს დაუბრუნა 2000 აშშ დოლარი.

სკ-ის 423-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა. ბეს ორმაგი ოდენობა შეადგენს 5200 აშშ დოლარს. ვინაიდან, დადგენილია, რომ მოპასუხეს დაბრუნებული აქვს 2000 აშშ დოლარი, მას უნდა დაეკისროს დარჩენილი თანხა _ 3200 აშშ დოლარი.

სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლოს ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის საკასაციო ინსტანციაში წარმოებისას.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს კანონის «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» მე-5 მუხლის I პუნქტის «მ» ქვეპუნქტის თანახმად, ა. კ-ძე, როგორც ინვალიდობის მქონე პირი, გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სსკ-ის 47-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ერთი მხარის გათავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნაიარა მ-ძეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოებისათვის საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 39-ე, 53-ე, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ა. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

ა. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

ნ. მ-ძეს ა. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 3200 აშშ დოლარის გადახდა. მასვე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 130 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი:220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033114 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშზე.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.