Facebook Twitter

№15351-13 30 აპრილი, 2013 წელი

ნ-ე გ.- 15351-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ქ. ვ-ას

მსჯავრდებულ - გ. ნ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ-ის საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 ნოემბრის განაჩენით გ. ნ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1821-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

ასპინძის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის განაჩენით გ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 17 ნოემბრიდან; მასვე ერთი წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით გ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 6 თვით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 6 თვით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 თვით, სულ - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ახალქალაქისა და ასპინძის რაიონული სასამართლოების განაჩენებით დანიშნული სასჯელი - 5 წელი და 3 წელი და 3 თვე, რის შედეგადაც მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 9 ივნისიდან.

ასპინძის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრისა და 2009 წლის 13 აგვისტოს დადგენილებებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ნ-ეს გაუნახევრდა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 2 თვე, 22 დღე და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 1 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 9 ივნისიდან.

ასპინძის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ნ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 1821-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წელი, 1 თვე, 11 დღე და განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე, 143-ე მუხლებითა და 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელები - 6-6 თვე და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 9 ივნისიდან.

მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა; 1821-ე მუხლი მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულია, რის გამოც ამ მუხლით დანიშნული სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს; გარდა ამისა, მას უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელი, რადგან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა განახევრდეს აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს მსჯავრდებულის მიერ სსკ-ის 1821-ე მუხლით (შავი და ფერადი ლითონების ან მათი შემცველი ნაკეთობების დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით) ჩადენილი ქმედების მოქმედ კანონთან შესაბამისობაში მოყვანაზე. ამასთან, აღნიშნული მუხლის სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღება არ ნიშნავს ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების დეკრიმინალიზაციას, რადგან მას ითვალისწინებს კოდექსის სხვა მუხლები (სხვისი ნივთის დაუფლების ხერხის მიხედვით).

რაც შეეხება სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნულ სასჯელს, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დანიშნული სასჯელის განახევრებას, ხოლო 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან პირი თავისუფლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ადრე ნასამართლევი არ არის განზრახი დანაშაულისათვის. გ. ნ-ე სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ნასამართლევი იყო სსკ-ის 1821-ე მუხლით, რის გამოც მას სწორად შეუმცირდა ერთი მეოთხედით აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს ახალქალაქისა და ასპინძის რაიონების, ასევე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით დანიშნული საპატიმრო სასჯელები ერთი მეოთხედით შეუმცირდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მაგრამ ამ კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულს ასევე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სხვა სასჯელიც - 1 წლით ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა და საბოლოოდ ეს უფლება უნდა ჩამოერთვას 9 თვით.

სხვა ნაწილში გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გ. ნ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადა - 1 (ერთი) წელი და ეს უფლება საბოლოოდ ჩამოერთვას 9 (ცხრა) თვით.

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი