№ბს-308(კ-23) 9 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 22 აპრილის ოქმი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 31 მაისის №31966 წერილი; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 30 ივნისის №1533 ბრძანება; დ) დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას ნ.ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ეზო) (მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №66 (ახლანდელი №144), ს/კ ...), ნ.ა-ს გადასცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 22 აპრილის ოქმი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 31 მაისის №31966 წერილი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 30 ივნისის №1533 ბრძანება. დაევალა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას ნ.ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ეზო), მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №66 (ახლანდელი №144), ს/კ ..., ნ.ა-ს გადასცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: 2020 წლის 2 ნოემბრის საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების ამონაწერის მიხედვით, №... საკადასტრო კოდზე 2014 წლის 9 ივლისს დარეგისტრირდა სარგებლობის უფლება, კერძოდ: მოიჯარე - შპს „ ქ...“, მესაკუთრე - ნ.ა-ი, საგანი - ნ.ა-ის საკუთრებაში არსებული შენობა №1 და №2-დან პირველი სართული - 1743.93 კვ.მ და შენობა №1-დან მეორე სართული - 212.07 კვ.მ; რეესტრის №....
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების მიხედვით, დავის საგანი იყო მხარეთა შორის (შპს „ქ...“, ნ.ა-ი) გაფორმებული 2014 წლის 27 ივნისის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა, გადაცემული ქონების დაბრუნება და საიჯარო დავალიანების გადახდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საიჯარო ქონებას წარმოადგენდა მხოლოდ შენობა-ნაგებობები, ნათელია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული ქონების (შენობა-ნაგებობა 1743.93 კვ.მ და 212.07 კვ.მ) ნ.ა-ისათვის გადაცემის თაობაზე. აღნიშნულ გარემოებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით კრედიტორმა წარმოადგინა №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მხოლოდ შენობა-ნაგებობის შეფასების დასკვნა (1956 კვ.მ) და ითხოვა გადაწყვეტილების აღსრულება.
კასატორის მითითებით, საქმეში არსებული 2021 წლის 21 აპრილისა და 22 აპრილის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმებით დასტურდება, რომ აღსრულების პოლიციამ უზრუნველყო ნ.ა-ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოთავისუფლება და მისთვის გადაცემა, რის საფუძველზეც, სრულად აღსრულდა კრედიტორის მოთხოვნა. დღევანდელი მდგომარეობით №18014730 სააღსრულებო საქმე დასრულებულია. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულია და ამ მოტივით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25.1 მუხლზე, 84.1 მუხლზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების 3.3 მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღსასრულებელ მოთხოვნას საქმეში არსებული დოკუმენტების შესაბამისად, წარმოადგენდა მხოლოდ ნ.ა-ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის (1956 კვ.მ) გამოთავისუფლება, არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 31 მაისის №31966 წერილი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, ის ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტია, რომლითაც დეტალური ინფორმაცია მიეწოდა წერილის ავტორს. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული წერილი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის საფუძველზე, ვერ იქნება ბათილად ცნობილი, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №2-15406-14), ნ.ა-ის სასარჩელო მოთხოვნები შპს „ქ...ს“ მიმართ დაკმაყოფილდა სრულად. შეწყვეტილად იქნა აღიარებული მხარეთა შორის 2014 წლის 27 ივნისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. შპს „ქ...ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7 140 ამერიკული დოლარის გადახდა. გამოთხოვილ იქნა შპს „ქ...ს“ უკანონო მფლობელობიდან ნ.ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე - თბილისი, ...ის ქუჩა №66 (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) და გადაეცა მოსარჩელეს. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 24 სექტემბერს, ნ.ა-ის სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (საქმე №2/15406-14) (ტ. I, ს.ფ. 168-173, 167); ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით (საქმე №2/15527-16) შპს „ქ...ს“ (ს/კ ...) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. ამასთან, შეჩერდა შპს „ქ...ს“ მიმართ იძულებითი აღსრულება (ტ. I, ს.ფ. 183-184); გ) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 იანვრის №4180 წერილით ნ.ა-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განჩინების საფუძველზე (საქმე №2/15527-16), შპს „ქ...ს“ მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, 2018 წლის 10 იანვრიდან კი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს გაკოტრების მმართველის ფუნქციას. ამავე წერილით განმარტებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის №2/15406-14 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოება შეჩერდა 2016 წლის ივნისის თვეში, რადგან „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიების დაწყება. ამავე წერილით ნ.ა-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ მხარის მიერ მოთხოვნილი - ქ. თბილისში, ...ის ქ. №66-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ...), შპს „ქ...ს“ კუთვნილი ქონების (ავტომობილების) გატანა გულისხმობდა ზემოხსენებული ტერიტორიის გამოთავისუფლებას. თუმცა, მოსარჩელეს განემარტა, რომ მოვალის - შპს „ქ...ს“ მიმართ მიმდინარეობდა გაკოტრების საქმის წარმოება, რაც არ იძლეოდა შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ №2185 განცხადებით დაყენებული მოთხოვნა (ტ. I, ს.ფ. 44-45); დ) 2018 წლის 25 იანვარს კრედიტორმა - ნ.ა-მა იძულებითი აღსრულების მიზნით, განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის №2/15406-14 სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღება და შემდეგი მოთხოვნის აღსრულება მოითხოვა - შპს „ქ...ს“ მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე - თბილისი, ...ის ქუჩა №66, ს/კ .... აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა სააღსრულებო ფურცელი, გადაწყვეტილება და უძრავი ქონების შეფასების დასკვნა (ტ. I, ს.ფ. 164); ე) შპს „ უ...ის“ 2018 წლის 24 იანვრის №18/01-24/01 უძრავი ქონების შეფასების დასკვნის თანახმად, ნ.ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე - თბილისი, ...ის ქუჩა №66, ს/კ ...) საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 467 000 (ოთხასსამოცდაშვიდი ათასი) ლარი. ამავე დასკვნაში, შესაფასებელი ობიექტის აღწერაში მითითებულია, რომ შესაფასებელი ობიექტი მდებარეობს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, №66-ში (ნაკვ. ...). აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს ნ.ა-ისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში რიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 12 207 კვ.მ და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №3, №4, №5, №6, №7 და №8, საერთო ფართით 3 448 კვ.მ (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა, საკადასტრო კოდი №...). მათ შორის, ნ.ა-ის საკუთრებაშია 1 956 კვ.მ, ხოლო, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია 1 492 კვ.მ. შეფასების ობიექტია - ნ.ა-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება - შენობა-ნაგებობა ფართით 1 956 კვ.მ. შეფასების ობიექტი შედგება ორი ნაწილისგან (ტ. I, ს.ფ. 175-179); ვ) სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 21 თებერვალს №11827 წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს, მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განჩინებაზე (საქმე №2/15527-16) და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა შპს „ქ...ს“ მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულების შეჩერება (ტ. I, ს.ფ. 180-181); ზ) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 აპრილის №22701 წერილით ნ.ა-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ №A15079579 სააღსრულებო საქმეზე (კრედიტორი - ნ.ა-ი, მოვალე - შპს „ქ...“) განხორციელდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღსრულებო მოქმედებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის №2/15527-16 განჩინების თანახმად, შპს „ქ...ს“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში და ამავე განჩინების მე-6 პუნქტის თანახმად, შეჩერდა მის მიმართ იძულებითი აღსრულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმასრულებელი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, მათ შორის, მოვალის უკანონო მფლობელობიდან კრედიტორის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვასთან დაკავშირებით (ტ. I, ს.ფ. 193-194); თ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №3/2415-18), ნ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 აპრილის №22701 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა ქმედების განხორციელება, კერძოდ, 2018 წლის 25 იანვრის განცხადების საფუძველზე დაწყებული №18014730 სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებისა (სარეზოლუციო ნაწილის 1.3. პუნქტი) და 2015 წლის 24 სექტემბრის №2/15406-14 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება (ტ. I, ს.ფ. 213-229); ი) 2020 წლის 2 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე №144-ში მდებარე 12207.00 კვ.მ დაზუსტებულ ფართობზე განთავსებული შენობებიდან №1 და №2-დან I სართულზე - 1743.93 კვ.მ-სა და შენობა №1-დან მე-2 სართულზე - 212.07 კვ.მ-ზე რეგისტრირებულია ნ.ა-ის საკუთრების უფლება. ხოლო შენობა №1 და №2-დან I სართულზე - 1250.07 კვ.მ-ზე, შენობა №1-დან მე-2 სართულზე - 241.93 კვ.მ-სა და შენობა №4 და №5-ზე საერთო ფართით - 330 კვ.მ-ზე რეგისტრირებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება (ქონების ს/კ №...) (ტ. I, ს.ფ. 265-266); კ) 2021 წლის 19 მარტს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციამ №A18014730-006/011 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა იმის თაობაზე, თუ ვის ეკუთვნოდა თბილისში, ...ის ქ. №66-ში (ახლანდელი №144) არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ №...), 12207.00 კვ.მ და იყო თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამიჯნული. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 მარტის №... წერილით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების სპეციალისტს მისი მიმართვის პასუხად ეცნობა, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №144, საკადასტრო კოდი - №..., საკადასტრო მონაცემების ცვლილება, დაყოფა (გამიჯვნა), გამოყოფა ან/და გაერთიანება არ განხორციელებულა და არსებული მონაცემებით საკუთრების უფლება რეგისტრიურებულია ნ.ა-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის თანასაკუთრების უფლება (ტ. I, ს.ფ. 262, 263-264); ლ) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 21 აპრილის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №66 (საკადასტრო კოდი - №...) შპს „ქ...ს“ მფლობელობიდან გამოთხოვა და კრედიტორისთვის გადაცემა გადაიდო 2021 წლის 22 აპრილს. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 22 აპრილის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ...ის ქ. №66-ში, საკადასტრო კოდი - №..., შენობა №1 და №2-დან პირველი სართული - 1743.93 კვ.მ და შენობა №1-დან მე-2 სართული - 212.07 კვ.მ მოძრავი ნივთებისაგან სრულიად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა კრედიტორ ნ.ა-ის წარმომადგენელს - გ.შ-ეს. ამავე ოქმის თანახმად, იძულებითი გამოსახლება მოყვანილ იქნა სისრულეში (ტ. I, ს.ფ. 70-72, 73-75); მ) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიერ 2021 წლის 22 აპრილს №A18014730 სააღსრულებო საქმეზე (კრედიტორი - ნ.ა-ი, მოვალე - შპს „ქ...“) გაიცა ცნობა სააღსრულებო წარმოების დამთავრების შესახებ (ტ. II, ს.ფ. 4); ნ) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირი, ნ.ა-ის განცხადების საფუძველზე, 2021 წლის 5 მაისს, გამოცხადდა მისამართზე - თბილისი, ...ის ქუჩა №144-ში (საკადასტრო კოდი - №...), უძრავი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ფაქტის კონსტანტაციის მიზნით. აღნიშნულის თაობაზე შედგა ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ (ტ. I, ს.ფ. 110-118); ო) 2021 წლის 29 აპრილს (რეგისტრაციის თარიღი 05.05.2021წ.) ნ.ა-ის წარმომადგენელმა - გ.შ-ემ №35895 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა უმოკლეს ვადაში ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №144-ში (საკადასტრო კოდი - №...) განთავსებული ავტომანქანების ტერიტორიიდან გაყვანა. განმცხადებლის განმარტებით, 2021 წლის 22 აპრილის შემდეგ ნ.ა-ი ვერ ფლობს სრულფასოვნად კუთვნილ ფართს, ვინაიდან იქ განთავსებულია 290 ცალამდე ავტომობილის ძარა და დაშლილი ავტომობილის ნაწილები. შესაბამისად, ნ.ა-ს წლების განმავლობაში ადგება მატერიალური ზიანი (ტ. II, ს.ფ. 35); პ) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 31 მაისის №31966 წერილით, ნ.ა-ის წარმომადგენელს - გ.შ-ეს №35895 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2021 წლის 22 აპრილს უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №144, საკადასტრო კოდი - №..., შენობა №1 და №2-დან პირველი სართული - 1743.93 კვ.მ და შენობა №1-დან მე-2 სართული - 212.07 კვ.მ მოძრავი ნივთებისაგან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა კრედიტორის წარმომადგენელს - გ.შ-ეს, რის შემდგომაც აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილებაში №A18014730 სააღსრულებო საქმის (კრედიტორი - ნ.ა-ი, მოვალე - შპს „ქ...‘‘), წარმოება დასრულდა (ტ. I, ს.ფ. 86); ჟ) 2021 წლის 24 მაისს, ნ.ა-ის წარმომადგენელმა №CA0041213104622 დაზუსტებული საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომლითაც მოითხოვა დაევალოს აღსრულების პოლიციას ნ.ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №144, საკადასტრო კოდი - №...) თავისუფალ მდგომარეობაში ნ.ა-ისათვის გადაცემა. საჩივრის თანახმად, აღსრულების პოლიციამ 2021 წლის 21-22 აპრილს, ქ. თბილისში, ...ის ქ. №144-ში, საკადასტრო კოდი - №..., ჩაატარა შპს „საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთეს“ გამოსახლება, თუმცა რეალურად გამოსახლება არ იყო ჩატარებული სრულად, სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, უძრავი ქონების მხოლოდ შენობა-ნაგებობა იქნა გათავისუფლებული მასში განთავსებული ნივთებისგან, ხოლო მიწის ნაკვეთზე კვლავ განთავსებულია მოვალე მხარის საკუთრებაში არსებული ავტომანქანები, რაც უკანონოა და ზიანის მომტანია ნ.ა-ისათვის, ვინაიდან ვერ ფლობს სრულად მის საკუთრებას (ტ. II, ს.ფ. 5-16); რ) 2021 წლის 17 ივნისს, ნ.ა-ის წარმომადგენელმა დაზუსტებული (№49311) საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომლითაც გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 22 აპრილის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 31 მაისის №31966 აქტი. ასევე მოითხოვა, აღსრულების პოლიციიას დაევალოს უძრავი ქონება (მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №144, საკადასტრო კოდი - №...) თავისუფალ მდგომარეობაში გადასცეს მესაკუთრეს - ნ.ა-ს (ტ. II, ს.ფ. 21-30); ს) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 30 ივნისის №1533 ბრძანებით ნ.ა-ის წარმომადგენელს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ტ. II, ს.ფ. 32-34); ტ) შპს „უ...ის“ დირექტორის 2021 წლის 2 ივლისის №21/07-02/02 წერილის თანახმად, ნ.ა-ის წარმომადგენელს ქ.უ-ს მისი მიმართვის პასუხად ეცნობა, რომ შპს „უ...მა“ 2018 წლის 24 იანვარს შეაფასა ნ.ა-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №66 (ნაკვეთი ...), ს/კ ..., დასკვნა №18/01-24/01. 467 000 ლარად შეფასებულ იქნა შენობა-ნაგებობები მიწის ნაკვეთთან ერთად, ანუ უძრავი ქონება სრულად (ტ. I, ს.ფ. 131);
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25.1 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე კანონის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას (1); სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად (2); აღმასრულებელი უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ სააღსრულებო წარმოების მხარეები და დამსწრე პირები. სააღსრულებო წარმოების მხარეების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი შესაბამის აღნიშვნას აკეთებს ოქმში (7).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლით, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ცალკე მითითებული არ არის, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა აღნიშნული უფლება, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის გაგებით, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა სასამართლოს საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ერთი მხარის საზიანოდ. გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება შეიძლება გამართლებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით, მაგრამ ზიანს არ უნდა აყენებდეს მე-6 მუხლით დაცული უფლების არსს. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის, როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. ყოველივე აღნიშნული კი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მნიშვნელობას და მათზე დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 22 აპრილის ოქმი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 31 მაისის №31966 წერილი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 30 ივნისის №1533 ბრძანება, ასევე მოთხოვნილია დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას ნ.ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ეზო) (მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №66 (ახლანდელი №144), ს/კ ...) ნ.ა-ს გადასცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. სასარჩელო მოთხოვნები უფუძნება იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოვალის ნივთები გამოტანილ იქნა მხოლოდ შენობა-ნაგებობიდან და ეზოში, რომელიც არსებითი შემადგენელი ნაწილია უძრავი ქონების, განთავსებულია მოვალის საკუთრებაში არსებული ავტომანქანები.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 22 აპრილის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ სადავო ოქმის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №66 (ახლანდელი №144), საკადასტრო კოდი - №..., შენობა №1 და №2-დან პირველი სართული - 1743.93 კვ.მ და შენობა №1-დან მე-2 სართული - 212.07 კვ.მ მოძრავი ნივთებისაგან სრულიად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა კრედიტორ ნ.ა-ის წარმომადგენელს - გ.შ-ეს. ამავე ოქმის თანახმად, იძულებითი გამოსახლება მოყვანილ იქნა სისრულეში.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 31 მაისის №31966 წერილით ნ.ა-ის წარმომადგენელს - გ.შ-ეს მისი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2021 წლის 22 აპრილს უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №144, საკადასტრო კოდი - №..., შენობა №1 და №2-დან პირველი სართული - 1743.93 კვ.მ და შენობა №1-დან მე-2 სართული - 212.07 კვ.მ მოძრავი ნივთებისაგან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა კრედიტორის წარმომადგენელს - გ.შ-ეს, რის შემდგომაც აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილებაში №A18014730 სააღსრულებო საქმის (კრედიტორი - ნ.ა-ი, მოვალე - შპს „ქ...“) წარმოება დასრულდა.
სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 30 ივნისის №1533 გასაჩივრებული ბრძანებით ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, დავის საგანს წარმოადგენდა ნ.ა-სა და შპს „ქ...ს“ შორის გაფორმებული 2014 წლის 27 ივნისის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა, გადაცემული ქონების დაბრუნება და საიჯარო დავალიანების გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის საიჯარო ქონებას წარმოადგენდა მხოლოდ შენობა-ნაგებობები, თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული ქონების - შენობა-ნაგებობა 1743,93 კვ.მ და 212,07 კვ.მ, ნ.ა-ისათვის გადაცემის თაობაზე. 2021 წლის 21 აპრილისა და 22 აპრილის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმებით დასტურდება, რომ აღსრულების პოლიციამ უზრუნველყო ნ.ა-ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გამოთავისუფლება და მისთვის გადაცემა, რის საფუძველზეც სრულად აღსრულდა ნ.ა-ის მოთხოვნა და დასრულდა სააღსრულებო საქმე. მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით კრედიტორმა წარადგინა №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მხოლოდ შენობა-ნაგებობის შეფასების დასკვნა (1956 კვ.მ) და ითხოვა გადაწყვეტილების აღსრულება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მართალია, საიჯარო ქონებას წარმოადგენდა მხოლოდ შენობა-ნაგებობები, თუმცა, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ შპს „ქ...“, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სარგებლობდა, როგორც შენობა-ნაგებობებით, ასევე, მიწის ნაკვეთით. შესაბამისად, მოპასუხის მიერ, ნ.ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან მხოლოდ შენობა-ნაგებობების გამოთავისუფლებით სააღსრულებო საქმე დასრულებულად ვერ იქნება მიჩნეული. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 5 მაისს შედგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმი ცალსახად ადასტურებს, რომ სადავო პერიოდში მისამართზე - თბილისი, ...ის ქუჩა №144-ში (საკადასტრო კოდი - №...) განთავსებული არის ავტომობილები (ტ. I, ს.ფ. 110-118). ამასთან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე შპს „ქ...ს“ კუთვნილი ავტომანქანების განთავსების სამართლებრივ საფუძველს. მართალია, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი წარმოადგენს ნ.ა-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებას, ამასთან, არ განხორციელებულა საკადასტრო მონაცემების ცვლილება, დაყოფა (გამიჯვნა), გამოყოფა ან/და გაერთიანება, თუმცა საქმის მასალებით არც ის ფაქტი დასტურდება, რომ სადავო ტერიტორიაზე ავტომანქანები განთავსებულია ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულის თანხმობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც უძრავი ქონების მესაკუთრეს ეზღუდება უფლება ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებაში არსებულ ქონებას, უსაფუძვლოა მოპასუხის მითითებები მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ შეფასების დასკვნასა და აღსრულების საფასურის ოდენობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.02.2023წ. №02752 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე