№15391-13 30 აპრილი, 2013 წელი
ქ-ი ზ., 15391-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ჯ. უ-ის
მსჯავრდებულ _ ზ. ქ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ქ-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ზ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელიდან დაემატა 1 წელი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 15 აგვისტოდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 იანვრის განაჩენით შეიცვალა: ზ. ქ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) მიესაჯა 7 წლით, ხოლო 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ზ. ქ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 15 აგვისტოდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 მაისის განაჩენით ზ. ქ-ს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 4 წლით, 239-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 6 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 12 წლით, 2 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 24 მაისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: ზ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით ზ. ქ-ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა: ზ. ქ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით, 2 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ქ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ქ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით, პროპორციულად შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენთა ერთობლიობით ზ. ქ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 24 მაისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ქ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და ბოლო განაჩენით დადგენილი სასჯელის ვადის ათვლამდე – 2007 წლის 24 მაისამდე – მოხდილი 1 წლისა და 10 თვის სასჯელის მოხდაში ჩათვლას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ. ქ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა - კანონიერია.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ. ქ-ისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს აღნიშნული მუხლებით დანიშნული და არა მოუხდელი სასჯელები, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ. ქ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კანონის ამავე მუხლის საფუძველზე, ასევე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ამ განაჩენით საბოლოოდ მსჯავრდებულ ზ. ქ-ს უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის 2007 წლის 24 მაისის მდგომარეობით მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 2 თვე, 21 დღე - უნდა დაემატოს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 3 წელს და საბოლოოდ მსჯავრდებულ ზ. ქ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 7 წლით, 2 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ქ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კანონის ამავე მუხლის საფუძველზე, ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ამ განაჩენით საბოლოოდ მსჯავრდებულ ზ. ქ-ს განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის 2007 წლის 24 მაისის მდგომარეობით მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 2 თვე, 21 დღე - დაემატოს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 3 წელს და საბოლოოდ მსჯავრდებულ ზ. ქ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 7 წლით, 2 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე