Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-326(2კ-23) 25 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - რ.ლ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.ლ-ემ 2020 წლის 18 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართა და მოითხოვა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 01 თებერვლის №15-01190323925 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რ.ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 03 დეკემბრის N1893 ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელესთვის შეღავათიანი მგზავრობის სატრანსპორტო ბარათით სარგებლობის უფლების აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 01 თებერვლის №15-01190323925 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 03 დეკემბრის N1893 ბრძანება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისთვის შეღავათიანი მგზავრობის სატრანსპორტო ბარათით სარგებლობის უფლების აღდგენის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის N6-25 დადგენილების (სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, „საქართველოს დედაქალაქის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ევალებათ შესაბამის ორგანოებს. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, N20-81 დადგენილების მე-2 პუნქტის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე მე-3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით მონაცემთა სრულყოფა ეთხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს, შესაბამისად, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების შესახებ სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და მათ სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამსახური სწორედ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახდენს ბარათების ინიციალიზაციასა და გაცემას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-81 დადგენილება განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი პირებისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ფასდაკლებით სარგებლობის პირობებს. N20-81 დადგენილების შესაბამისად რეგლამენტირებულია შეღავათიანი სამგზავრო პლასტიკური ბარათების სარგებლობის წესები, რომლებიც ვრცელდება მხოლოდ ხსენებული დადგენილებით გათვალისწინებული სტატუსის მქონე მოქალაქეებზე. მათ შორის „სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებზე.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 30470 სარეიტინგო ქულა (ქულის მინიჭების თარიღია 2015 წლის 30 აპრილი), რ.ლ-ე ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. თბილისში, რაც ასევე დადასტურდა მისი ანგარიშებიდან ამონაწერით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-81 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სოციალურად დაუცველი პირებისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ფასდაკლებით სარგებლობის უფლება გააჩნიათ თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ და არა რეგისტრირებულ მოქალაქეებს. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული დადგენილების მოქმედება, ქ. თბილისში მცხოვრებ, 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებზე შეღავათიანი სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემის ნაწილში, ვრცელდება მოსარჩელე რ.ლ-ეზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ.

კასატორები აღნიშნავენ, რომ რ.ლ-ეს, ქალაქ თბილისში რეგისტრაციის არარსებობის გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-81 დადგენილების შესაბამისად, მართებულად ეთქვა უარი სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათიანი სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფაზე. ახალი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით კი, კასატორები აღნიშნავენ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური არ წარმოადგენს იმ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, თუ ვის მიმართ უნდა გაიცეს ბარათი და ვის გაუუქმდეს, აღნიშნულ საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის მიერ შედგენილი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გადმოგზავნილი სიის საფუძველზე გაიცემა ბარათები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ რ.ლ-ის ოჯახი 2006 წლიდან (მისამართზე: დაბა ..., ..., ...ის ქუჩა N20) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 ნოემბრის N04-13-02/2815 ცნობის თანახმად, 2006-2015 წლებში ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროება შესწავლილია ექვსჯერ და სარეიტინგო ქულა არასდროს არ აღემატებოდა 70 000 ერთეულს. ოჯახი სარგებლობს ელექტრო ენერგიის სუბსიდირების შეღავათით.

რ.ლ-ე, როგორც სოციალურად დაუცველი პირი, 2012 წლიდან 2018 წლის 7 ივლისამდე სარგებლობდა შეღავათიანი მგზავრობის სატრანსპორტო ბარათით.

2019 წლის 16 იანვარს რ.ლ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს და შეღავათიანი მგზავრობის სატრანსპორტო ბარათით სარგებლობის გაუქმების შესახებ ინფორმაციის გაცემა მოითხოვა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 01 თებერვლის №15-01190323925 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ შეღავათიანი მგზავრობის ბარათის გაცემა რეგულირდება ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბერი N20-81 დადგენილების შესაბამისად და მკაცრად რეგლამენტირებულია შეღავათიანი სამგზავრო პლასტიკური ბარათების სარგებლობის წესები, რომლებიც ვრცელდება მხოლოდ ხსენებული დადგენილებით გათვალისწინებული სტატუსის მქონე მოქალაქეებზე, მათ შორის, „სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებზე, ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რ.ლ-ე განსახილველ პერიოდში არ იყო ქ. თბილისში რეგისტრირებული, არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა. აღნიშნული გადაწყვეტილება 2019 წლის 27 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა რ.ლ-ის მიერ.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 03 დეკემბრის N1893 ბრძანებით მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისთვის რ.ლ-ის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენდა ხაშურის რაიონი, დაბა ..., სოფელი ..., ...ის ქუჩა N20.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-81 დადგენილების (შემდგომში - დადგენილება N20–81) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში (ავტობუსები (M3 კატეგორია), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლება განესაზღვრათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს ბარათით სარგებლობის უფლება შეეზღუდა თბილისში რეგისტრაციის არარსებობის გამო. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რ.ლ-ის შემთხვევაში სახეზეა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-81 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული, შეღავათიანი სამგზავრო ბარათით სარგებლობისთვის დადგენილი საფუძვლები, კერძოდ, დადგენილია, რომ რ.ლ-ის ოჯახი 2006 წლიდან (მისამართზე: დაბა ..., ..., ...ის ქუჩა N20) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, 2015 წლის 30 აპრილს მიენიჭა 30470 ქულა, ხოლო 2019 წლის 9 აგვისტოს მონაცემებით ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 30300 ქულას. ამდენად, მოსარჩელე წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე პირს. რაც შეეხება სადავო აქტების მართლზომიერების დამადასტურებლად მოპასუხეების მითითებას მოსარჩელის დაბა სურამში რეგისტრაციის შესახებ, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-81 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი მიემართება არა უცილობლად თბილისში რეგისტრირებულ პირებს, არამედ, შეღავათიანი სამგზავრო ბარათით სარგებლობის უფლებას ანიჭებს თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს. საქმის მასალებში დაცული რ.ლ-ის ანგარიშიდან ამონაწერით (2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით, ასევე 2021 წლის 25 მარტიდან 2021 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით) დგინდება, რომ მას სხვადასხვა სახის ოპერაციები აქვს შესრულებული სს „ს...ში“, სს „თ...ში“, თ...ში, ...ის მიმდებარე ობიექტში, ...ში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ის ასევე ხშირად სარგებლობდა ქ. თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელე ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებით დაკავშირებულია თბილისთან.

ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 01 თებერვლის №15-01190323925 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის შესახებ. ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის პირობებში კი, მოცემულ შემთხვევაში, წარმოიშობა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 03 დეკემბრის N1893 ბრძანების ბათილად ცნობის საჭიროება.

სადავო აქტების ბათილად ცნობის პირობებში, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელესთვის შეღავათიანი მგზავრობის სატრანსპორტო ბარათით სარგებლობის უფლების აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის დავალების თაობაზე. ამასთან, საფუძველსაა მოკლებული აღნიშნული აქტის გამოცემის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დავალდებულება, რამეთუ, მართალია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტისთვის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და მათ სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუმცა, ბარათების ინიციალიზაციასა და გაცემას ახდენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული. მოცემულ საქმეში, დავის საგანს წარმოადგენს სწორედ სამგზავრო ბარათით სარგებლობის უფლების აღდგენის და არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში ცვლილებების შეტანის დავალება, ბარათის გაცემა კი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კომპეტენციაა, რასაც თავადვე ადასტურებს კასატორი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე