Facebook Twitter

№15421-13 30 აპრილი, 2013 წელი

ჩ.ი ვ., 15421-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ე. ფ-ის

მსჯავრდებულ _ ვ. ჩ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ჩ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის განაჩენით ვ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი და 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2013 წლის 23 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიურომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ჩ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით პირობითი სასჯელი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადად განესაზღვრა 9 თვე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ჩ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ც. დ-ე ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით თანახმაა, რომ მის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ჩ-ი ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ვ. ჩ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისგან, ვინაიდან, მართალია, მის მიერ ჩადენილ გაუფრთხილებლობით დანაშაულს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, მაგრამ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ წარმოდგენილია დაზარალებულის უფლებამონცვლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომ იგი თანახმაა, მსჯავრდებულ ვ. ჩ-ზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5, მე-18, მე-20, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ვ. ჩ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელისგან.

მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს აღუდგეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მსჯავრდებულ ვ. ჩ-ისთვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე