ას-353-671-05 27 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საწარმოს სამეწარმეო რეესტრში შეტანილი ცვლილებების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ც-ემ სარჩელი აღძრა სს „გ-ის“ აქციონერების ჯ. კ-ის, გ. ფ-ის, ბ. და ვ. კ-ეებისა და ვ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა სს „გ-ის“ აქციონერთა, 2003წ. 29 ოქტომბრის საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და აღნიშნულ გადაწყვეტილების საფუძველზე ამავე საწარმოს სამეწარმეო რეესტრში 2003წ. 3 ნოემბერს სასამართლოს მიერ შეტანილი ცვლილებების გაუქმება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით რ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. ც-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რ. ც-ისა და მისი წარმომადგენელ ც. ც-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 24 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა რ. ც-ის სარჩელი: ა) ბათილად იქნა ცნობილი სს „გ-ის“ აქციონერთა 2003წ. 29 ოქტომბრის საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; ბ) გაუქმდა 2003წ. 3 ნოემბერს სს „გ-ის“ სამეწარმეო რეესტრში აღნიშნული გადაწყვეტილებების საფუძველზე შეტანილი ცვლილებები.
2004წ. 26 აგვისტოს ბ. კ-ემ, ვ. ჩ-ემ, ვ. კ-ემ, გ. ფ-მა და ჯ. კ-ის წარმომადგენელმა ადვოკატმა ზ. ნ-ემ საჩივრით მიმართეს საოლქო სასამართლოს და ზემოთ მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. საჩივრის ავტორთა განმარტებით, მხარეები არ იყვნენ გაფრთხილებული სააპელაციო პალატის მთავარი სხდომის შესახებ, ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის განჩინებით საჩივრის ავტორთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა _ გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 24 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა რ. ც-ის სარჩელი _ ბათილად იქნა ცნობილი 2003წ. 29 ოქტომბრის სს „გ-ის“ აქციონერთა საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; გაუქმდა 2003წ. 3 ნოემბერს სს „გ-ის“ სამეწარმეო რეესტრში აღნიშნული გადაწყვეტილებების საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით შეტანილი ცვლილებები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2003წ. 29 ოქტომბერს სს „გ-ის“ აქციონერთა საერთო კრება, მიუხედავად იმისა, თავმჯდომარეობდა თუ არა მას საზოგადოების დირექტორი, კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით ჩატარდა, რის გამოც მიიჩნია, რომ საერთო კრების გადაწყვეტილება უუნაროდ უნდა ჩაითვალოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 18 იანვრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს „გ-ის“ დირექტორმა ბ. კ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებულილ გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და იგი მიღებულია საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების „ე“ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, კასატორის აზრით, კრების მოწვევის პროცედურა არ იყო დარღვეული. რა მიზანსაც ემსახურებოდა კრების მოწვევა, ყველა აქციონერისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული იურიდიული შედეგები კრების მოწვევის გამოცხადებით იქნა მიღწეული. საინიციატივო ჯგუფში, რომელმაც გაზეთში 2003წ. 27 ოქტომბერს, სს „გ-ის“ საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, შედიოდა დირექტორი გ. ფ-ი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი არ იყო კრების მოწვევის წინააღმდეგი, ანუ აღნიშნული განცხადება დირექტორის მიერაც იყო გამოქვეყნებული. რ. ც-ემ 27 ოქტომბერს ფ-ი დირექტორობიდან გაათავისუფლა, რათა მისი თავმჯდომარეობით ჩატარებული კრება უკანონო ყოფილიყო. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასაბა მისცა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54.2-ე მუხლს. სასამართლოს უნდა ჩაეთვალა კრება უფლებამოსილი პირის მიერ გამოქვეყნებულად, როდესაც სასამართლო მსჯელობს 2003წ. 27 ოქტომბრის კრების მოწვევის კანონიერებაზე, სასამართლო გასცდა აპელანტის მოთხოვნას, რომელიც მოითხოვდა 2003წ. 29 ოქტომბრის კრების შედეგების გაუქმებას და არა 2003წ. 27 ოქტომბრისა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე წერილობით გაფრთხილებული იყო კრების მოწვევასთან დაკავშირებით და მას გაფრთხილება რომ ჩაბარდა, აღნიშნულს ადასტურებს საკანცელარიო ჟურნალში რ. ც-ის ხელმოწერები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს რ. ც-ის წარმომადგენელმა ც. ც-მა, საკასაციო პალატას წარმოუდგინა – სს „გ-ის“ დირექტორ ბ. კ-ის წერილი, რომლითაც კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე იმ საფუძვლით, რომ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა რ. ც-ე; სააქციო საზოგადოება შეუდგა ნორმალურ რიტმში ფუნქციონირებას; საერთო კრების შედეგები არცერთ აქციონერს არ გაუსაჩივრებია; აქედან გამომდინარე, სს “გ-ისათვის” საკასაციო საჩივრის განხილვას რაიმე იურიდიული მნიშვნელობა აღარ აქვს და შესაბამისად უარს აცხადებენ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
საკასაციო პალატა სს „გ-ის“ დირექტორ ბ. კ-ის წერილის განხილვის შედეგად თვლის, რომ სს „გ-ის“ დირექტორ ბ. კ-ის მოთხოვნა საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების ოდენობა განახევრდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ან მოპასუხემ ცნო სარჩელი.
ვინაიდან, სს „გ-ის“ დირექტორმა ბ. კ-ემ უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს და კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტით, 272-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „გ-ის“ დირექტორ ბ. კ-ის მოთხოვნა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს.
შეწყდეს საკასაციო საქმის წარმოება ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 იანვრის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე.
სს „გ-ის“ დირექტორ ბ. კ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი – 15 ლარი საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 30003114-დან (ანგარიშის ¹200122900 საქართველოს ბანკი; ბანკის კოდი _ 220101107).
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.