Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-35-438-05 29 მარტი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა, ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ., თ. და ჯ. ჯ-ებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მიუთითეს, რომ გურჯაანის რ-ნის სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ი. ჯ-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1991წ. 20 მაისს. მას დარჩა ოთხი მემკვიდრე, თ., ჯ., ბ. და თ. ჯ-ები. მითითებული პირები გურჯაანის სასამართლოს 1993წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით ბ. და თ. ჯ-ები ცნობილ იქნენ მამის დანაშთ სამკვიდროზე მემკვიდრეებად. ოთხივე მემკვიდრე სხვადასხვა მისამართზე განაგრძობდა ცხოვრებას. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ სასამართლოს გადაწყვეტილება წარადგინეს გურჯაანის რ-ნის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში, სადაც ოთხივე მემკვიდრე აღირიცხა საცხოვრებელი ბინის თანამესაკუთრედ. 1998წ. დასაწყისში მათთვის ცნობილი გახდა, რომ მათ სახლში შესახლდნენ ტ. და თ. მ-ები. აღმოჩნდა, რომ 1997წ. 1 აპრილს თ. ჯ-მა აღნიშნულ ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულება დაუდო ტ. მ-ს, რაც სანოტარო წესით იქნა დადასტურებული. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მითითებულ პირთა შორის გარიგება დადებულია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ბინას ყოველგვარი რეგისტრაციისა და უფლების გარეშე ფლობს ტ. მ-ის ბებია. აღნიშნულის გამო მოსარჩელეებმა მოითხოვეს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ტ. მ-ის რეგიტრაციის გაუქმება და მისი ბებიის _ თ. მ-ის გამოსახლება სადავო ბინიდან, ასევე, მიუღებული მოსავლისა და მიყენებული ზიანის _ 7000 ლარის ანაზღაურება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. და თ. ჯ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის 75-ე მუხლი და არ გამოიყენა სკ-ის 129-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ექვსი წელია.

სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალი სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთების მიმართ განსაზღვრულია სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ახალი წესი, კერძოდ, ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სარჩელის უარყოფა ამ საფუძვლით არასწორად ჩათვალა.

სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რაც ი. ჯ-ის სამკვიდროს არ შეადგენდა სადავო სახლი, რადგან მისმა ვაჟიშვილმა იგი თ. ჯ-ის ანდერძისმიერი მემკვიდრეობით მიიღო მისი დედისგან _ თ. ჯ-ისგან, ხოლო მოსარჩელეები თანამესაკუთრეებად აღირიცხნენ 2000 წლიდან. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 172-ე და 187-ე მუხლები. ამასთან, სასამართლომ არ იმსჯელა, რამდენად სწორად არიან ჩართული მხარეებად ნოტარიუსი და სოფ. მელაანის საკრებულო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე მიიჩნია ხანდაზმულად. სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნია კანონის დარღვევით მიღებულად იმ საფუძვლით, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულად, რადგან დავის საგანს წარმოადგენს უძრავი ნივთი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ მოსაზრებას და თვლის, რომ სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 129-ე მუხლების თანახმად, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებაში უნდა გავრცელდეს 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არსებითად არ იმსჯელა საქმის მასალების თაობაზე. რაიონულმა სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო და უნდა აღინიშნოს, რომ საქმე არსებითად ამ ინსტანციას არ განუხილავს. ამასთან, საერთოდ არ უმსჯელია ისეთ სასარჩელო მოთხოვნაზე, როგორიცაა ტ. მ-ის რეგისტრაციის გაუქმება სადავო საცხოვრებელ სახლში. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სსკ-ის 385-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია საქმე დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად. კასატორის მიერ მითითებული არგუმენტი იმის თაობაზე, რომ იგი კეთილსინდისიერი შემძენია და მხოლოდ უკანონო მფლობელობიდანაა შესაძლებელი ნივთის გამოთხოვა ანუ კასატორის არგუმენტი სკ-ის 172-ე და 187-ე მუხლების გამოყენების თაობაზე სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დროს, რაც პრაქტიკულად არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ მომხდარა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. მ-ი-ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.