Facebook Twitter

№ბს-377(კ-23) 11ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ჩ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; მესამე პირები - ქ. ტ-ე; ლ. ა-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 20 დეკემბერს ქ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ე. ა-ის 2019 წლის 26 დეკემბრის №91533 წერილის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის შეფასების სამსახურის მიერ 2019 წლის 24 ოქტომბრის შეფასების აქტის (იძულებითი აღსრულებისთვის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №26, ბინა №14, ს/კ ... შეფასების შესახებ) გაუთვალისწინებლობის და უძრავი ნივთის საბაზრო ფასების გათვალისწინებით გადაფასების დავალება, ასევე 2016 წლის 11 ოქტომბერს ნოტარიუს ე. შ-ის მიერ კრედიტორ ლ. ა-ის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცელზე დაწყებული №A17033082 სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის და კანონით დადგენილი წესით მოვალე ქ. ჩ-ასთვის გაფრთხილების (კრედიტორ ა. გ-ის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 30 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსრულების მოცულობის შესრულების შესახებ №A16110926 საქმეზე), გადაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ა. გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ლ. ა-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით ა. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ქ. ტ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ჩ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განჩინებით ქ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტზე დაყდნობით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. ჩ-ას, მის მიმართ მიმდინარე არცერთი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის კანონით დადგენილ ვადაში და წესით არ წარუდგენია უძრავი ნივთის შეფასების ალტერნატიული დასკვნა. იგი ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ითხოვდა მხოლოდ უძრავი ნივთის გადაფასებას, ალტერნატიული დასკვნის წარდგენის გარეშე, რის პასუხადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის 2019 წლის 12 დეკემბრის №88344 წერილით ეცნობა, რომ დასკვნა განხორციელებული იყო შეფასების საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და წარმოადგენდა ქონების საბაზრო ღირებულებას, მოცემული მდგომარეობის გათვალისწინებით, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ე. ა-ის 2019 წლის 26 დეკემბრის №91533 წერილით კი განემარტა, რომ შეფასების სამსახურის 2019 წლის 12 დეკემბრის №88344 წერილით მას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ქონების შეფასებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სააღსრულებო წარმოების ეტაპზე მოსარჩელე მხარეს არ გამოუყენებია მისთვის კანონით მინიჭებული შესაძლებლობა წარედგინა უძრავი ნივთის შეფასების ალტერნატიული დასკვნა და ედავა ნივთის ფასთან დაკავშირებით, სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე ინდივიდუალური აუდიტორის შეფასების ანგარიშის წარდგენა და უძრავი ნივთის შეფასებაზე მითითება სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ქ. ჩ-ას მოთხოვნა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის 2016 წლის 11 ოქტომბერს ნოტარიუს ე. შ-ის მიერ კრედიტორ ლ. ა-ის სასარგებლოდ გაცემული №ა7033082 სააღსრულებო ფურცელზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის დავალების შესახებ.

სააღსრულებო წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღმასრულებელი არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე განეახლებინა სააღსრულებო წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ქ. ჩ-ას მიმართ მიმდინარე ორივე სააღსრულებო წარმოება არაერთხელ იყო შეჩერებული როგორც კრედიტორების განცხადებების, ასევე, ვალდებულების განაწილვადების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანებების საფუძველზე, რომელთა პირობებსაც მოსარჩელე ყოველთვის არღვევდა. ამასთან, სააღსრულებო წარმოებები შეჩერებული იყო სასამართლოს განჩინების საფუძველზეც. ამდენად, არაერთი შეჩერების პირობებში, 2016 - 2017 წლებში დაწყებული სააღსრულებო წარმოებები ამ დრომდე არ იყო დასრულებული, ხოლო კრედიტორები დაკმაყოფილებული.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებების არსებობის პირობებში, არ არსებობდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევა, რაც სააღსრულებო წარმოებების დამატებით, კვლავ შეჩერების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

რაც შეეხება, სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გაფრთხილების ჩაბარების საკითხს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ცალსახად დადგენილად მიჩნეულ გარემოებაზე, რომ ქ. ჩ-ას ა. გ-ის სასარგებლოდ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში პირადად ჰქონდა ჩაბარებული აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ და ასევე ინფორმირება კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. მითითებული გაფრთხილება მოსარჩელემ თავად დაურთო 2019 წლის 09 დეკემბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის წარდგენილ განცხადებას.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მითითება გასაჩივრებული აქტების კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოცემასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ჩ-ას მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ 2015 წლის 22 ივლისს დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოვალე ქ. ჩ-ას რამდენიმე კრედიტორმა ასესხა თანხა, მათ შორის, მოპასუხე ა. გ-მა - 23 000 აშშ დოლარი, ლ. ა-ემ - 20 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა სამი თვის ვადით, კერძოდ, 2015 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით, თვეში 2% სასყიდლის გადახდის პირობით, თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი თანხის 0,12 %-ის დარიცხვით სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, სესხის უზრუნველყოფა განხორციელდა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვით.

2016 წლის 11 ოქტომბერს, ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი №ა16110926 კრედიტორ ა. გ-ის სასარგებლოდ, რომლის თანახმადაც, მოვალის ქ. ჩ-ას შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 23 000 აშშ დოლარით და ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 0,12 %-ის ოდენობით 2016 წლის 22 ივლისიდან.

2017 წლის 22 მარტს ნოტარიუსის მიერ კრედიტორ ლ. ა-ის სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი №ა17033082, რომლის თანახმად, მოვალის - ქ. ჩ-ას შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 20 000 აშშ დოლარით და 2015 წლის 23 ოქტომბრიდან 0,12% პირგასამტეხლოს დარიცხვით, ყოველდღიურად სესხის ძირითად თანხაზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის №2/17482-17 გადაწყვეტილებით, სასამართლომ ქ. ჩ-ას სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და ცვლილება შევიდა 2016 წლის 11 ოქტომბერს ნოტარიუს ე. შ-ის მიერ, კრედიტორ ა. გ-ის სასარგებლოდ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში იმდაგვარად, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული სესხის ძირითადი თანხა - 23 000 აშშ დოლარი შემცირდა 2 400 აშშ დოლარით და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მომენტისთვის სესხის ძირითადი თანხის დავალიანება განისაზღვრა 20 600 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელეს უარი ეთქვა სესხის ძირითადი თანხის დამატებით 8 700 აშშ დოლარის ოდენობით შემცირებაზე, ასევე პირგასამტეხლოს 300 აშშ დოლარის ოდენობამდე განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ნოტარიუსის მიერ, კრედიტორ ლ. ა-ის სასარგებლოდ 2017 წლის 22 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილება შევიდა იმდაგვარად, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,12%-ის ნაცვლად განისაზღვრა 0,06%-ის ოდენობით.

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2019 წლის 30 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი №2/17482-17 მხოლოდ ა. გ-ის სასარგებლოდ. სააღსრულებო წარმოების მასალები მოთხოვნის საფუძველზე ჩაბარდა 2019 წლის 6 დეკემბერს. საქმის წარმოების გაცნობის შემდეგ მათთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიმდინარეობს საქმის წარმოება ა. გ-ის სასარგებლოდ, რომელიც დაეყრდნო აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურის შემფასებლის თათია ჯობაძის მიერ, 2016 წლის 26 ნოემბერს შედგენილ შეფასების დასკვნას, რომლის თანახმადაც, მოვალე ქ. ჩ-ას საცხოვრებელი ბინა (ს/კ ...) შეფასდა 66 000 აშშ დოლარად, ბინა შეფასდა გარედან და არ მომხდარა მისი შიგნიდან დათვალიერება.

კასატორის მითითებით, უძრავი ქონების ფასი იზრდებოდა და ყოველწლიურად სხვადასხვა მაჩვენებლებით ხასიათდებოდა, მითუმეტეს, რომ შეფასებიდან გასული იყო სამი წელი. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, წერილობითი თხოვნით მიმართეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და მოითხოვეს სადავო უძრავი ნივთის გადაფასება.

კასატორის მითითებით, მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 2019 წლის 24 ოქტომბერს შემფასებელმა თათია ჯობავამ მოახდინა სადავო ნივთის ღირებულების გადაფასება და საბოლოოდ მისი ღირებულება განსაზღვრა 191 000 ლარით, მაშინ როდესაც მათ მიერ დამოუკიდებელ აუდიტორთან შეფასებული მდგომარეობის მიხედვით დადგინდა, რომ სადავო ბინის - მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. №26, ბინა №14-ის საბაზრო ფასია - 253 967 ლარი. განსხვავება შეადგენდა 62 967 ლარს და აღნიშნულით სახეზე იყო მოვალისადმი პირდაპირი და უშუალო ზიანი.

ამასთან, კასატორის მითითებით აღმასრულებელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბერს გაცემული №2/17482-17 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ა. გ-ის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოების გაგრძელების შემდეგ, მოვალეს ქ. ჩ-ასათვის შეცვლილი პირობების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია და ნებაყოფლობით აღსრულებისათვის დამატებითი ვადა არ მიუცია. ასევე აღმასრულებლის მიერ ლ. ა-ის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება ისე განახლდა და გაგრძელდა, რომ ლ. ა-ეს არ წარუდგენია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის №2/17482-17 გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ სააღსრულებო ფურცელი.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ აღმასრულებლების მოქმედების და სადავო ქონების არასწორი შეფასების შესახებ მან ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რასაც არ ეთანხმება კასატორი და მიიჩნევს, რომ სახეზე არის აღმასრულებელთა უკანონო ქმედება, რის გამოც არსებობდა მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 26 დეკემბრის №91533 წერილის ბათილად ცნობა, აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღმასრულებლისათვის, შეფასების სამსახურის მიერ 2019 წლის 24 ოქტომბერს გამოცემული შეფასების აქტის (იძულებითი აღსრულებისთვის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №26, ბინა №14, ს/კ ... შეფასების შესახებ), გაუთვალიწინებლობის და უძრავი ნივთის საბაზრო ფასების გათვალისწინებით გადაფასების დავალება, ასევე 2016 წლის 11 ოქტომბერს ნოტარიუს ე. შ-ის მიერ კრედიტორ ლ. ა-ის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცელზე დაწყებული №A17033082 სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის და კანონით დადგენილი წესით მოვალე ქ. ჩ-ასთვის გაფრთხილების (კრედიტორ ა. გ-ის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 30 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსრულების მოცულობის შესრულების შესახებ №A16110926 საქმეზე) გადაცემის დავალება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.

დადგენილია ის გარემოება, რომ მოვალე ქ. ჩ-ას მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოებების ფარგლებში, მისი კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №26, ბინა №14, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ შეფასებული იქნა სამჯერ, საბოლოოდ კი, 2019 წლის 24 ოქტომბრის №76901 (№01/14-0818) დასკვნის თანახმად, მითითებული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეადგინა 191 000 ლარი.

2019 წლის 9 დეკემბერს ქ. ჩ-ამ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და მოითხოვა სარეალიზაციო ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. (№26, ბინა (№14, ს/კ ... გადაფასება.

აღნიშნული განცხადების პასუხად, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებელმა 2019 წლის 12 დეკემბერს, №88344 წერილით მიმართა ქ. ჩ-ას და აცნობა, რომ 2016 წლის 16 ნოემბრის (A16110926-008/002) მომართვით მოთხოვნილი იყო ქ. ჩ-ას სახელზე რიცხული უძრავი ქონების შეფასება, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №26. 2016 წლის 18 ნოემბერს განხორციელდა ინსპექტირება, რომლის დროსაც აღნიშნულ ბინაში შესვლა, დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა. №0141-0019 დასკვნით, ქონება შეფასდა 170 000 ლარად, რაც წარმოადგენს მის საბაზრო ღირებულებას მოცემული თარიღისათვის. ამასთან, შემფასებელმა 2019 წლის 12 დეკემბრის №88344 წერილში მიუთითა, რომ 2019 წლის 10 ოქტომბერს მოთხოვნილი იქნა განმეორებითი შეფასება (A16110926-008/004), რის შემდეგაც 2019 წლის 23 ოქტომბერს მოხდა ხელახალი დაინსპექტირება, ხოლო მის მიერ 24 ოქტომბერს განხორციელდა ქონების გადაფასება (დასკვნა №0141-0818). საბაზრო ღირებულებამ მოცემული თარიღისათვის შეადგინა 191 000 ლარი. აღნიშნული დასკვნები განხორციელებულია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და წარმოადგენს მის საბაზრო ღირებულებას, მოცემული მდგომარეობების გათვალისწინებით.

ამასთან, 2019 წლის 16 დეკემბერს, ქ. ჩ-ამ საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და მათ შორის მოითხოვა შეფასების სამსახურის შემფასებლის თათია ჯობავას მიერ 2019 წლის 24 ოქტომბერს გამოცემული შეფასების აქტის გაუქმება იძულებითი აღსრულებისათვის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №26, ბინა №14, ს/კ ... გადაფასების შესახებ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ე. ა-ის 2019 წლის 26 დეკემბრის №91533 წერილით, ქონების შეფასების თაობაზე განმცხადებლის პრეტენზიასთან დაკავშირებით ქ. ჩ-ას ეცნობა, რომ შეფასების სამსახურის 2019 წლის 12 დეკემბრის №88344 წერილით მას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ქონების შეფასებასთან დაკავშირებით.

ზემოააღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ქ. ჩ-ას, მის მიმართ მიმდინარე არცერთი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, კანონით დადგენილ ვადაში და წესით არ წარუდგენია უძრავი ნივთის შეფასების ალტერნატიული დასკვნა. იგი ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ითხოვდა მხოლოდ უძრავი ნივთის გადაფასებას, ალტერნატიული დასკვნის წარდგენის გარეშე, რის პასუხადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის 2019 წლის 12 დეკემბრის №88344 წერილით ეცნობა, რომ დასკვნა განხორციელებული იყო შეფასების საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და წარმოადგენდა ქონების საბაზრო ღირებულებას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სააღსრულებო წარმოების ეტაპზე მოსარჩელე მხარეს არ გამოუყენებია მისთვის კანონით (კანონის 47-ე მუხლით) მინიჭებული შესაძლებლობა წარედგინა უძრავი ნივთის შეფასების ალტერნატიული დასკვნა და ედავა ნივთის ფასთან დაკავშირებით, სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე ინდივიდუალური აუდიტორის შეფასების ანგარიშის წარმოდგენა და უძრავი ნივთის შეფასებაზე აპელირება, სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა გაზიარებული.

ამასთან, რაც შეეხება სააღსრულებო წარმოების შეჩერება/შეწყვეტის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის“ 34-ე-36-ე მუხლებზე. კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ: ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ლ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი; ნ) კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი.

ამასთან, ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს: ა) კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას − სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე; დ) ამ კანონის 184 მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადებისას − საქმის წარმოების განახლებამდე; ე) ამ კანონის 183 მუხლით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების მხარის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით; ვ) ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორისათვის საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას − ამ ვადის ამოწურვამდე; ზ) განსაკუთრებულ შემთხვევაში − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება და ვერც კასატორი მიუთითებს იმ გარემოებებზე, რაც შეიძლება გამხდარიყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2016 წლის 11 ოქტომბერს ნოტარიუს ე. შ-ის მიერ კრედიტორ ლ. ა-ის სასარგებლოდ გაცემული №ა7033082 სააღსრულებო ფურცელზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველი. ამასთან, რაც შეეხება სააღსრულებო წარმოების შეჩერების საკითხს, დადგენილია ის გარემოება, რომ კრედიტორმა 2019 წლის 5 სექტემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე №2/17482-17), რომელშიც სასამართლომ პირდაპირ მიუთითა აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ამ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისა და ორივე სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით დაწყებული აღსრულების განახლება სააღსრულებო ფურცლებში ამ გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით. ამასთან, ქ. ჩ-ას მიმართ მიმდინარე ორივე სააღსრულებო წარმოება არაერთხელ იყო შეჩერებული როგორც კრედიტორების განცხადებების, ასევე, ვალდებულების განაწილვადების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანებების საფუძველზე. ამდენად, არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევა, რაც სააღსრულებო წარმოებების დამატებით, კვლავ შეჩერების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

ამასთან, რაც შეეხება ქ. ჩ-ას მოთხოვნას, აღმასრულებლისათვის კრედიტორ ა. გ-ის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 30 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსრულების მოცულობის შესრულების შესახებ გაფრთხილების (№A16110926 საქმეზე) ჩაბარების დავალების შესახებ, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქ. ჩ-ას ა. გ-ის სასარგებლოდ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადად აქვს ჩაბარებული აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ და ასევე ინფორმირება კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რაც შემდგომ მოსარჩელემ თავად დაურთო აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი მის 2019 წლის 9 დეკემბრის და 2019 წლის 16 დეკემბრის განცხადებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ც. მ-ეს (პ/ნ ...) ქ. ჩ-ას საკასაციო საჩივარზე 01.05.2023წ. №16931399558 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ც. მ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ქ. ჩ-ას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განჩინება;

3. ც. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ქ. ჩ-ას საკასაციო საჩივარზე 01.05.2023წ. №16931399558 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი