Facebook Twitter

№15471-13 30 აპრილი, 2013 წელი

ო-ი ა.- 15471-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ქ. ვ-ას

ადვოკატ - გ. ხ-ის

მსჯავრდებულ _ ა. ო-ის

თარჯიმან - ე. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ო-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის განაჩენით ა. ო-ი, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 2 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2 000 ლარი, ხოლო სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 27 მარტიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებული ა. ო-ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა პირობით, ვადაზე 27 დღით ადრე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ა. ო-ს გაუნახევრდა სსკ-ის 210-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 წლის, 6 თვის ვადით და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 2 წლის, 7 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს დანიშნული სასჯელის განახევრებასა და დარჩენილი ზომის მოხდილად ჩათვლას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ა. ო-ს უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული 4 წელი და უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი აქვს 1 წელი, 5 თვე და 4 დღე, ხოლო მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი - შეადგენს 6 თვესა და 26 დღეს.

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების თარიღის - 2012 წლის 30 აგვისტოს - გათვალისწინებით, ა. ო-ს დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს სრულად მოხდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ო-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ა. ო-ს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული 4 წელი და განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ო-ს ამ განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი ჩაეთვალოს მოხდილად.

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი