საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-421(2კ-22) 10 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო/სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი
მოწინააღმდეგე მხარე - ე. ვ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 22 ნოემბერს ე. ვ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობდა საქართველოში და ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა, ამასთან, მისი აწ უკვე გარდაცვლილი დედა - ნ. ვ-ე, იყო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ქ. ბათუმში, ...ის ქ. №10-ში არსებული №22 ბინა, 2004 წლის 3 ივნისს ჰქონდა პრივატიზებული და ... საკადასტრო კოდით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2009 წლიდან ნ. ვ-ე საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში, ხოლო 2016 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა, რის შემდგომაც, მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს დედის ქონების მემკვიდრეობით მიღების თაობაზე, ხოლო სარატოვის ოლქის მარქსის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ ნ. ვ-ის სამკვიდრო ქონება, მათ შორის ზემოაღნიშნული ბინა, მოსარჩელეს უნდა მიეღო მემკვიდრეობით.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით, მან 2018 წლის 24 სექტემბერს ძმის დახმარებით, ქ. ბათუმში მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც მიიღო დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ სადავო ბინა არ ირიცხებოდა ნ. ვ-ის საკუთრებაში და რომ იგი გარდაცვალებამდე მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოში. მოსარჩელის განმარტებით, გარემოებების გამორკვევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ 2004 წლის 3 ივნისის №... პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით სადავო ბინა 2017 წლის 27 ნოემბრამდე ირიცხებოდა ნ. ვ-ის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლის 17 აპრილიდან ბინის მესაკუთრედ ფიქსირდება ქალაქ ბათუმის მერია, აღნიშნულის საფუძვლად კი მითითებულ იქნა 2004 წლის 1 ივნისს გაცემული №... სარეგისტრაციო მოწმობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ერთი მხრივ დასახელებული სარეგისტრაციო მოწმობა გაცემული იყო 2004 წლის 1 ივნისს, ნ. ვ-ის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებამდე, ხოლო მეორე მხრივ სწორედ იგი დაედო საფუძვლად 2004 წლის 3 ივნისს გაფორმებულ პრივატიზაციის ხელშეკრულებას, ამდენად ერთი და იმავე სარეგისტრაციო მოწმობით ნ. ვ-ესთან გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება, ხოლო მეორე მხრივ სადავო ბინა ბათუმის მერიის საკუთრებად აღირიცხა.
ამდენად, მოსარჩელემ სადავო ბინაზე, მდებარე ქ. ბათუმი ...ის ქ. №10 ბინა №22 ს/კ ..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისის 2004 წლის 3 ივნისის №... რეგისტრაციის ჩანაწერისა (რომლითაც სადავო ბინა ს/კ ... საკუთრების აღრიცხულია სსიპ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში) და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხის დაკისრება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ე. ვ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე: ქ. ბათუმი, ...ის ქ. №10 ბინა №22 (ს/კ ...) გასხვისება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ამორიცხულ იქნა მოპასუხე პირთა სიიდან და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ვ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება ე. ვ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2004 წლის 3 ივნისის რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი №..., განაცხადის რეგისტრაციის №..., რომლითაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში აღირიცხა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №10-ში მდებარე ბინა №22, ს/კ .... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილობაზე უარის თქმის ნაწილში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისს დაეკისრა ე. ვ-ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურების სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, ბინის ორდერით დასტურდებოდა, რომ ნ. ვ-ე იყო ბათუმში, ...ის ქუჩაზე სახლი №3ა, ბინა №22-ის დამქირავებელი და ამ ბინით მოსარგებლე. ამდენად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების შესაბამისად მან მოიპოვა უფლება მიემართა უფლებამოსილი ორგანოსათვის ბინის პრივატიზების მოთხოვნით, რაც განახორციელა კიდეც. ხოლო 2004 წლის 1 ივნისის ტექ. სამსახურის მიერ გაცემული №... სარეგისტრაციო მოწმობით დადგენილ იქნა, რომ საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №10-ის, ბინა №22-ში, შემდგარი ლიტ. „ა“, ქვის 12 სართული, 107 ოთახი სასარგებლო ფართი 4381.67კვ.მ., საცხ. ფართით - 2606.3 კვ.მ. განლაგებული 525 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ქალაქის მერიაზე (1/91 ნაწილი) და შეტანილი იყო რეესტრში №....
სააპელაციო სასამართლომ 2004 წლის 4 ივნისის კერძო საკუთრებაში არსებული ბინების, საცხოვრებელი სახლის და არასაცხოვრებელი ფართის ტექნიკური პასპორტით დადგენილად მიიჩნია, რომ ...ის ქუჩის №10, ბინა №22-ის მესაკუთრე იყო ნ. ვ-ე (წილი 1/91). ამასთან, განსაკუთრებულ აღნიშვნაში მითითებულ იქნა საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება 2004 წლის 3 ივნისის №.... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ნოემბრის TT... ცნობა-დახასიათების თანახმად კი, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №10, ბინა №22-ში მდებარე ბინის, საერთო ფართით - 48.12 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი - 32.00 კვ.მ., დამხმარე ფართი - 16.12 კვ.მ, მესაკუთრე იყო - ნ. ვ-ე, 2004 წლის 3 ივნისის №... პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბინის უსასყიდლოდ გადაცემისთვის საჭირო იყო, რომ ბინა ჯერ რეგისტრირებული ყოფილიყო ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სახელზე, რათა შემდეგ მომხდარიყო ბინის დამქირავებელზე გადაცემა. სწორედ ამ მიზნით მოხდა 2004 წლის 3 ივნისს სადაო ბინის ჯერ ქალაქის მერიის სახელზე რეგისტრაცია, რათა შემდეგ მომხდარიყო ბინის დამქირავებელ ნ. ვ-ეზე გადაცემა, რაც იმავე დღეს, საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის №... ხელშეკრულებით განხორციელდა კიდეც. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო ადმინისტრაციული აქტით ფაქტობრივად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოხდა საკუთრების უფლებაში ჩარევა, ვინაიდან სადავო ბინა კერძო პირის საკუთრება იყო და იგი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრება გახდა, იკვეთებოდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში ქ. ბათუმში, ...ის ქ. №10-ში მდებარე №22 ბინა, აღრიცხვის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2004 წლის 3 ივნისის რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის გაუქმების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ იმსჯელა, რამდენად შეუძლია მოსარჩელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ პირობებში, როდესაც არ არის წარმოდგენილი სათანადო წესით შედგენილი სამკვიდრო მოწმობა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის მარქსის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილ იქნა ე. ვ-ის მიერ ნ. ვ-ის დარჩენილი სამკვიდროს მიღების ფაქტი, თუმცა წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო საქართველოში შედგენილი სამკვიდრო მოწმობა. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ შეუფასებია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე მხარეს ისე შეუქმნა გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმური მოლოდინი, რომ არ უმსჯელია, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო უძრავ ნივთზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, იმ პირობებში, როდესაც ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ დააბრკოლებდა ფიზიკური პირის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვას, შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში. კასატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაინტერესებულ პირს არ ჰქონდა წარდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი, სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტი.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ქალაქ ბათუმის მერიის სახელზე სადავო ქონების აღრიცხვა პირდაპირ და უშუალო ზიანს მიაყენებდა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, რეგისტრაციის გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს სამკვიდროს არსებობის ფაქტის დადგენა, მოსარჩელე მხარეს კი არ გააჩნია იურიდიული ინტერესი ბათუმის მუნიციპალიტეტის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმართ. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სარჩელისადმი იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო სადავო გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, ვინაიდან მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს რა იურიდიული ინტერესი გააჩნია სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისთვის რა სამართლებრივი შედეგი დადგება.
კასატორი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ ბათუმის მშრომელ დეპუტატთა საქალაქო საბჭოს მიერ 1977 წლის ივლისში გაცემული №002415 ორდერის თანახმად, ნ. ვ-ეს და მისი ოჯახის 2 წევრს, ქ. ბათუმში ...ის ქუჩაზე სარგებლობის უფლებით გადაეცა სადავო ბინა. ამასთან, ნ. ვ-ესთან გაფორმდა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, ამდენად ქ. ბათუმის მერიამ განახორციელა მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სადავო ბინაზე მდებარე ქ. ბათუმის ...ის ქ. №10 ბინა №22 (ს/კ ...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისის 2004 წლის 3 ივნისის №... რეგისტრაციის ჩანაწერისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება, ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხის დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით.
ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულ კონსტიტუციური დებულებით „აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-13). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები თავის მხრივ განსაზღვრავს, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაციას წარმოადგენს რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-61 და მე-62 პუნქტების თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ, ბათუმის საქალაქო აღმასკომის საბინაო ფონდის აღრიცხვის განაწილებისა და გაცვლის განყოფილების უფროსის მიერ გაცემულ 1977 წლის 21 ივლისის №002415 ორდერზე, რომლის თანახმად ნ. ვ-ის ოჯახმა, რომელიც შედგება 3 ადამიანისგან, ...ის ქუჩაზე, დაკავების უფლებით მიიღო 2 ოთახიანი ბინა, №22, ფართით: 31.17 კვ.მ, სახლი: №3ა, სართული: 6. ქ. ბათუმის მე-4 მიკრორაიონის გამგებელ ა. გ-ის მიერ საბინაო პირობების შემოწმების შესახებ 2004 წელს გაცემული ცნობის თანახმად კი, მოქალაქე ნ. ვ-ე, მცხოვრები ...ის ქუჩის №10 სახლის, ბინა №22-ში, რომელიც ეკუთვნის №4 მიკრორაიონის გამგეობას, ჩაწერილია ქ. ბათუმში 1986 წლის 15 იანვრიდან და მის მიერ დაკავებულია 12 სართულიანი ბინის მე-6 სართულზე მდებარე ბინა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, 2004 წლის 3 ივნისის საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის №... ხელშეკრულებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ №4 მიკრორაიონის გამგებლის რწმუნებულმა ო. ს-ემ პირად საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა, ხოლო ნ. ვ-ემ მიიღო ზემოაღნიშნული გამგეობის (ქ. ბათუმის მერიის) კუთვნილი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, ...ის ქუჩა №10, ბინა №22. ხოლო, 2004 წლის 4 ივნისის კერძო საკუთრებაში არსებული ბინების, საცხოვრებელი სახლის და არასაცხოვრებელი ფართის ტექნიკური პასპორტით დადგენილია, რომ ...ის ქუჩის №10, ბინა №22 მესაკუთრეს წარმოადგენდა ნ. ვ-ე, განსაკუთრებულ აღნიშვნაში მითითებულია 2004 წლის 3 ივნისის საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება №.... დამატებით აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 27 ნოემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით განსაზღვრულია, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №10-ის №22 ბინის, ფართით 48.12 კვ.მ., ს/კ-ით ... მესაკუთრეს წარმოადგენდა ნ. ვ-ე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია 2004 წლის 3 ივნისის №... პრივატიზაციის ხელშეკრულება.
2018 წლის 12 ივლისს გაცემული №77187002943 გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ 1938 წლის 22 აპრილს დაბადებული ნ. ვ-ე, 2016 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა. ამასთან, რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის მარქსის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილია ე. ვ-ის მიერ ნ. ვ-ის დარჩენილი სამკვიდროს მიღების ფაქტი. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა ე. ვ-ის წარმომადგენლის ე. ვ-ის №... ადმინისტრაციული საჩივარი ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა, მას უარი ეთქვა №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადი იყო.
რაც შეეხება სადავო ბინაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ გარემოებებს, 2004 წლის 1 ივნისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული №... სარეგისტრაციო მოწმობით დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №10-ის, ბინა №22-ში, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ. ბათუმის მერიაზე (1/91 ნაწილი) და შეტანილია რეესტრში №.... გარდა ამისა, ქ. ბათუმის მერიის საინვენტარიზაციო სამსახურის მიერ 2004 წლის 1 ივნისს გაცემული №... ცნობა-დახასიათებით, რომელიც გაცემულ იქნა სანოტარო კანტორაში წარსადგენად ნ. ვ-ესთან პრივატიზაციისთვის, ირკვევა, რომ ბათუმში, ...ის ქუჩის №10, ბინა №22 რეგისტრირებულია ქალაქის მერიის სახელზე, 1/91 წილობრივი მონაწილეობით, ხოლო საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სარეგისტრაციო მოწმობა №....
ასევე დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მერიამ 2004 წლის 3 ივნისს №... განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მთავარ რეგისტრატორს და მოითხოვა 2004 წლის 1 ივნისის №... სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე ...ის ქუჩის №10, ბინა №22-ის ბათუმის მერიის საკუთრებაში დარეგისტრირება. 2004 წლის 3 ივნისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ბინის/არასაცხოვრებელი ფართის შესახებ (განცხადების რეგისტრაციის №...) კი ირკვევა, რომ სარეგისტრაციო ზონა - ქ. ბათუმი -05, სექტორი-...-..., კვარტლის №..., ნაკვეთის №..., ფართობი - 421.5 კვ.მ. (დაუზუსტებელი), მის - ...ის №10, ბინის №22, წილობრივი მონაცემები - 4381.67 კვ.მ.-დან (1/91), მესაკუთრედ რეგისტრირებულია - ქ. ბათუმის მერია, ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2004 წლის 1 ივნისის №... სარეგისტრაციო მოწმობა. გარდა ამისა, 2016 წლის 5 თებერვალს და 2018 წლის 16 ნოემბერს მომზადებული ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №10-ის (თანასაკუთრება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართით - 883.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა №...) №22 ბინის, წილი 1.00/91.00, ს/კ-ით ... - მესაკუთრედ რეგისტრირებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია - ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 1 ივნისის №... სარეგისტრაციო მოწმობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებაზე, რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ბინის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის დაჩქარების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მოქალაქეთათვის საკუთრებაში გადაცემის, საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობისათვის მოქალაქეთა დაინტერესების გაზრდის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს, რომ საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად კი, საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა). ხოლო დასახელებული დადგენილების მე-6 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ფორმდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სახელით საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და მოქალაქეს შორის, რომელსაც ბინა უნდა გადაეცეს საკუთრებაში, ხოლო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემისას ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობას, რომ ბინის უსასყიდლოდ გადაცემისთვის საჭირო იყო, რომ ბინა ჯერ რეგისტრირებული ყოფილიყო ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სახელზე, რათა შემდეგ მომხდარიყო ბინის დამქირავებელზე გადაცემა. სწორედ ამ მიზნით მოხდა 2004 წლის 3 ივნისს სადავო ბინის ჯერ ქალაქის მერიის სახელზე რეგისტრაცია, რათა შემდეგ მომხდარიყო ბინის დამქირავებელ ნ. ვ-ეზე გადაცემა, რაც 2004 წლის 3 ივნისის საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის №... ხელშეკრულებით განხორციელდა კიდეც. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად სადავო ქონებაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრირების ფაქტისა, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქონების მესაკუთრე იყო ნ. ვ-ე, ამდენად მისი შესაბამისი საფუძვლის გარეშე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენდა უკანონო ჩარევას ფიზიკური პირის საკუთრების უფლებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით მართებულად გაუქმდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2004 წლის 3 ივნისის რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერი.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითებას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, სარჩელისადმი იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო. აღსანიშნავია, რომ იმ პირობებშიც კი, როდესაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა აღნიშნული არ გამორიცხავს მოსარჩელის ინტერესს, რომ მისი გარდაცვლილი დედის საკუთრებაში არსებული ქონების მიმართ, რომელიც სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის პირობებში შესაძლოა მემკვიდრეობის გზით, მის საკუთრებად იქცეს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული რეგისტრაციის ჩანაწერები არ იყოს კოლიზიური და არ აფერხებდეს მისი სათანადოდ განკარგვის, მათ შორის რეალიზაციის, შესაძლებლობას. აღნიშნული პროცესის სათანადო წესით წარმართვა კი, სწორედ რეესტრში დაცული ჩანაწერების ნამდვილობასა და სისწორეზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების კანონიერებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კანონის 20-ე მუხლში მითითებული სამართლებრივი დანაწესის გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აქვს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, განიხილოს ადმინისტრაციული საჩივარი. შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო, საქმეში არსებული ადვოკატის მომსახურების სანაცვლოდ გაწეული ხარჯის, საქმის სირთულისა და მნიშვნელობის მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს/სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს მართებულად დააკისრა ე. ვ-ის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების მიზნით გაწეული ხარჯის ნაწილის - 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 03.06.2022წ. №35248 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს/სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.06.2022წ. №35248 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე