Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-427(კს-23) 10 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „...ო“

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეროვნული ბანკი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2017 წლის 6 ივლისს შპს „...ომ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეროვნულ ბანკისათვის შპს „...ოს“ (ს/ნ ...) სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 12 688 965 (თორმეტი მილიონ ექვსას ოთხმოცდარვა ათას ცხრაას სამოცდახუთი) ლარის, ასევე, 1 837 761 (ერთი მილიონ რვაას ოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას სამოცდაერთი) ევროსა და 23 761 849 (ოცდასამი მილიონ შვიდას სამოცდაერთი ათას რვაას ორმოცდაცხრა) აშშ დოლარის ანაზღაურების დავალება.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის - ო. ნ-ას ... წლის ... ...ის №... განკარგულებით შპს „...ო“ აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად. ხოლო ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის - ა. მ-ის ... წლის ... ...ის №...-ს განკარგულებით კომპანიას, საიდენტიფიკაციო კოდის მითითების გარეშე, აეკრძალა სახსრების მოზიდვა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის სარეკლამო კამპანიის წარმოება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა განზრახ არ მიუთითა სუბიექტის საიდენტიფიკაციო კოდი და გამსესხებელ ფიზიკურ პირებს კომპანიის იდენტიფიცირების გარეშე მიეწოდა ინფორმაცია, კომპანიის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია საწარმოს გაკოტრება და მიადგა ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამასთან, მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მხრიდან კლიენტებისათვის ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველი არ გამხდარა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. კომპანიის ფინანსური მდგომარეობა აშკარად მიუთითებდა თანხების დაბრუნების შეუძლებლობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2019 წლის 3 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2020 წლის 27 იანვარს შპს „...ომ“ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, კერძოდ, კომპანიამ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის ის გადაწყვეტილება, რომელზედაც გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით შპს „...ოს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა შპს „...ოს“ დირექტორს - თ. ლ-ეს №... დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და აღნიშნული გადაწყვეტილება 2019 წლის 18 ოქტომბერს პირადად ჩაბარდა მასვე, რაც დასტურდება №... დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 24 ოქტომბერს წარდგენილი ხელწერილით (ტომი 2, გვ. 110). სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა ი. პ-მა 2020 წლის 9 იანვარს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საბოლოო გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით. აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი მას ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა 2020 წლის 13 იანვარს (ტომი 2, გვ. 122), ხოლო სააპელაციო საჩივარი მოსარჩელის წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა 2020 წლის 27 იანვარს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენა შეეძლო 2019 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიაში რეგისტრირებულია 2020 წლის 27 იანვარს (ტომი 2, გვ. 123-149), გასაჩივრებისათვის დაწესებული 14 დღიანი ვადის დარღვევით.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 თებერვლის განჩინება 2020 წლის 27 თებერვალს ჩაბარდა კომპანიის დირექტორს - თ. ლ-ეს №... დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2020 წლის 20 მაისს ადმინისტრაციული საქმე, განხილვის შემდეგ, დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

2023 წლის 30 იანვარს შპს „...ომ“ (საჩივარზე ხელმომწერი პირი - მ. ფ-ე) სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. აპელანტმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის თავიდან განხილვა მოითხოვა. ამასთან, მხარემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გაგრძელების თაობაზე. მხარის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება არ გაუგზავნა საქმეში მინდობილობის მქონე ორ წარმომადგენელს - მ. ნ-ეს და ი. პ-ს, რის გამოც მათ დროულად ვერ გაასაჩივრეს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინებით შპს „...ოს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით შპს „...ოს“ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად ვადა გაუგრძელდა 7 დღით, აღნიშნული განჩინება შპს-ს დირექტორს - ვ. ფ-ეს ჩაბარდა 2023 წლის 4 მარტს (ტ. 3, გვ. 27), ხოლო სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერ პირს - მ. ფ-ეს - 2023 წლის 2 მარტს (ტ. 3, გვ. 32). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 4 მარტს და დასრულდა 2023 წლის 13 მარტს (ორშაბათი). აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ავტორს არ შეუვსია ხარვეზი, კერძოდ, უნდა წარმოედგინა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებაში დეტალურად იქნა მითითებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილების საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა როგორც ვ. ფ-ეს, ასევე, მ. ფ-ეს. მიუხედავად ამისა, მათ ვერ შეძლეს ხარვეზის შევსება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ჩაბარდა როგორც კომპანიის დირექტორს - ვ. ფ-ეს (ტ. 3, გვ. 56) პირადად, ისე სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერ პირს - მ. ფ-ეს (ტ. 3, გვ. 58) სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...ომ“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ოს“ მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. ამრიგად, სასამართლოს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ პროცესის მხარეს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ გზავნილები მხარის წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუგზავნოს, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით შედგენილი დოკუმენტი სასამართლოში წარდგენილია.

მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს - შპს „...ოს“ დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის სასამართლოში წარმოდგენა; ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ საჩივარზე ხელმომწერი პირი უნდა იყოს გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და უნდა იძებნებოდეს ლიცენზირებულ ადვოკატთა შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომ სიაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი ორგანიზაციის თანამშრომელია.

აღსანიშნავია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ზემოაღნიშნული განჩინება შპს „...ოს“ სამჯერ გაეგზავნა კერძო საჩივარში მითითებულ და შპს-ს დირექტორის მიერ დასახელებულ მისამართზე, თუმცა გზავნილის მხარისათვის არაერთხელ გაგზავნისა, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების შპს „...ოსთვის“ ჩაბარება ვერ მოხერხდა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განჩინება ასევე გაეგზავნა კერძო საჩივარზე ხელმომწერ პირს - მ. ფ-ეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, რომელსაც განჩინება ჩაბარდა 2023 წლის 1 აგვისტოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, ვინაიდან როგორც შპს „...ოსთვის“, ისე მისი დირექტორისათვის (ვ. ფ-ე) ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება, სასამართლოს არაერთი მცდელობისა, შეუძლებელი გახდა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს საჯარო შეტყობინების გავრცელების გზით უნდა სცნობოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინების შესახებ. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

მოცემულ შემთხვევაში, საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინება საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდზე (www.ecd.court.ge) გამოქვეყნდა 2023 წლის 18 სექტემბერს (გასაჯაროების პერიოდი - 7 დღე). შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2023 წლის 19 სექტემბერს დაიწყო და 2023 წლის 25 სექტემბერს (ოთხშაბათი) ამოიწურა.

კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა და საკასაციო სასამართლოსათვის არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს როგორც შპს „...ოს“ დირექტორს - ვ. ფ-ეს, ისე კერძო საჩივარზე ხელმომწერ პირს - მ. ფ-ეს, რაც წარმოდგენილი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ - საპროცესო მოვალეობებიც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შპს „...ოს“ კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „...ოს“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე