№1555-13 30 აპრილი, 2013 წელი
შ-ა გ.- 15551-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ქ-ის
მსჯავრდებულ _ გ. შ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. შ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განაჩენით გ. შ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ბრალდების ორი ეპიზოდი) – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა - 2 000 ლარი; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე ჯარიმა - 2 000 ლარი და 3 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით გ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 192-ე მუხლის 1–ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარი; წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდა და ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს დაემატა წინა სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, რის გამოც მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარი; გ. შ-ას სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 26 მარტიდან.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2012 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. შ-ა გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პირობით, ვადაზე 6 თვითა და 26 დღით ადრე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. შ-ა გათავისუფლდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან და აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბოლო განაჩენით დანიშნულ 2 წლით პირობით მსჯავრში სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციული წილი შეადგენს 1 წელს, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა შემცირებულიყო მხოლოდ ერთი მეოთხედით, რადგან გ. შ-ა ადრე ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის. რეალურ სასჯელში სსკ-ის 192-ე მუხლით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - ერთი მეოთხედით შემცირების შედეგად - შეადგენს 9 თვეს, რაც მსჯავრდებულს მოხდილი აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს სწორად შეუმცირდა პირობითი მსჯავრი, რის შედეგადაც ასევე სწორად განესაზღვრა მისი საბოლოო ზომა და გამოსაცდელი ვადა. ამდენად, გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. შ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება გ. შ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი