Facebook Twitter

№15561-13 30 აპრილი, 2013 წელი

ბ-ე ბ., 15561-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ვ. ა-ის

მსჯავრდებულ _ ბ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ბ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 ივნისის განაჩენით ბ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2012 წლის 17 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით.

2013 წლის 25 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიურომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ბ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ბ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით პირობითი მსჯავრი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. ბ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ბ. ბ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისგან შემდეგ გარემოებათა გამო: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლში მთითებულია, რომ არ თავისუფლდება დანიშნული სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა - მათ შორის საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დათქმას საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე კანონმდებლი აკეთებს იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი სხვა მძიმე შედეგთან ერთად ითვალისწინებს ადამიანის სიცოცხლის მოსპობასაც. საკასაციო პალატა კი მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბ. ბ-ის ქმედებას არ მოჰყოლია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და, ამავდროულად, მის მიერ ჩადენილი დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-18, მე-20, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ბ. ბ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისგან.

მსჯავრდებულ ბ. ბ-ისთვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე