№1561-13 30 აპრილი, 2013 წელი
მ-ი ვ.- 15611-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თ. ჭ-ის
მსჯავრდებულ _ ვ. მ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილის განაჩენით ვ. მ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 12 000 ლარი და 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ამავე სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ვ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი (გარდა ჯარიმისა) და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 5 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე თანახმაა, ვ. მ-ის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს პირობითი მსჯავრისაგან გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირი, რომლის გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, უნდა გათავისუფლდეს სასჯელისაგან, თუ ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამაზე თანხმობას განაცხადებს.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. დ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ თანახმაა, ვ. მ-ის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ აღნიშნული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/ აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. მ-ი უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან (გარდა ჯარიმისა) და მას უნდა აღუდგეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
მსჯავრდებული ვ. მ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან (გარდა დამატებით სასჯელად განსაზღვრული ჯარიმისა);
ვ. მ-ს აღუდგეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი