Facebook Twitter

№15771-13 8 აპრილი, 2013 წელი

ლ-ი ზ, 15771-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - თ. ჭ-ს

მსჯავრდებულ - ზ. ლ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ლ-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს განაჩენით:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

ზ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 5000 ლარი, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 5000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მან დანიშნული სასჯელიდან 15 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, დარჩენილი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ზ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 23 ივნისიდან.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ლ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ლ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული ზ. ლ-ი სრულად გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

მსჯავრდებულ ზ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით და სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 23 ივნისიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ლ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262-ე მუხლით.

ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება; მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევაზე.

ამდენად, მსჯავრდებული ზ. ლ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით პროპორციული წილის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

მსჯავრდებულ ზ. ლ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით პროპორციული წილის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 6 წელსა და 9 თვეს.

საბოლოოდ მსჯავრდებულ ზ. ლ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი და 23 დღე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი, 8 თვე და 7 დღე უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ლ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ზ. ლ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით პროპორციული წილის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით პროპორციული წილის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 6 წელსა და 9 თვეს.

საბოლოოდ მსჯავრდებულ ზ. ლ-ს მოსახდელად განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი და 23 დღე მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი, 8 თვე და 7 დღე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2008 წლის 23 ივნისიდან.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი