Facebook Twitter

№26აპ-12 25 აპრილი, 2013 წელი

ხ-ი ა.- 26აპ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 31 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 აგვისტოს განაჩენით ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 192–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

სსკ–ის 192–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით; სსკ–ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 6 თვით; სსკ–ის 59–ე მუხლის 11 ნაწლის თანახმად, დანიშნულ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების გზით, ა. ხ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 50 000 ლარი.

ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავედ და მსჯავრი დაედოთ:

დ. გ-ს სსკ–ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 192–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 100 000 ლარი;

თ. გ-ეს საქართველოს სსკ–ის 192–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა –150 000 ლარი;

ნ. ა-ეს საქართველოს სსკ–ის 192–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 50 000 ლარი;

თ. გ-ს საქართველოს სსკ–ის 192–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა– 5000 ლარი;

ა. ხ-ს განაჩენით მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ე.ი. ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო ანდა დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მოძრაობის და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

აშშ–ში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციის „ ...-ის განვითარების საქველმოქმედო ფონდის“ წარმომადგენელმა მ. ბ-ამ განიზრახა ორგანიზებული ჯგუფის შექმნა და მისი საშუალებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ. ბ-ა დაუკავშირდა ი. ა-ს და შესთავაზა არაკომერციული იურიდიული პირების დაფუძნება, რომლებთანაც, მაკონტროლებელი ორგანოების ეჭვის თავიდან ასაცილებლად, მ. ბ-ა, როგორც „...-ის განვითარების საქველმოქმედო ფონდის“ წარმომადგენელი, გააფორმებდა ხელშეკრულებას აშშ–დან საქართველოში საქველმოქმედო დანიშნულებით სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო და პირველადი მოხმარების საქონლის ტრანსპორტირების თაობაზე, რომლის საქართველოს შიდა ბაზარზე რეალიზაციას უზრუნველყოფდნენ საქართველოს მოქალაქეები, ხოლო მიღებული შემოსავლის ნაწილს გადარიცხავდნენ მ. ბ-ას მიერ მითითებულ ანგარიშზე.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მ. ბ-ასთან შეთანხმებით, ი. ა-მა უზრუნველყო შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფის ჩამოყალიბება. ამ მიზნით დაუკავშირდნენ ა.ხ-ს და შესთავაზეს კომერციული იურიდიული პირის დარეგისტრირება.

ა. ხ-მა 2010 წლის 27 მაისს რეგისტრაციაში გაატარა არაკომერციული იურიდიული პირი „მ-ი თ-ის გ-დ“, რომლის წესდების შესაბამისად, ორგანიზაცია დაფუძნებული იყო საქველმოქმედო მიზნებით. სულ მ. ბ-ასა და ი. ა-ის ხელმძღვანელობით ორგანიზებულ ჯგუფში გაერთიანდა ოცდახუთი კომერციული იურიდიული პირი: აიპ „ს-ო“ (ს.ნ ...); აიპ „დ...-ი (ს/ნ...); აიპ „დ-ა“ (ს/ნ ...); აიპ „ლ-ა“ (ს/ნ ...); აიპ „მ-ა“ (ს/ნ...); აიპ „ლ-ს“ (ს/ნ ...); აიპ „ი-ი “ (ს/ნ ...); აიპ „ლ-ა“ (ს/ნ ...); აიპ „დ-ა “ (ს/ნ ...) აიპ „ს-ი“ (ს/ნ ...); აიპ „ს-ი 2 “(ს/ნ...); აიპ „ს-ი 21“ (ს/ნ ...); აიპ „ო-ა“ (ს/ნ ...); აიპ „შ-ი“ (ს/ნ ...); აიპ „ქ-ა“ (ს/ნ...); აიპ „კ-ი 2010“ (ს/ნ ...); აიპ ა-ი XXI“ (ს/ნ ...); აიპ „ი-ა 2009“(ს/ნ ...); აიპ „მ-ი თ-ის გ-ად“ (ს/ნ ...); აიპ „თ-ი“ (ს/ნ ...); აიპ „დ-ე“ (ს/ნ ...); აიპ „ა-ა“ (ს/ნ ...); აიპ „საქველმოქმედო ფონდი ...-ბი“ (ს/ნ ...); აიპ „ ... დახმარების საერთაშორისო ფონდი“ (ს/ნ ...). აღნიშნულმა სუბიექტებმა გააფორმეს ხელშეკრულებები „... განვითარების საქველმოქმედო ფონდთან“, რითაც შექმნეს თითქოსდა საქველმოქმედო მიზნებისათვის საქონლის საქართველოში იმპორტირების კანონიერი საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ორგანიზებულ ჯგუფში ჩართული არაკომერციული იურიდიული პირები არ წარმოადგენდნენ სამეწარმეო სუბიექტებს და უფლებამოსილნი იყვნენ, ეწარმოებინათ მხოლოდ დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო მიღებული მოგება უნდა მოხმარებოდა არასამეწარმეო იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას.

ა. ხ-ი დაუკავშირდა ხ. ხ-ს, დ. რ-ს სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებს და მოელაპარაკა მათ, საქველმოქმედო დანიშნულებით საქართველოში იმპორტირებული საქონლის ფარულ რეალიზაციაზე, რითაც შეინიღბებოდა არაკომერციული იურიდიული პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, ხოლო მიღებულ შემოსავალს გაინაწილებდნენ ურთიერთშორის, ნაწილს კი გადარიცხავდნენ მ. ბ-ას მითითებულ ანგარიშზე.

საერთო მიზნითა და ერთიანი განზრახვით, აიპ–სა „მ-ი თ-ის გ-ად“ და საქველმოქმედო ორგანიზაცია „... განვითარების ფონდს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აშშ–დან საქველმოქმედო დანიშნულებით 2010–2011 წლებში სიმბოლურ ფასად იმპორტირებულ იქნა 241 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო და პირველადი მოხმარების საქონელი.

მაკონტროლებელი ორგანოების ეჭვის თავიდან ასაცილებლად და მიღებული საქონლის თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეში ფარულად გასაშვებად ა. ხ-მა შეადგინა საქონლის განაწილების ამსახველი ფიქტიური დოკუმენტები ჰუმანიტარული დანიშნულების საქონლის არაკომერციული ორგანიზაციებისთვის გადაცემის შესახებ. რეალურად, მიღებული საქონელი შესყიდვის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, ხ. ხ-ისა და დ.რ-ის დახმარებით, რეალიზებულ იქნა სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების სახელით.

საერთო მიზნებითა და ერთიანი განზრახვით მოქმედი ორგანიზებული ჯგუფის წევრი 25 ფონდის მიერ აშშ–დან, საქველმოქმედო დანიშნულებით, 2008–2011 წლებში სიმბოლოურ ფასად იმპორტირებულ იქნა საერთო ჯამში – 11 495 200 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო და პირველადი მოხმარების საქონელი. უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და არასაქველმოქმედო დანიშნულებით რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი – 2 259 244 აშშ დოლარი, (...)–თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადაირიცხა ფონდის ანგარიშზე, რითაც მ. ბ-ამ შექმნა ლეგალური საფუძველი მაკონტროლებელი ორგანოების ეჭვის თავიდან ასაცილებლად, ხოლო უკანონო შემოსავლის ნაწილი – 627 428 აშშ დოლარი, მ. ბ-ას მითითებით, გადაირიცხა ი. კ-ას პირად ანგარიშზე.

აღნიშნული ქმედებით საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელით შენიღბულად მოქმედმა ორგანიზებულმა ჯგუფმა, მ. ბ-ას ხელმძღვანელობით, განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

ა. ხ-ისა და ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირებისა და მათთან დაკავშირებული სუბიექტების მიერ განხორციელებულმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობამ, ასევე ფულის გათეთრებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა: საქველმოქმედო დანიშნულებით მიღებული საქონლის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევაში, სამეწარმეო დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის აღურიცხაობასა და იურიდიული პირის სტატუსით მოსარგებლე სუბიექტებისათვის კანონმდებლობით წარდგენილი შეღავათებით უკანონო სარგებლობასა და დანაშაულებრივი გზით მიღებული მატერიალური სახსრების ლეგალიზებაში.

მსჯავრდებულმა ა. ხ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. აპელანტს მიაჩნია, რომ განაჩენი უკანონოა და ითხოვდა მის გაუქმებას, შესაბამისად – გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ზემოხსენებული განაჩენი იმავე საფუძვლითა და მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე დანარჩენმა მსჯავრდებულებმა: ნ. ა-ემ, თ. გ-მა და დ. გ-მა. მსჯავრდებულმა თ. გ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის გზით დადგენილი სასჯელის შემცირება.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას, ბრალდებისა და დაცვის მხარის შეთანხმებით, გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულებს – დ. გ-სა და თ. გ-ეს შორის. ამავე სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმებები პროკურორსა და მსჯავრდებულებს – ნ. ა-სა და თ. გ-ს შორის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 31 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა წარმოადგინა შუამდგომლობა და მასალები მსჯავრდებულ ა. ხ-თან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ და ითხოვა განაჩენით მისი დამტკიცება.

შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა ა. ხ-მა და სასამართლო სხდომაში მონაწილე მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ბ-ემ.

სასამართლომ შეამოწმა საპროცესო შეთანხმების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21–ე თავით გათვალისწინებული პირობები და მიღებული განაჩენით დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ გ. გ-სა და მსჯავრდებულ ა. ხ-ს შორის, რომლის თანახმადაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 192–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

სსკ–ის 192–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ–ის 55–ე მუხლის შესაბამისად, – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით;

სსკ–ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ–ის 55–ე მუხლის შესაბამისად, – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ა. ხ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 1 დეკემბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამავე განაჩენით ყადაღა მოეხსნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ ა. ხ-ის კუთვნილ ავტომანქანას.

2013 წლის 11 იანვარს ა. ხ-მა საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის პროკურორისათვის დაბრუნება.

კასატორი საჩივარში აღნიშნავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში ის უდანაშაულოა; გამოძიებით ბრალდების მხარეს მის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ მოუპოვებია; სასამართლოს მტკიცებულებები არ გამოურკვევია; საპროცესო შეთანხმება მასთან დადებულია უკანონოდ; ის პატიმრობაში იმყოფებოდა გაუსაძლის და არაადამიანურ პირობებში, შესაბამისად, იძულებული გახდა, ბრმად დათანხმებულიყო შემოთავაზებულ პირობებზე და ხელი მოეწერა შეთანხმებაზე.

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა გ. გ-ემ საკასაციო საჩივრის შესაგებელში უარყო კასატორის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ა. ხ-თან საპროცესო შეთანხმების დადების დროს მისი უფლებების დარღვევების შესახებ და საჩივრის მოთხოვნა მიიჩნია დაუსაბუთებლად, შესაბამისად, ითხოვა საჩივარს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო, ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების საკითხი ამომწურავადაა მოწესრიგებული საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით და შესაძლებელია მხოლოდ აქ ჩამოთვლილ რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

საჩივარში კასატორი ვერ უთითებს რაიმე არსებით გარემოებაზე, რითაც მას შეეზღუდა უფლებები და რაც უჩვენებს, რომ საპროცესო შეთანხმება ბრალდების მხარესთან იძულებითი ხასიათის მატარებელი იყო.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გამოიკვლია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაკითხა მოწმეები, ბრალდებულები, გამოიკვლია წერილობითი მტკიცებულებები, ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ამსახველი მასალები, ა. ხ-ის ბრალდებასთან პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სასამართლო განაჩენები ც. ს-ის, ი. ა-ის და ზ. ს-ას მიმართ, შეაფასა ისინი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება ა. ხ-ის მსჯავრდების შესახებ.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კასატორის არგუმენტები იმის შესახებ, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა მტკიცებულებები და სასამართლოს არ შეუფასებია ისინი, საფუძველს მოკლებულია და პალატა მას ვერ გაიზიარებს.

ასევე გაზიარებული ვერ იქნება კასატორის არგუმენტები იმის შესახებ, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო მოქმედებდა ფორმალურად და არ დაინტერესებულა მსჯავრდებულის მხრიდან თანხმობის გაცხადების მიზეზებით, მაშინ, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის შესაბამისად, სასამართლომ ზედმიწევნით ამომწურავად განუმარტა მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21–ე თავით გათვალისწინებული მისი უფლებები და სასამართლოს ყველა კითხვაზე ა. ხ-ს, თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით, გაცემული აქვს დადებითი პასუხები საპროცესო შეთანხმების ბრალდების მხარესთან ნებაყოფლობით დადების შესახებ, რასაც ასევე ადასტურებს პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა და მასალები მსჯავრდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. კასატორის საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტები გამყარებული არ არის რაიმე სახის მტკიცებულებებით და მოთხოვნას დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობის გამო.

ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3, მე–16 და მე–18 მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. ხ-ს ¼–ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ–ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენით დადგენილი როგორც რეალური სასჯელი, ასევე პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადაც, ხოლო საქართველოს სსკ–ის 192–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენით დადგენილი სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301–ე მუხლით, 215–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3, მე–16, მე–18 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ხ-ის საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 31 დეკემბრის განაჩენის გაუქმებისა და საქმის პროკურორისათვის დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ამასთან, აღნიშნულ განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად, ა. ხ-ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 31 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 192–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის – 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან გათავისუფლდეს.

„ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლების თანახმად, ა. ხ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 31 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით – შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე და 64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 წელი.

სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 31 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი