ას-363-694-05 30 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 7 მარტს სს „თ.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ბ. მ.-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სს „თ.-სა“ და შპს „მ.-ს“ შორის 1996 წლიდან არსებობს საქმიანი ურთიერთობანი. მათ მიერ შემუშავებულ იქნა პროექტები, რომლის სარეალიზაციოდ 1996-1997 წლებში გაიცა 670000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების გარანტად ჩაიდო შპს „მ.-ის“ პარტნიორების უძრავ-მოძრავი ქონება და ყველა სახის აქტივები. აღნიშნული პროექტის განხორციელება ვერ შეძლო შპს „მ.-მ“, პრობლემები შეექმნა ბანკსაც. ორივე მხარემ საჭიროდ მიიჩნია ხელოვნური ღონისძიებების ჩატარება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც 1998წ. 31 მაისს ბუღალტერად მოხდა სესხის დაფარვა და იმავე დღეს შპს „მ.-ზე“, მის დამფუძნებლებსა და პარტნიორებზე გაიცა სესხი _ თითოეულზე _ 154000 აშშ დოლარი, სულ _ 1232000 აშშ დოლარი, ანუ მოხდა სესხებზე როგორც პროცენტების დარიცხვა, ასევე, მისი ფაქტობრივი პროლონგაცია და დაშლა რამოდენიმე მსესხებელზე. ბ. მ.-მ, ერთ-ერთმა მსესხებელთაგანმა, არ შეასრულა ვალდებულება და დღეისთვის მას ერიცხება 154000 აშშ დოლარი და დარიცხული პროცენტი _ 92400 აშშ დოლარი.
მოსარჩელის განმარტებით, შპს “მ.-სა” და ბანკს შორის 1998წ. 8 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, ანუ 1999წ. 8 დეკემბრამდე შეჩერებულ იქნა სესხებზე ხელშეკრულების მოქმედება, მაგრამ ვინაიდან ვერ მოხერხდა ინვესტიციების მოზიდვა, მხარეები დაუბრუნდნენ თავდაპირველ მდგომარეობას.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ბ.მ.-ისათვის 246400 აშშ დოლარის დაკისრება.
ბ.მ.-მა სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ აღიშნულ მოთხოვნასთან მიმართებაში გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით სს „თ.-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული სამოქალაქო საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ და, ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „თ.-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ 1998წ. 31 მაისს მოსარჩელესა და ბ.მ.-ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, საბანკო კრედიტის გაცემის და დაბრუნების წესი განისაზღვრა შემდეგნაირად: მოსარჩელემ ივალდებულა 154000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადაცემა, ხოლო მოპასუხეს კრედიტი უნდა დაებრუნებინა 1998წ. 31 მაისისათვის. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო განაკვეთი სესხით სარგებლობისათვის და პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ კრედიტის გაცემისა და დაფარვის გრაფიკის მიხედვით, კრედიტი 154000 აშშ დოლარის ოდენობით გაცემულია ბანკის მიერ. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესის თანახმად.
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა სკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისაგან რაიმე მოქმედების შესრულება, მაგრამ იმავე კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სკ-ის 129 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოცემულ შემთვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, სადავო ხელშკრულების გათვალისწინებული კრედიტის დაბრუნების ვადა შეჩერდა ექვსი თვით 1999წ. 8 ივნისს, რომელიც განახლდა 1999წ. 8 დეკემბერს.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს კრედიტის დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1999წ. 8 დეკემბრიდან. მოსარჩელემ კი სარჩელით მიმართა სასამართლოს 2003წ. 7 მარტს, ე.ი. მას გაშვებული აქვს ხანდაზმულობის ვადა.
სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ სს “თ.-ის” მოთხოვნაზე სარჩელები ბ. მ.-ისა და სხვა მოპასუხეების მიმართ წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა დროს 2000წ. 14 თებერვალს, 2000წ. 22 დეკემბერს, 2000წ. 25 თებერვალს, 2000წ. 15 იანვარს _ აქედან ორ სარჩელს უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე, ერთი დარჩა განუხილველი, ხოლო ერთი სარჩელი დარჩა უმოძრაოდ.
სკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელის განუხილველად იქნება დატოვებული. ამავე მუხლის მეორე ნაწუილის შესაბამისად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის ბოლო სარჩელი, რომელიც 2001წ. 18 აპრილს იქნა დატოვებული განუხლიველად, შეწყვეტდა ხანდაზმულობის დენას, მოსარჩელეს სარჩელი 18 ოქტომბრამდე რომ წარედგინა სასამართლოში, ამის განუხორციელობლობით საბოლოოდ ხანდაზმულად იქცა სს “თ.-ის” სარჩელი მოპასუხე ბ. მ.-ის მიმართ, რის გამოც კოლეგიამ მიიჩნია, რომ მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს კბ „თ.-ის“ ლიკვიდატორმა გ. გ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, კოლეგიამ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს აქვს გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგან სარჩელი მათ მიერ აღძრულ იქნა ჯერ კიდევ 2000წ. 14 თებერვალს, ასევე 2000წ. 25 თებერვალს, შემდეგ 20001წ. 10 იანვარს, რომლებიც ადსტურებენ მოსარჩელის რეაგირებას მოპასუხის წინააღმდეგ, რაც სკ-ის 139-ე, 140-ე და 141-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისა და ვადის თავიდან ათვლის საფუძველს.
კასატორმა აღნიშნა, რომ ბანკსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეჩერებული იყო შპს “მ.-სა” და სს “თ.-ს” შორის 1999წ. 8 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
გ.გ.-მა აღნიშნა, რომ ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უზრუნვალყოფილი იყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, ხოლო სკ-ის 129-ე მუხლის შესაბამისად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ვადა შეადგენს ექვს წელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ სს „თ.-ის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. კოლეგიამ მიიჩნია, რომ 1996წ. 12 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან და 1998წ. 31 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები ხანდაზმულია.
მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 დეკემბრისა და ამავე სასამართლოს 2004წ. 4 ნოემბრის განჩინებებით საქმის ხელახლა განმხილველ სასამართლოებს საკასაციო პალატამ მიუთითა რიგი გარემოებანი, რომლებიც სასამართლოს უნდა შეეფასებინა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დადგენის მიზნით. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ კოლეგიას არ შეუსრულებია საკასაციო პალატის მიერ სსკ-ის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის მოცემული მითითებები.
პალატის მითითებით, სასამართლოს უნდა შეეფასებინა შპს „მ.-სა“ და სს კბ „თ.-ს“ შორის არსებული 1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულება იმ თვალსაზრისით, რომ დადგენილიყო ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, მოხდა თუ არა „თ.-სა“ და ბ. მ.-ს შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულების განახლება.
როგორც კასატორი მიუთითებს, შპს „მ.-ს“ და სს „თ.-ს“ შორის 1999წ. 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით შეჩერდა ბანკსა და ბ.მ.-ს შორის არსებული ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ იგი დადებულია ბანკსა და შპს „მ.-ს“ შორის 1996წ. 12 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების დადებისას აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე არსებული შპს “მ.-ის” დავალიანება ბანკის მიმართ, სს “თ.-ის” განმარტებით, ფიქტიურად დაიფარა 1998 წელს, რეალურად კი სესხის თანხა დაიშალა რამდენიმე მსესხებელზე (შპს “მ.-ის” პარტნიორებზე) და მოხდა მათთან საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმება, მათ შორის, ბ.მ.-თან.
1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულებით კი შეჩერდა ბ.მ.-ს და ბანკს შორის არსებული გარიგება. აღნიშნული გარიგება დადებულია შპს „მ.-სა“ და სს „თ.-ს” შორის. ამდენად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, ხომ არ აიღო თავის თავზე შპს “მ.-მ” ამ ხელშეკრულებით ბ.მ.-ისა და სხვა ფიზიკური პირების საკრედიტო დავალიანების გადახდა.
სს „თ.-ს“ და შპს „მ.-ს“ შორის 1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულების დამატებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში პროექტი გადადიოდა შპს „მ.-ის“ საკუთრებაში და შესაბამისად, უნდა განახლებულიყო ფიზიკურ პირებთან დადებული ხელშეკრულებების მოქმედება. ამასთან, თვით მითითებული ფიზიკური პირები ამ ხელშეკრულებას განახლებულად არ მიიჩნევდნენ, რაც ირკვევა მათ მიერ შპს “მ.-ისადმი” გაგზავნილი წერილებიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველ კოლეგიას უნდა დაედგინა, გადავიდა თუ არა შპს „მ.-ის“ საკუთრებაში ზემოთ მითითებულ ხელშეკრულებაში ხსენებული პროექტი და, შესაბამისად, აღსდგა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებულ ფიზიკურ პირებსა და ბანკს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებები. აღნიშნული გარემოების დადგენის გარეშე შეუძლებელია სასამართლომ იმსჯელოს ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე სადავო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების მიმართ.
სსკ-ის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი, რომელი დაუდგენელი და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავს, თუ რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენამ შეიძლება განაპირობოს საქმეზე კანონის არასწორი გამოყენება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სასამართლოს.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს შპს “მ.-ს“ და „თ.-ს“ შორის დადებულ 1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულებას და შეფასების შედეგად დადგენილი გარემოებების საფუძველზე იმსჯელოს მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.
ამასთან, ვინაიდან სასამართლოს წარმოებაში არის სს “თ.-ის” სარჩელები დანარჩენი მოვალეების (შპს “მ.-ის” პარტნიორების) მიმართ და ყველა ეს საქმე ერთგვაროვანია, მიზანშეწონილია სასამართლომ იმსჯელოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ამ საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს კბ „თ.-ის“ ლიკვიდატორ გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის კოლეგიას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.