Facebook Twitter

ას-36-437-05 11 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. მ.-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ფონდ “ს.-ის” მიმართ, სადაც მიუთითა, რომ 1977 წლიდან მუშაობდა ფონდ “ს.-ში” დეკანის თანამდებობაზე. ბოლო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დადებული ჰქონდა 2001წ. 10 ოქტომბერს ერთი წლის ვადით. 2002წ. 12 აგვისტოს იგი (მ. მ.-ე) მივლინებულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ერთი წლის ვადით. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ ინსტიტუტეს რექტორმა გ.მ.-მა სიტყვიერად შესთავაზა სხვა თანამდებობა, რომელზეც მან უარი განაცხადა. რექტორმა განუმარტა, რომ განთავისუფლებული იყო თანამდებობიდან. სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ მას ბრძანება არ ჩაბარებია. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ვადიანი შრომითი ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და იგი ავტომატურად გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით. მ. მ.-ემ სარჩელით მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. მ.-ე აღდგენილ იქნა ფონდ “ს.-ში” დეკანის თანამდებობაზე. მოპასუხე მხარეს მ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის განთავისუფლების მომენტიდან, სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფონდმა “ს.-მ”.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფონდ “ს.-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 31 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. მ.-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ.-ემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საკასაციო პალატის სხდომაზე მ. მ.-ის საკასაციო საჩივრის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ, სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, ამიტომ მ. მ.-ისა და ფონდ “ს.-ის” რექტორ გ. მ.-ის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:

მოსარჩელე უარს ამბობს 2004წ. 31 დეკემბრის საკასაციო საჩივარზე და სარჩელზე სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, იმ პირობით თუ ინსტიტუტი გადაუხდის მას კომპენსაციას 6 თვის ხელფასის ოდენობით, ანუ 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში, (6000 დოლარში იგულისხმება ის თანხა, რაც მოსარჩელემ უშუალოდ ხელზე უნდა მიიღოს ინსტიტუტისაგან).

მოსარჩელე თანახმაა, ინსტიტუტმა გადახდა განახორციელოს შემდეგი გრაფიკის მიხედვით: კომპენსაციის 1-ლი ნაწილი – 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდილ იქნეს წინამდებარე მორიგების აქტის დადებისთანავე, 2005წ. 4 მაისს, ხოლო დარჩენილი 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში არაუგვიანეს 2005წ. მაისის ბოლომდე.

ინსტიტუტი თანახმაა, შეასრულოს ამ მორიგების აქტის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები, თუ მოსარჩელე უარს იტყვის მორიგების აქტის 1-ლ პუნქტში აღნიშნულ საკასაციო საჩივარსა და სარჩელზე.

ინსტიტუტი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, 2005წ. მაისის დასრულებამდე, ერთჯერადი გადახდით სრულად შეასრულოს ამ მორიგებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოსარჩელე ვალდებულია, მიიღოს ეს შესრულება.

მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, რომ არ გაასაჩივრებენ მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებას.

წინამდებარე მორიგების აქტის ძალაში შესვლით მოსარჩელე აცხადებს უარს Yყველა სახის პრეტენზიას ანდა მოთხოვნაზე მოპასუხის მიმართ, რაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამომდინარეობდეს მათ შორის არსებული შრომითი ურთიერთობებიდან.

მხარეების მიერ ამ მორიგებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ისინი თანახმა არიან განხორციელდეს სააღსრულებლო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა სასამართლო გადაწყვეტილება და, სსკ-ის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ.-ესა და ფონდ “ს.-ის” რექტორ გ. მ.-ს შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით :

პროცესის მონაწილე მხარეები : მოსარჩელე მ. მ.-ე, მოწინააღმდეგე მხარე – მოპასუხე ფონდ “ს.-ის” რექტორი გ. მ.-ი მორიგდნენ შემდეგზე :

მოსარჩელე უარს ამბობს 2004წ. 31 დეკემბრის საკასაციო საჩივარზე და სარჩელზე სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, იმ პირობით, თუ ინსტიტუტი გადაუხდის მას კომპენსაციას 6 თვის ხელფასის ოდენობით, ანუ 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარს (6000 დოლარში იგულისხმება ის თანხა, რაც მოსარჩელემ უშუალოდ ხელზე უნდა მიიღოს ინსტიტუტისაგან).

მოსარჩელე თანახმაა ინსტიტუტმა გადახდა განახორციელოს შემდეგი გრაფიკის მიხედვით : კომპენსაციის 1-ლი ნაწილი – 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადახდილ იქნეს წინამდებარე მორიგების აქტის დადებისთანავე 2005წ. 4 მაისს, ხოლო დარჩენილი 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი არაუგვიანეს 2005წ. მაისის ბოლომდე.

ინსტიტუტი თანახმაა, შეასრულოს ამ მორიგების აქტის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები, თუ მოსარჩელე უარს იტყვის მორიგების აქტის 1-ლ პუნქტში აღნიშნულ საკასაციო საჩივარსა და სარჩელზე.

ინსტიტუტი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, 2005წ. მაისის დასრულებამდე, ერთჯერადი გადახდით სრულად შეასრულოს ამ მორიგებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოსარჩელე ვალდებულია, მიიღოს ეს შესრულება.

მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, რომ არ გაასაჩივრებენ მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებას.

წინამდებარე მორიგების აქტის ძალაში შესვლით მოსარჩელე აცხადებს უარს Yყველა სახის პრეტენზიას ანდა მოთხოვნაზე მოპასუხის მიმართ, რაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამომდინარეობდეს მათ შორის არსებული შრომითი ურთიერთობებიდან.

მხარეების მიერ ამ მორიგებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ისინი თანახმა არიან განხორციელდეს სააღსრულებლო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა სასამართლო გადაწყვეტილება და, სსკ-ის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.