№ბს-583(3კ-23) 10 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 14 თებერვალს მ.ძ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 8 თებერვალს ქ. თბილისში, ...ის ქ. №2-2ა-ში უნებართვო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, მის მიმართ შედგა მითითება №001090. იმავე წლის 7 მარტს ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსარჩელის სახელზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის„ 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შედგა შემოწმების აქტი, რომელშიც მიეთითა რომ მითითება არ შესრულდა. 2016 წლის 5 ივლისს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებით მ.ძ-ი დაჯარიმდა 4000 ლარით. მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში ...ის ქ. №2-2ა-ში არანაირი სამუშაოები არ უწარმოებია, მხოლოდ შეცვალა ძველი გათბობის მილები, რადგან უვარგისი იყო და შეკეთებას აღარ ექვემდებარებოდა. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის 01.11.2012წ. ბრძანებით №383901 მოწონებულ იქნა მის მიერ წარდგენილი რეკონსტრუქციის პროექტი, რომლის საფუძველზეც დადგენილ ვადაში აწარმოა მშენებლობა. მოგვიანებით არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული 1.11.2012წ. ბრძანება ძალადაკარგულად იქნა ცნობილი. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად სასამართლო დავების მათ სასარგებლოდ გადაწყვეტისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ 8.02.2016წ. მის მიმართ მაინც შეადგინა მითითება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ძალადაკარგულადაა ცნობილი არქიტექტურის სამსახურიის 31.10.2012წ. №38901 ბრძანება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო მისამართზე მდებარე ქონება ინდივიდუალურ საკუთრებაში არ გააჩნია, არამედ თანამესაკუთრეა გ.ტ-ე, რომელიც ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული არ ყოფილა.
ამდენად, მ.ძ-მა მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 ივლისის №001090 დადგენილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 იანვრის №1-39 ბრძანების ბათილად ცნობა და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის №001090 წარმოების შეწყვეტა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ნოემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაერთო გ.ტ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მ.ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.ძ-მა და გ.ტ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებულ მისამართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები - შელესილია კედელი, ფართის შიგნით მოწყობილია გათბობის ღუმელი და მილი. მითითებული საშენებლო სამუშაოების წარმოებას სჭირდებოდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სათანადო მშენებლობის ნებართვა. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ძალადაკარგულად გამოცხადებული 31.10.2012 წ. №383901 ბრძანება თავისი არსით არ ითვალისწინებდა იმ სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა/დადასტურებას, რომელიც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებშია მითითებული.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-2ა-ში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე მოსარჩელე მ.ძ-ის მიერ, შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, განხორციელდა სარეკონტრუქციო სამუშაოები, რაც თავად ამ უკანასკნელის მიერ იქნა დადასტურებელი, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში, ასევე იქ გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და მხარეთა განმარტებების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე შესაბამისი საამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები და ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო, მ.ძ-ის დაჯარიმების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ძ-ისა და გ.ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მ.ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 09 იანვრის №1-39 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის №001090 დადგენილება და მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ.ძ-მა და გ.ტ-ემ, რომლებმაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ.ტ-ის და მ.ძ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მიუთითებს საქართველოს უზენაესის სასამართლოს პრაქტიკაზე (№ბს-926-922(2კ-17) 20.12.2019წ.) და აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წარმოების ფარგლებში გართულებულია ან ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას, რაც შეეხება დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საჭიროებას აღნიშნული ასევე არ ქმნის სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლებს, რადგან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება (ქმედების პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით კვალიფიკაცია) თავად სასამართლომ უნდა მოახდინოს.
კასატორს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალა ისეთი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, რომელთა გამოკვლევის შეუძლებლობაც არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას, კერძოდ შესაძლებელი იყო იმ ფაქტის დადგენა, სამუშაოები განხორციელდა თუ არა 2012 წლიდან 2016 წლის 8 თებერვლამდე შუალედში. არქიტექტურის სამსახურის 31.10.2012წ. ბრძანების გამოკვლევით შესაძლებელი იყო იმის დადგენა მოიცავდა თუ არა ნებართვა დარღვევად მიჩნეულ ღუმელის მოწყობასა და კედლის შელესვის სამუშაოებს. კასატორი საქართველოს უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით (საქმე №ბს-626-596(კ-07) 25.12.2007) აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესაბამისად, დადგენილებაში მითითებული სამართალდარღვევის შემადგენლობის გამორიცხვა და საპირისპირო ფაქტის მტკიცების ტვირთი გადადიოდა სამართალდამრღვევზე, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა, რომ 31.10.2012წ. ნებართვა მოიცავდა ღუმელის, დამატებითი მილების მოწყობასა და კედლის დამატებით შელესვას.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დასადგენია სამართალდარღვევის მწარმოებელი პირი. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (№ბს-215-213(კ-12) 06.06.2013წ), რომელშიც განმარტებულია, რომ უძრავი ნივთის მესაკუთრეზე სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის დადგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი, არ ადასტურებს უძრავი ქონების მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სხვისი ბრალისათვის, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე პასუხს აგებს არა სხვისი, არამედ თავისი ბრალისთვის, რომელიც გამოვლინებას პოულობს მის უმოქმედობაში: სწორედ მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს სამშენებლო ნორმების დაცვა, ზედამხედველობის ორგანოს მითითების შესრულება, მის საკუთრებაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპლუატაცია, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
კასატორის მოსაზრებით იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების დანაწესებით სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების დადგენის შესაძლებლობის გამომრიცხავი გარემოებები, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 5.07.2016წ. N001090 დადგენილების ბათილად ცნობა უკანონოა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ როცა საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნა მართლმსაჯულების ხელოვნურად გაჭიანურების საფუძველი და ვერ უზრუნველყო მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა, ვინაიდან ეს უკანასკნელი გამოიხატება არა აპრიორი სასარჩელო მოთხოვნის ფორმალურად დაკმაყოფილებაში, არამედ დასაბუთებული და სწორად განხორციელებული მართლმსაჯულების საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაში, რაც შესაძლებელია არ წარმოადგენდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ მოსარჩელეს უქმნიდეს ნათელ წარმოდგენას მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის/უსაფუძვლობის თაობაზე.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე, 47-ე, 30-ე მუხლებზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე, მე-14, 25-ე მუხლებზე, საქმის მასალებში წარმოდგენილ დოკუმენტაციებზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ...ში ქ. №2-2ა-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია სარემონტო სამუშაოები (დეკორატიული ფილების მოწყობა). საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ, როგორც სამუშაოების განმახორციელებელმა პირმა დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრა სამართალდარღვევა და არც მოცემული სამშენებლო სამუშაოების წარმოების კანონიერების კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია წარმოადგინა, რაც კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამრღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. მოცემული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით, კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზე იყო პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კოდექსის 44.2 მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ იქნა დადგენილი უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოების მწარმოებელი პირი, რისი გამოკვლევაც ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა მოხდეს. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირის გამოკვლევის მოპასუხისთვის დაკისრებას, ვინაიდან მოსარჩელე მხარე თავად ადასტურებდა უნებართვო მშენებლობის წარმოებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არაა მითითება სადავო სამუშაოების ჩამტარებელი პირის ვინაობის დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 ივლისის №001090 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 იანვრის №1-39 ბრძანების კანონიერება და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის №001090 წარმოების შეწყვეტა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მ.ძ-ის მიმართ 2016 წლის 8 თებერვალს შედგენილ იქნა მითითება №001090, რომლის თანახმად ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-2ა-ში ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 19.02.2013წ. №5550203 ბრძანებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ამავე სამსახურის მიერ 31.10.2012წ. №393901 ბრძანება, რომლითაც შეთანხმებული იყო უძრავი ნივთის რეკონსტრუქცია. აღნიშნულის შემდგომ განხორციელებულია უნებართვო რეკონსტრუქცია, კერძოდ, ფართში დამონტაჟებულია გათბობის ღუმელი, მილები და ასევე დამატებით გაკეთებულია ფასადის მოპირკეთება (გალესილია კედელი). ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, მ.ძ-ს დაევალა ჩატარებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან/და მისი დემონტაჟის განხორციელება, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 15 დღის ვადა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2016 წლის 7 მარტს შეადგინა შემოწმების აქტი №001090, რომელშიც დაფიქსირებულია მ.ძ-ის მიერ 2016 წლის 8 თებერვლის №001090 მითითების შეუსრულებლობის ფაქტი. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ 2016 წლის 06 მაისის №4-3/120-გ116 ბრძანებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 08.02.2016წ. №001090 მითითების (07.03.2016წ. შემოწმების აქტი N001090) საფუძველზე მ.ძ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 თვით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 ივლის მიღებული №001090 დადგენილებით, მ.ძ-ი დაჯარიმდა 4000 (ოთხი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-2ა, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული რეკონსტრუქციისათვის და დაევალა მისი დემონტაჟი. ზემოაღნიშნული დადგენილება მ.ძ-მა გაასჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 09 იანვრის №1-39 ბრძანებით მ.ძ-ის 03.08.2016წ. №275441/15 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 ივლისის №001090 დადგენილება.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 30 სექტემბრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №2-2ა, საკადასტრო კოდი №..., დაზუსტებული ფართობი 1458,00 კვ.მ. თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ ა.ა-ი, გ.ტ-ე, დ.ვ-ი, ე.ბ-ე, თ.ქ-ე, თი.ქ-ე, მ.ქ-ე, მ.ძ-ი, ნ.კ-ე, ნ.მ-ა, ს.ა-ა, ს.ქ-ა. მითითებული უძრავი ნივთიდან მ.ძ-ის და გ.ტ-ის თანასაკუთრებას წარმოადგენს 117,12 კვ.მ ფართი (ს.კ ...).
2014 წლის 20 ივნისს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან კი დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №2-2ა, დაზუსტებული ფართობი 1458,00 კვ. მ. საკადასტრო კოდი №.... (ნაკვეთის წინა ნომერი 93; შენობა-ნაგებობები №1-დან N 14-ის ჩათვლით), ბინა N3, ფართი 88,07 კვ.მ. თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ მ.ძ-ი და გ.ტ-ე.
დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-2ა-ში მდებარე შენობას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის №3/181 ბრძანებით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2012 წლის 31 ოქტომბერს გაცემული №383901 ბრძანებით, მოწონებულ იქნა ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში (სექტორი ...), ...ის ქუჩა №2-2ა-ში (უძრავი ძეგლი) თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე, მოქალაქე მ.ძ-სა და გ.ტ-ის კუთვნილი ფართის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი. გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა, ხოლო მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2012 წლის 02 ნოემბრიდან 2013 წლის 02 თებერვლის ჩათვლით (ეტაპები - სახურავის მოწყობა, კედლების ამოშენება-გალესვა, ფასადების დამუშავება და შეღებვა, ეზოს კეთილმოწყობა, სამშენებლო სამუშაოების დასრულება) (ტომი 1, ს.ფ. 164).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 თებერვლის №550203 ბრძანებით დაკმაყოფილდა ე.ბ-ის განცხადება და ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 09 ოქტომბრის №383901 ბრძანება. იმავე წლის 24 ივნისს გამოცემულ იქნა №736975 ბრძანებაით გასწორდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 თებერვლის №550203 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური უსწორობა/შეცდომა და ძალადაკარგულად გამოცემული აქტის გამოცემის თარიღად მიეთითა ,,2013 წლის 31 ოქტომბერი''.
თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 დეკემბერის გადაწყვეტილებით (№3/1786-13) ე. ბ-ისა და ს.ქ-ას სარჩელი მოპასუხეების - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური და ქ. თბილისის მერია, მესამე პირები - მ.ძ-ი და გ.ტ-ე, დავის საგანი - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 01 ოქტომბრის N383901 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მერიის 2013 წლის 26 მარტის №568 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 დეკემბერის გადაწყვეტილებით მ.ძ-ისა და გ.ტ-ის სარჩელი, მოპასუხეების ...ის რაიონის გამგეობის და ქალაქ თბილისის მერიის მიმართ, ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 27.02.2012წ. №02/67 და ქალაქ თბილისის მერიის 14.01.2013წ. N45 განკარგულებების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.ძ-ისა და გ.ტ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით, მ.ძ-ის და გ.ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მ.ძ-ის და გ.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2012 წლის 27 ივნისის №02/67 განკარგულება და ქალაქ თბილისის მერიის 2013 წლის 14 იანვრის №45 განკარგულება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა დათავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე მიიღო სადავო აქტები.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის (ტექნიკური საფრთხის კონტროლი) მოქმედება იმ შემთხვევაში ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. ამდენად, მოცემული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე ადმინისტრაციული სახდელის პირველ რიგში დაედება მშენებლობის მწარმოებელ პირს, ხოლო თუ მისი ვინაობა დაუდგენელია მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უტყუარად დაადასტუროს მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობა და უნებართვო მშენებლობისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ ამის შემდეგ გადააკისროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 4 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2016 წლის 8 თებერვლის №001090 მითითებისა და 2016 წლის 7 მარტის შემოწმების აქტის შედეგები განიხილა. სხდომაზე გამოცხადდა მ.ძ-ი, რომელმაც განმარტა, რომ მასზე გაცემული ნებართვის ძალადაკარგულად ცნობის შემდეგ აღარ უწარმოებია სამშენებლო სამუშაოები.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრებას, რომ მ.ტ-ემ აღიარა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია სადავო სამუშაოების მწარმოებელი პირი, ვინაიდან მოსარჩელე ადასტურებს სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, მხოლოდ გაცემული ნებართვის (ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 31 ოქტომბრის №393901) ფარგლებში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებელი პირის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია ნებართვით გაუთვალისწინებელი ან/და ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების პერიოდში განხორციელებული სამუშაოებისა და მწარმოებელი პირის დადგენა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ საჯარო რეესტრის ამონაწერებზე, რომლებიდანაც ირკვევა, სამართალდარღვევის საქმის წარმოების პერიოდში, მითითების შედგენისა და სადავო დადგენილების მიღების დროს უძრავი ქონება წარმოადგენდა მ.ძ-ის და გ.ტ-ის თანასაკუთრებას, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითება შედგა მხოლოდ მ.ძ-ის მიმართ. მასვე დაევალა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა მშენებლობის კანონიერების დასადასტურებლად ან/და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დემონტაჟი, ამასთან ქ. თბილისში, ...ის ქ. №2-2ა-ში მდებარე უძრავი ქონების მხოლოდ ერთი თანამესაკუთრე - მ.ძ-ი დაჯარიმდა მითითების შეუსრულებლობისათვის.
საყურადღებოა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 31 ოქტომბრის №393901 ბრძანებით მოწონებულ იქნა ქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში (სექტორი ...), ...ის ქუჩა №2-2ა-ში (უძრავი ძეგლი) თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე, მოქალაქე მ.ძ-სა და გ.ტ-ის კუთვნილი ფართის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი. გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. ბრძანების მიხედვით, რეკონსტრუქციის ეტაპებია სახურავის მოწყობა, კედლების ამოშენება-გალესვა, ფასადების დამუშავება და შეღებვა, ეზოს კეთილმოწყობა, სამშენებლო სამუშაოების დასრულება. სადავო დადგენილებაში კი მითითებულია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №2-2ა-ში მდებარე ფართში უნებართვოდ დამონტაჟებულია გათბობის ღუმელი და მილები, ასევე განხორციელებულია დამატებით ფასადის მოპირკეთება.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ დაუდგენია სადავო უნებართვო ნაგებობების მწარმოებელი სუბიექტი. ზემოაღნიშნული გარემოება ადმინისტრაციული ორგანოების კვლევისა და შეფასების მიღმა დარჩა. ასევე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ მნიშვნელოვანია გამოიკვლიოს ის გარემობა დამატებით ფასადის მოპირკეთება ხომ არ იყო განხორციელდა ძალადაკარგულად ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 31 ოქტომბრის №393901 ბრძანების საფუძველზე. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის სზაკ-ის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ ფართო უფლებამოსილებას, კერძოდ გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც ქმნიდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის №001090 დადგენილების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 იანვრის N1-39 ბრძანების ბათილად ცნობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს_ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა