Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-586(კ-კს-22) 10 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - ე. კ-ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირები - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ბაკურიანის ტერიტორიულ ერთეულში

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 26 თებერვალს ე. კ-მა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 დეკემბრის N... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ე. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 დეკემბრის N... გადაწყვეტილება და 2021 წლის 25 იანვრის N... გადაწყვეტილება. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია მისი სავარაუდო სიყალბის დადგენის მიზნით გადაგზავნილია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, სადაც დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღნიშნული კი, სახელმწიფო ან კერძო პირთა ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილებისა და უძრავი ქონების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, წარმოადგენს რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას. იმ პირობებში, თუ უგულებელყოფილი იქნება ამა თუ იმ უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის სიყალბესთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რეგისტრაციის განხორციელების შემდგომ, მესაკუთრე გაასხვისებს უძრავ ნივთს და სიყალბის დადგენის შემთხვევაში, სახეზე იქნება უკანონოდ განკარგული ქონება, რაც თავის მხრივ აზრს უკარგავს სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, რომ სააგენტოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით. პროკურატურიდან მოწოდებული წერილებით ცალსახად დგინდებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ იყო დასრულებული და დოკუმენტაციის სიყალბის დადგენის მიზნით გამოძიება მიმდინარეობდა, რაც რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა. აღნიშნული კი ემსახურება როგორც უკანონო ქონების განკარგვის, ასევე მესამე პირის ინტერესების დაცვას. თუ მარეგისტრირებელ ორგანოს არ ევალება დაელოდოს პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილებას, საფუძველი ეცლება სააგენტოს ვალდებულებას, საეჭვოობისას დოკუმენტაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით მიმართოს საგამოძიებო ორგანოს. სასამართლოს ამგვარი განმარტება ასევე შეიძლება არაკეთილსინდისიერად იქნეს გამოყენებული იმ პირთა მიერ, რომელთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უფლების დამდგენი დოკუმენტაცია უკანონოდ არის მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 დეკემბრის N... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 იანვრის N... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა ბორჯომში, ...ში, ...ის ტერიტორიაზე მისი მამკვიდრებლის (მამის - უ. კ-ის) საკუთრებაში არსებული 6325 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. შ. კ-ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულ იქნა ...ის საკრებულოს 2000 წლის 27 აპრილის N1 გადაწყვეტილება. მოსარჩელემ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და სამკვიდრო მოწმობა. განცხადების დაკმაყოფილება შეუძლებლად იქნა მიჩნეული იმ საფუძვლით, რომ სსიპ საჯარო რეესტრში წარმოების ჩატარებისას აღმოჩნდა, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო საეჭვო დოკუმენტების საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ მითითებული საფუძვლით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გამოსაკვლევად პროკურატურაში გადააგზავნა და აცნობა დაინტერესებულ პირს, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებდა პროკურატურიდან პასუხის მიღებისთანავე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება იწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რა დროსაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდება, კერძოდ, ,,თ1 “ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში. სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული შესაძლებლობა განუყოფელია მისი დანიშნულებიდან და ეჭვის არსებობის შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახური არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. თუმცა სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული შესაძლებლობა არ უნდა იქცეს სარეგისტრაციო სამსახურის თვითნებობის და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისას სარეგისტრაციო სამსახურს ამის ობიექტური და რეალური საფუძველი უნდა გააჩნდეს, რათა არ მოხდეს განმცხადებლის ინტერესების დაუსაბუთებელი ხელყოფა სარეგისტრაციო სამსახურის უსაფუძვლო ვარაუდებზე დაყრდნობით. ამავე მუხლის 22 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი მუხლის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 60 კალენდარული დღე. საგამოძიებო ორგანოში გადაგზავნილი მასალების კანონიერების შესწავლის მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების მაქსიმალურ ვადად კანონმდებელმა იმპერატიულად დაადგინა 60 დღე. აღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგება თავის მხრივ უკავშირდება სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ კონკრეტული დანაშაულებისთვის დადგენილ სისხლისსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადებს.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოებისას საეჭვოდ მიიჩნია რა განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და უფლების დამდგენი საბუთი გამოსაკვლევად გადაუგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს ჯერ კიდევ 2017 წელს, თუმცა დღემდე არ მიუღია ინფორმაცია მტკიცებულების სიყალბის ან მცდარობის თაობაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა იგი შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს. ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა იმ დოკუმენტისა თუ ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი რეგისტრაციისათვის. დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი/ინფორმაცია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული. აკრძალულია სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების რამდენიმეჯერ შეჩერება ან/და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების რამდენჯერმე მიღება დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისას გამოვლინდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ახალი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ე. კ-ის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით საჯარო რეესტრმა 2017 წლის 24 მარტს №... წერილით მიმართა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას, თუმცა არსებული მდგომარეობით ინფორმაცია საბუთის სიყალბის ან მცდარობის თაობაზე წარმოდგენილი არ არის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება უნდა მოხდეს გონივრული ვადით, მხარეს უნდა ჰქონდეს გარანტირებული უფლება, რომ მის საქმეზე მიღებულ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება და მიეცემა რეალური შესაძლებლობა ისარგებლოს საკუთრების უფლებით. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლები), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა, აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ რიგ მტკიცებულებზე, რომლითაც დასტურდება მოსარჩელის მხრიდან მიწის ნაკვეთით მართლზომიერი მფლობელობა (სარგებლობა), კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 1 მარტის წერილის თანახმად, ბორჯომის რაიონის, ...ის გადამხდელთა სიებში უ. კ-ს უფიქსირდება: 2000 წელში - 0.96 ჰა; 2001 წელში - 0.83 ჰა; 2002 წელში - 0.18 ჰა; 2003 წელში - 0.80 ჰა; 2004 წელში - 300 კვ.მ; 1700 კვ.მ.; 6000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ამავე სამსახურის 2020 წლის 9 ივლისის წერილით დასტურდება, რომ 2000 წლიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის სიებში უ. კ-ი ფიქსირდება მიწის გადასახადის გადამხდელად. ამასთან, ე. კ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები ადასტურებენ უ. კ-ის ოჯახის მიერ 1992 წლიდან დღემდე სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის გარემოებები, ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და არ გაუთვალისწინებია სარეგისტრაციო სამსახურში მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდნენ მოსარჩელის მხრიდან სადავო ქონებით მართლზომიერად სარგებლობის ფაქტზე. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულ იქნა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ პროკურატურიდან ელოდებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელებისას, გარდა საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის შეფასებისა, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოკვლევას საჭიროებდა მთელი რიგი სხვა ფაქტობრივი გარემოებები სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის შესახებ (ზუსტი ადგილმდებარეობა, ნაკვეთის საზღვრები და სხვ.). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ე. კ-ის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის პრინციპით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს დაინტერესებული პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება დაცული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის სახელზე კონკრეტული უძრავი ქონების რეგისტრაცია უკვე წარმოშობს საკუთრების უფლების დაცვისა და პატივისცემის ვალდებულებას და საკითხს არ ცვლის რეგისტრაციის დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემებით არსებობა.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 21.06.2022წ. №38500 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება.

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.06.2022წ. №38500 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე