Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-586(კ-კს-22) 10 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - ე. კ-ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ბაკურიანის ტერიტორიულ ერთეულში

დავის საგანი - მესამე პირად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 26 თებერვალს ე. კ-მა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 დეკემბრის N... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ე. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 დეკემბრის N... გადაწყვეტილება და 2021 წლის 25 იანვრის N... გადაწყვეტილება. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის შუამდგომლობა, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩართვა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაციის სასამართლოსთვის მიწოდების მიზნით არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მიზნებიდან. შუამდგომლობის ავტორი საქმეში მესამე პირად სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მოწვევით მიზნად ისახავს მოპასუხეთა მიერ გამოცემული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების კვლევის პროცესში მესამე პირის მოსაზრებების წარმოდგენას ანდა იმ გარემოებების გამორკვევას, რაც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მათ შორის განხორციელებულ მიმოწერასთანაა დაკავშირებული. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები ცალსახად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირად ჩაბმის საფუძველს, უფრო მეტიც, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მესამე პირად საქმეში ჩართვა იმ გარემოებების შესაფასებლად, რაც სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საგანს წარმოადგენს, მიზანშეუწონელია.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო აქტების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 დეკემბრის N... და 2021 წლის 25 იანვრის N... გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანა გავლენას ვერ მოახდენს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის კანონიერ ინტერესზე, რაც საქმეში მესამე პირად მოწვევის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს. პალატის მოსაზრებით, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მესამე პირის სტატუსით საქმეში ჩაბმა განპირობებული უნდა იყოს ამ პირის კანონიერი ინტერესით და დავის საგანთან შემხებლობით, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, N... სარეგისტრაციო განცხადებით დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია მისი სავარაუდო სიყალბის დადგენის მიზნით გადაგზავნილია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2020 წლის 28 ივლისის წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის N... წერილით გადმოგზავნილი ...ში, მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) სარეგისტრაციო განცხადება ერთვის სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N01606907 საქმეს. გამოძიების ამ ეტაპზე რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. საბოლოო გადაწყვეტილების შემთხვევაში გეცნობებათ დამატებით“. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სადავო რეგისტრაციის დასრულება დამოკიდებულია პროკურატურის წარმოდგენილ ინფორმაციაზე და მისი მონაწილეობა საქმეში აუცილებელია, რამეთუ ამ ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა მოცემულ საქმეში ჩაება მესამე პირად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დავის განხილვაში არა მხოლოდ მხარეების (მოსარჩელე, მოპასუხე), არამედ, მესამე პირების მონაწილეობის შესაძლებლობას. მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ ადმინისტრაციული სასამართლო პროცესის ფარგლებში დაიცვან საკუთარი ინტერესები. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. სასკ-ის მე-16 მუხლი განასხვავებს პროცესში მესამე პირების მარტივ და სავალდებულო ჩაბმას, ჩაბმის ფორმის მიხედვით განისაზღვრება მესამე პირთა საპროცესო უფლება და ქმედუნარიანობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში მესამე პირთა ჩაბმისას სასამართლო აფასებს საქმის გარემოებებს, მესამე პირთა შესაძლო კავშირს სადავო სამართალურთიერთობასთან და მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე წყვეტს შესაბამისი საპროცესო სტატუსით საქმეში პირთა ჩაბმის საკითხს. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არა მხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი, ხოლო სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი არ არის სავალდებულო მოწვევის მესამე პირი, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე, ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული უზრუნველყოს ასეთი პირის საქმეში ჩართვა. ორივე მოწვევის მესამე პირების საერთო მახასიათებელს წარმოადგენს მათივე სამართლებრივი ინტერესის დაცვის საჭიროება. პროცესში მესამე პირად მოწვევა არ ატარებს ზოგად ხასიათს და მიმართულია არა მოსარჩელის ან მოპასუხის ინტერესების, არამედ უშუალოდ იმ პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისაკენ, რომელიც მოწვეულია მესამე პირის სტატუსით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა თავიდან აიცილოს ის არახელსაყრელი შედეგი, ანუ ის ზემოქმედება, რაც შესაძლოა დადგეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მესამე პირის ინსტიტუტის დანიშნულებას იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობისა და საქმის ყოველმხრივი განხილვის უზრუნველყოფა.

განსახილველ დავაში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში იშუამდგომლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ჩართვასთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ არსებითია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაციის სასამართლოსთვის წარმოდგენა. ამდენად, მოცემულ დავაში უნდა დადგინდეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროცესუალური უფლებამოსილების მოცულობა, სამართლებრივი ინტერესის შეფასების საფუძველზე, რაც შესაძლოა გამხდარიყო დავაში მისი მესამე პირად ჩაბმის საფუძველი, ასეთ შემთხვევაში კი, დაინტერესებულმა პირმა მსგავსი ინტერესის არსებობა სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს (სუსგ Nბს-145-138(კ-13), 12.02.2015წ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი მოწვევა ხორციელდება სასამართლო შეხედულების მიხედვით, თუმცა, როდესაც დავის საგნიდან გამომდინარე ცალსახად იკვეთება კონკრეტული პირის სამართლებრივი ინტერესი, სასამართლომ იმავე პროცესის ეკონომიურობისა და საქმის ყოველმხრივი განხილვის მიზნებიდან გამომდინარე უნდა გამოიყენოს მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და უზრუნველყოს მესამე პირის საქმეში მონაწილეობის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივი ინტერესი სახეზეა, თუ მისაწვევი მესამე პირი მოსარჩელესთან ან მოპასუხესთან, ანდა ორივესთან, ან კი მხოლოდ დავის საგანთან ისეთ მიმართებაში იმყოფება, რომ მოსარჩელის ან მოპასუხის წაგებას შეუძლია გააუმჯობესოს ან გააუარესოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა. ამასთან, საგულისხმოა, რომ სამართლებრივი ინტერესის არსებობა გულისხმობს სამართლებრივი ნორმებით დაცული ინტერესის არსებობას და არა ზოგადად კავშირს საქმესთან (სუსგ Nბს-772(კს-19), 08.05.2020წ.).

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 დეკემბრის N... გადაწყვეტილება და 2021 წლის 25 იანვრის N... გადაწყვეტილების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 მარტს ე. კ-მა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე ბორჯომი, ...ი, ...ის ტერიტორია, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №... წერილით სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას ეცნობა, რომ ე. კ-მა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და ითხოვა ს/კ ... რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო საეჭვო დოკუმენტების საფუძველზე, რის გამოც სარეგისტრაციო დოკუმენტაცია პროკურატურას გაეგზავნა გამოსაკვლევად.

ასევე დადგენილია, რომ სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ 2017 წლის 25 აპრილის №13/34-26973 წერილით, საჯარო რეესტრს აცნობა, რომ 2017 წლის 24 მარტის №... მიმართვა, თანდართული დოკუმენტაციით, შემდგომი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, დაერთო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №01606907 საქმეს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2020 წლის 28 ივლისის წერილიდან ირკვევა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N01606907 საქმეზე გამოძიების იმ ეტაპზე რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზედ, რომ არასავალდებულო მოწვევის პირად სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ჩაბმა, ამ უკანასკნელის ინფორმირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმოწერით უტყუარად დასტურდება, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო ინფორმირებულია იმ გარემოების შესახებ, რომ ე. კ-ი ითხოვს ბორჯომში, ...ში, ...ის ტერიტორიაზე მისი მამკვიდრებლის (მამის - უ. კ-ის) საკუთრებაში არსებული 6325 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის საგნისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ იკვეთება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის წინაპირობები, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მესამე პირად საქმეში ჩართვა იმ გარემოებების შესაფასებლად, რაც სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საგანს წარმოადგენს, მიზანშეუწონელია. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 დეკემბრის N... და 2021 წლის 25 იანვრის N... გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანა გავლენას ვერ მოახდენს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის კანონიერ ინტერესზე, რაც საქმეში მესამე პირად მოწვევის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მესამე პირის სტატუსით საქმეში ჩაბმა განპირობებული უნდა იყოს ამ პირის კანონიერი ინტერესით და დავის საგანთან შემხებლობით, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე