Facebook Twitter

№9211-13 2 აპრილი, 2013 წელი

მ-ე დ.- 9211-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ნ. ე-ის

მსჯავრდებულ - დ. მ-ის

ადვოკატ - ი. ბ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 17 სექტემბრის განაჩენით დ. მ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით; მსჯავრდებულს განაჩენის აღსრულება გადაევადა გამოჯანმრთელებამდე.

ამავე სასამართლოს 2005 წლის 13 მაისის განაჩენით დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,,გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით, ხოლო 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მსჯავრდებულს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა გადაევადა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დ.მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“, ,,დ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 17 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 9 იანვრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 11 000 ლარი.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის განაჩენით შეიცვალა: დ. მ-ე გამართლდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“, ,,დ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 17 წლით; 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და დ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 9 იანვრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5 000 ლარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. მ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 109-ე და 179-ე მუხლებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული 17 და 12 წელი, 2 წელი და 6 თვე და 4 წელი და 6 თვე, რის შედეგად განესაზღვრა: 12 წელი და 9 თვე, 9 წელი, 1 წელი, 10 თვე და 15 დღე, 3 წელი, 4 თვე და 15 დღე, რაც შეიკრიბა და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 9 იანვრიდან.

მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ მას სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების შედეგად მოსახდელად განესაზღვრა 27 წელი, რაც არასწორია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დ. მ-ე ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის განაჩენით დ. მ-ისათვის დანიშნული სასჯელების შეკრების შედეგად საბოლოო ზომა შეადგენდა 36 წელს და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მას განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის მაქსიმალურ ზღვარს, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულს საბოლოოდ დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 30 წლამდე.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, პირზე, რომელსაც სასჯელი დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

ამდენად, მსჯავრდებულს, როგორც ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევ პირს, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შეუმცირდა თითოეული მუხლით დანიშნული სასჯელის ზომა, რაც უნდა გამოკლებოდა არა დანაშაულთა ერთობლიობით კანონით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს (მოცემულ შემთხვევაში - 30 წელს), არამედ - თითოეული დანაშაულისათვის დანიშნულ და, შესაბამისად, მათი ერთობლიობით განსაზღვრულ საბოლოო სასჯელს - 36 წელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი