ას-368-713-05 1 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე მომხსენებელი),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “... ტ. ს. დ." დირექტორის 2002 წლის 12 ივლისის ბრძანებით, ამავე დისპანსერის რეგისტრატორი დ. კორძაძე, შტატების შემცირების გამო, 2002 წლის 1 აგვისტოდან გათავისუფლდა სამუშაოდან.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ნ-ლ-კ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა და იგი აღდგენილ იქნა შპს “... ტ. ს. დ." .... თანამდებობაზე.
შპს “... ტ. ს. დ." დირექტორის 2003 წლის 7 სექტემბრის ¹6/02 ბრძანებით დ. ნ-ლ-კ-ე განთავისუფლდა სამსახურიდან 7 თვის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობის გამო.
დ. ნ-ლ-კ-ემ აღძრა სარჩელი ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოში და მოითხოვა “... ტ. ს. დ." მედრეგისტრატორის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს “... ტ. ს. დ." დირექტორმა იგი გაათავისუფლა სამსახურიდან შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფით. დარღვეულ იქნა აღნიშნული კანონის 34-ე მუხლი.
მოპასუხე შპს “... ტ. ს. დ." დირექტორმა სარჩელი არ ცნო. მან მიიჩნია, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა კანონის მოთხოვნათა დაცვით.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ნ-ლ-კ-ის სარჩელი და იგი აღდგენილ იქნა შპს “... ტ. ს. დ." ..... თანამდებობაზე, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი გაცდენილი დროის - 455 ლარის ოდენობით გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა შპს “... ტ. ს. დ." დირექტორმა და მოითხოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინებაში აღნიშნულია, რომ შპს “... ტ. ს. დ." დირექტორის 2003 წლის 7 სექტემბრის ¹6/02 ბრძანებით დ. ნ-ლ-კ-ე 2003 წლის 7 სექტემბრიდან გათავისუფლდა სამსახურიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტის საფუძველზე 7 თვის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტი, რომელიც საფუძვლად დაედო დ. ნ-ლ-კ-ის სამუშაოდან განთავისუფლებას, შეეხება მუშაკის სამუშაოზე გამოუცხადებლობას დროებითი შრომისუუნარობის გამო ზედიზედ ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ როდესაც მოპასუხეს 2003 წლის 7 სექტემბრის ¹6/02 ბრძანებაში მოსარჩელე დ. ნ-ლ-კ-ის განთავისუფლების მიზეზად მითითებულია ამ უკანასკნელის 7 თვის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა. 2003 წლის 1 სექტემბერს, ანუ მოსარჩელის განთავისუფლებამდე რამოდენიმე დღით ადრე, შპს “... ტ. ს. დ." დირექტორმა გამოსცა ¹5/01 ბრძანება, რომლითაც რეგისტრატორის საშტატო ერთეული გაუქმებულ იქნა შესაბამისი დატვირთვის არარსებობის გამო და ფორმა ¹25-ის წარმოება დაევალა მედსტატისტიკოსს.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დ. ნ-ლ-კ-ე თანამდებობიდან გათავისუფლებული იყო სტრუქტურული ცვლილებების ან მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო, მოპასუხეს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის არა “დ" ქვეპუნქტით, არამედ - “ა" ქვეპუნქტით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არა აქვს გაშვებული საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთვიანი ვადა, რადგან სადავო ბრძანება მას არ ჩაბარებია.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დ. ნ-ლ-კ-ის თანამდებობიდან განთავისუფლებისას დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე საპენსიო ასაკისაა და მისი მუშაობა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც საშიშ ინფექციურ დაავადებებს მკურნალობენ, დაუშვებელია, კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ ეს არგუმენტი უსაფუძვლოა, რადგან მოსარჩელე სამუშაოდან, საპენსიო ასაკის გამო, არ დაუთხოვიათ.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “... ტ. ს. დ." დირექტორმა ზ.ს-ემ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ დ. ნ-ლ-კ-ე 2003 წლის 7 თებერვლიდან აღდგენილ იქნა “... ტ. ს. დ." და სიტყვიერად შესთავაზეს იმავე სამუშაოს შესრულება, იმავე ანაზღაურებით და იმავე შენობის მე-2 სართულზე. დ. ნ-ლ-კ-ემ უარი განაცხადა აღნიშნული შეთავაზებაზე და ასევე აღდგენის შესახებ ბრძანების ჩაბარებაზე, ასევე - შრომითი კონტრაქტის გაფორმებაზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია შრომის კონტრაქტი, რომელზედაც დაფიქსირებულია მისი უარი აღნიშნულ შეთავაზებაზე. კასატორი კანონიერად მიიჩნევს დ. ნ-ლ-კ-ის სამუშაოდან გათავისუფლებას საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტის საფუძველზე.
კასატორი მიიჩნევს, რომ დ. ნ-ლ-კ-ეს გაშვებული აქვს სასამართლოსათვის მიმართვის ვადა, რადგან მან ჩაიბარა განთავისუფლების შესახებ ბრძანება, მაგრამ არ მოაწერა ხელი, რაც დასტურდება აქტებით.
საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ საერთოდ არ არის გათვალისწინებული აღნიშნული საშტატო ერთეული. ასევე მოსარჩელე საპენსიო ასაკისაა, როდესაც ტუბერკულიოზით დაავადების რისკ-ფაქტორი მატულობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებული დარღვევას არა აქვს ადგილი; საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დ. ნ-ლ-კ-ე 2003 წლის 7 სექტემბრიდან გათავისუფლდა შპს “... ტ. ს. დ." .... თანამდებობიდან ამავე დისპანსერის დირექტორის 2003 წლის 7 სექტემბრის ¹6/02 ბრძანებით.
მისი სამუშაოდან განთავისუფლებას საფუძვლად დაედო, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტი, 7 თვის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა აღნიშნული ნორმა და სწორად მიიჩნია უსაფუძვლოდ სადავო ბრძანება დ. ნ-ლ-კ-ის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ.
ამ ნორმის თანახმად, საწარმოს დაწესებულების ან ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეუძლია, ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა მუშაკის სამუშაოზე გამოუცხადებლობისას დროებითი შრიომისუუნარობის გამო ზედიზედ ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებით მოცემული შვებულების ჩაუთვლელად; აღნიშნული ოთხთვიანი ვადა არ ვრცელდება შრომითი დასახიჩრებისა და პროფესიულ დაავადებათა დროს, აგრეთვე, იმ დავადებებზე, რომლებზედაც ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მიერ მკურნალობის უფრო ხანგრძლივი ვადაა დაწესებული.
განსახილველი ნორმის საფუძველზე ადმინისტრაციის ინიციატივით შეიძლება მუშაკთან სამუშაო ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, ავადმყოფობის გამო, მუშაკმა დაკარგა შრომისუნარიანობა, რაც გახდა განუწყვეტლივ ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მისი სამუშაოზე გამოუცხადებლობის მიზეზი. ამდენად, ამ ნორმის თანახმად, მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების აუცილებლი პირობაა, ავადმყოფოფის გამო, ოთხი თვის განმავლობაში სამუშაოს გაცდენა, გარდა ამავე ნორმით გათვალისწინებული შრომითი დასახიჩრებისა და პროფესიულ დაავადებათა დროს, აგრეთვე იმ დავადებებზე, რომლებზედაც ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მიერ მკურნალობის უფრო ხანგრძლივი ვადაა დაწესებული. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ ამ ნორმით დადგენილი ავადმყოფობის გამო საგარანტიო ვადის გაშვებისას მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების აუცილებლობა უნდა იყოს მიზეზობრივ კავშირში საწარმოს აუცილებლობასთან, შეწყვიტოს სამუშაო ხელშეკრულება (კონტრაქტი).
კასატორი უთითებს, რომ დ. ნ-ი-კ-ე სამუშაოზე არ ცხადდებოდა 7 თვის განმავლობაში, მაგრამ არ უთითებს და საქმეში არ არსებობს შრომისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც წარმოადგენს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოდან განთავისუფლების ერთ-ერთ გარემოებას.
ამრიგად, იმ შემთხვევაშიც, თუ მივიჩნევთ, რომ დ. ნ-ლ-კ-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე კასატორი ორგანიზაციის მიერ და ამის შესახებ მას ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის შემდეგ 7 თვის განმავლობაში იგი არ ცხადდებოდა სამუშაოზე, მისი სამუშაოდან განთავისუფლება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტის თანახმად, უკანონოა. ამდენად, არ არსებობს მისი სამუშაოდან განთავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
შპს “... ტ. ს. დ." არსებობს პროფკავშირი, ამდენად კასატორს არ ჰქონდა უფლება, გაეთავისუფლებინა სამუშაოდან მუშაკი პროფკავშირის თანხმობის გარეშე.
არ შეიძლება იყოს გაზიარებული კასატორის მოთხოვნა დ. ნ-ლ-კ-ის სარჩელის ხანდაზმულად ცნობის შესახებ.
საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დ. ნ-ლ-კ-ეს ჩაბარდა მისი სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანება, რითაც კასატორის მიერ უგულებელყოფილი იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. საქმის საკასაციო წარმოების დროს დაუშვებელია მტკიცებულებების წარმოდგენა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საკასაციო სასამართლო ამოწმებს ფაქტებსა და მტკიცებულებებს, მათ შორის იღებს კასატორისაგან ამ მტკიცებულებებს, ესაა ისეთი შემთხვევა, როდესაც საკასაციო საჩივარი ემყარება საპროცესო ნორმების დარღვევებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში; მხედველობაში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ" ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ ემყარება საპროცესო ნორმების დარღვევებს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, დ. ნ-ლ-კ-ეს არ ჩაბარებია ბრძანება მისი სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ და, ამდენად, მას არა აქვს გაშვებული საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასამართლოსადმი მიმართვის ერთთვიანი ვადა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, დ. ნ-ლ-კ-ეს უნდა აუნზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი 455 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “... ტ. ს. დ." დირექტორ ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 დეკემბრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
საკასაციო პალატის განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.