გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-370-704-05 26 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე (მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: პატივისა და ღირსების შელახვა, მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
კ., გ. და მ. რ-ებმა სარჩელი აღძრეს ე. ხ-ისა და ა. ა-ის წინააღმდეგ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეების მიერ გავცელებული სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეულზე 15 000 ლარის ოდენობით;
მოსარჩელეთა განმარტებით 2000წ. 9 ოქტომბერს 19:30 წუთზე, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის პროგრამაში «...» მონაწილეობდნენ ქ. ახალქალაქის გ...ი ა. ა-ი და ... თავმჯდომარე ე. ხ-ი. ამ გამოსვლისას ა. ა-მა მიმართა ხელისუფლებას, ხალხს და აღნიშნა, რომ, «თუ მას ახალქალაქის რაიონში არ ეყოლებოდა არასასურველი ხალხი რ-ების სახით, იგი ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობას უკეთ წარმართავდა» ე. ხ-მა ინტერვიუში რ-ების ოჯახის მიმართ გამოთქვა შეურაცმყოფელი ფრაზები. მან პროკურორს უწოდა კორუმპირებული ელემენტი, ასევე, უპატივცემულოდ მოიხსენია მისი ძმა და მამა; ხ-მა განაცხადა, რომ რაიონის პროკურორი უნდა მოიხსნას, რადგან იგი ხელს უწყობს ხულიგნებს, ნარკომანებსა და სხვა დამნაშავე ელემენტებს, ის და მისი ოჯახის გარემომცველი წრე ხულიგნები, ნარკომანები და მძარცველებიც კი არიან. ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – ე. ხ-ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 15000 ლარი, ხოლო ა. ა-ს 5000 ლარის გადახდა. მოპასუხეებს დაევალათ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გადაცემით, იმავე დროს 19:30 წუთზე პროგრამა «...» გამოსვლით უარყონ და გააბათილონ მათ მიერ კ., გ. და მ. რ-ების პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო საჩივრით;
თბილისის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ე. ხ-ს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გადაცემაში «...» გამოსვლით უარყოს მის მიერ ამავე პროგრამაში გავრცელებული კ., გ. და მ. რ-ების პატივის ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია. ე. ხ-ს მოპასუხეთა სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარი – მორალური ზიანის ანაზღაურება; სარჩელს დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა. ა. ა-ი განთავისუფლდა პასუხისმგებლობისაგან.
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2004წ. 28 ივნისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და იგი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას; გ. და მ. რ-ების შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ე. ხ-ს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გადაცემაში პროგრამა «...-ში» გამოსვლით უარყოს მის მიერ ამავე პროგრამაში გავცელებული კ., გ. და მ. რ-ების პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია. ე. ხ-ს დაეკისრა 500 ლარის ოდენობით მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის გადახდა რ-ების სასარგებლოდ. დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 18-413-ე მუხლებით სსკ-ის 102-103-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ რ-ების შემლახველი ცნობები გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ხ-მა არ უარყო სარჩელში აღნიშნული მოსაზრებების გავრცელება საინფორმაციო საშუალებებით. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმაზე, რომ მოპასუხე ა-ის მიერ მოსარჩელეების მიმართ შეურაცხმყოფელი ცნობები იქნა გავრცელებული, რადგან აღნიშნულის მტკიცება საქმეში არ მოიპოვება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 500 ლარი მორალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში.
გ., მ. და ლ. რ-ების წარმომადგენელმა დ. თ-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო პალატაში შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ არ დაასაბუთა თუ რატომ დააკისრა მოპასუხეს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 500 და არა 15000 ლარი, როგორც ეს რაიონულმა სასამართლომ დაადგინა.
საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ორივე მოპასუხეს დააკისრა 500 ლარის გადახდა, ხოლო სარეზოლუციო ნაწილში მარტო ხ-ს დააკისრა ზარალის ანაზღაურება.
სასამართლომ არ დაასაბუთა თუ რატომ არ უნდა დაეკისროს ა-ს ინფორმაციის უარყოფა და ზიანის საკომპენსაციო თანხის გადახდა.
სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 256-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა და არ მიუთითა დაკისრებული 500 ლარიდან რა წილი ეკუთვნის თითოეულ მოსარჩელეს.
პალატამ არ იმსჯელა სასამართლო ხარჯების განაწილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
კ., გ. და მ. რ-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ე. ხ-ს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გადაცემაში პროგრამა «...-ში» გამოსვლით უარყოს მის მიერ ამავე პროგრამაში გავრცელებული კ., გ. და მ. რ-ების პატივის, ღირსების და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია, მასვე დაეკისრა 1000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის გადახდა კ., გ. და მ. რ-ების სასარგებლოდ.
მოსარჩელეებს უარი ეთქვათ დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ა. ა-ი განთავისუფლდა პასუხისმგებლობისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2004წ. 28 იანვრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ივნისის ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ რ-ების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში, კერძოდ მოპასუხე ა. ა-ის მიმართ სასარჩელო მოხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იგი შევიდა კანონიერ ძალაში. გამომდინარე აღნიშნულიდან საკასაციო პალატა თვლის, რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა თუ რატომ არ უნდა დაეკისროს ა-ს ინფორმაციის უარყოფა და ზიანის საკომპენსაციო თანხის გადახდა. ზემო აღნიშნული გარემოების გამო სააპელაციო სასამართლოს ა. ა-ის მიმართ მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძვლიანობაზე არც უნდა ემსჯელა.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ 2000წ. 9 ოქტომბერს, 19:30 საათზე საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის პროგრამაში «...», რომელშიც მონაწილეობდნენ ქ. ახალქალაქის გ...ი ა. ა-ი და საკრებულოს თავმჯდომარე ე. ხ-ი, ამ უკანასკნელმა თავისის გამოსვლით შელახა მოსარჩელეთა პატივი და ღირსება. კასატორს ბუნებრივია გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში საკასაციო პრეტენზია არ გააჩნია. საკასაციო პალატა დაუსაბუთებელად მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა 500 ლარი მოსარჩელეთა მორალური ზიანის საკომპენსაციოდ.
სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს.
მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია; კომპენსაციის მიზანია მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკური და მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია 500 ლარი გონივრულ ანაზღაურებად.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ორივე მოპასუხეს დააკისრა 500 ლარის გადახდა, ხოლო სარეზოლუციო ნაწილით მარტო ხ-ს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 25 იანვრის განჩინებით შესწორდა ამავე სასამართლოს 2004წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილების, სამოტივაციო ნაწილის, ბოლო აბზაცში დაშვებული შეცდომა და მიეთითა «მოპასუხეს, ხ-ს, დაეკისროს 500 ლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვას უარი».
საკასაციო პალატა, სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამოწმებს რა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კანონიერად მიიჩნევს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებას, ხოლო საკასაციო საჩივარს სამართლებრივად დაუსაბუთებელს. HG
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ., მ. და ლ. რ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.