გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-370-768-06 30 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილიდავის საგანი: თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. მ-ძემ, მ. ბ-შვილმა, ც. ს-იანმა და გ. მ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში დ. პ-შვილის, თ. პ-შვილისა და ე.შ-იას მიმართ თანხის გადახდევინების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: 2000წ. აგვისტოში მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის გამეგობის დადგენილების საფუძველზე მოსარჩელეებმა ერთობლივად შეიძინეს მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სავაჭრო ცენტრი. 2002წ. 23 იანვარს ლ.მ-ძესა და დ. პ-შვილს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად‚ დ.პ-შვილის საკუთრებაში გადავიდა სავაჭრო ცენტრის ლ.მ-ძის კუთვნილი 234/1122,26 და 702 კვ.მ მიწის საერთო საკუთრების ნაკვეთი შენობაში წილთა პროპორციულად. ამავე გარიგებით გათვალისწინებულ იქნა დ. პ-შვილის ვალდებულება მხარეთა ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ. მოგვიანებით მითითებულ საქმიანობაში ჩაება დ.პ-შვილის მამა თ. პ-შვილი, რომელმაც ასევე იკისრა რიგი ფულადი ვალდებულებანი. მოსარჩელეებმა მოითხოვეს დ. პ-შვილის, თ. პ-შვილისა და მისი მეუღლე ე.შ-იასათვის სოლიდარულად დავალიანების _ 4 536 ლარის გადახდის დაკისრება.
ე.შ-იამ და თ.პ-შვილმა სარჩელი არ ცნეს.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დ. პ-შვილის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი აღნიშნული მოპასუხის ნაწილში დაკმაყოფილდა. ამავე რიცხვის გადაწყვეტილებით კი სარჩელი დანარჩენ მოპასუხეთა მიმართაც დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება დ. პ-შვილის საჩივრის საფუძველზე გაუქმდა და ამავე სასამართლოს 2005წ. 6 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება თ. პ-შვილმა და ე.შ-იამ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ე.შ-იას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 4536 ლარის გადახდა. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ე.შ-იას აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2006წ. 26 აპრილს, საკასაციო საჩივარი კი მან შეიტანა ამავე წლის 23 ივნისს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ ე.შ-იას საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. პ-შვილისა და ე.შ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ლ. მ-ძის, მ. ბ-შვილის, ც. ს-იანისა და გ. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე.შ-იას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 4536 ლარის გადახდა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ე.შ-იას ზემოხსენებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2006წ. 26 აპრილს, საკასაციო საჩივარი კი მან შეიტანა ამავე წლის 23 ივნისს.
სსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში კასატორ ე.შ-იას დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გადაეცა 2006წ. 26 აპრილს, რა დროიდანაც დაიწყო საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლა, საკასაციო საჩივარი კი მხარემ შეიტანა ამავე წლის 23 ივნისს, ზემოხსენებული კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემდენ პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე.შ-იამ საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ე.შ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე.შ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.