Facebook Twitter

№9811-13 3 აპრილი, 2013 წელი

ბ-ი დ.- 9811-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. ც-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 ივნისის განაჩენით დ. ბ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „კ“ პუნქტებით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ნაწილობრივი შეკრების წესით, დ. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2003 წლის 8 სექტემბრიდან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №… დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 10 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე დ. ბ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 4 წელი და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „კ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელი – 16 წელი და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ნაწილობრივი შეკრების წესით, დ. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2003 წლის 8 სექტემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ბ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად გაავრცელა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და იმის გათვალისწინებით, რომ არ არის ნასამართლევი, ითხოვა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, როდესაც მსჯავრდებულ დ. ბ-ს ¼-ით შეუმცირა სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „კ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელი, მაგრამ არ იზიარებს რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულ სასჯელზე ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის გამოყენების თაობაზე, რადგან ამ მუხლით ჩადენილი დანაშაულის დროს მსჯავრდებული იყო ნასამართლობაგაქარწყლებული და მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მოქმედება; შესაბამისად, იგი უნდა გათავისუფლებულიყო სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული დ. ბ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

დ. ბ-ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „კ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელი – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2003 წლის 8 სექტემბრიდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული დ. ბ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

დ. ბ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „კ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელი – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2003 წლის 8 სექტემბრიდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

ლ. მურუსიძე