Facebook Twitter

№9871-13 1 აპრილი, 2013 წელი

გ-ი ლ., 9871-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - გ. ფ-ს

ადვოკატ - ნ. მ-ს

მსჯავრდებულ - ლ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ს საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განაჩენით ლ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა~ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. დაკმაყოფილდა დაზარალებულთა უფლებამონაცვლეების - ა. ბ-ს, შ. შ-სა და გ. ა-ს სამოქალაქო სარჩელები და ლ. გ-ს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება თითოეულის სასარგებლოდ - 20 000 ლარის ოდენობით. სასჯელის მოხდის ვადა მას აეთვალა 2009 წლის 2 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 ივლისის განაჩენი გაუქმდა სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცა ახალციხის რაიონულ სასამართლოს. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ლ. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. გ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ლევან გაბაშვილის მიმართ საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული - უვადო თავისუფლების აღკვეთა - უნდა დარჩეს უცვლელად. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით არ არის გათვალისწინებული კანონისმიერი პროცედურა იმ პირების მიმართ, ვისაც სასჯელად დანიშნული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს ზოგად წესს იმ პირების მიმართ, ვისზეც არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება და მათ მხოლოდ ერთი მეოთხედით უმცირდებათ დანიშნული სასჯელი. რაც შეეხება საჩივრის მოთხოვნას, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო არ არის მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი, იმსჯელოს ამ საკითხზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე