Facebook Twitter

ას-373-701-05 3 ოქტომბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი),

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: საერთო საკუთრებიდან წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ს-ემ 2004წ. ივნისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ნ. და გ. ხ-ების მიმართ და ქ. თბილისში, ... მდებარე სახლზე მოითხოვა თანასაკუთრების გაუქმება. აღნიშნულ შენობა-ნაგებობიდან და მიწის ნაკვეთიდან მის რეალურ მფლობელობაში არსებული წილის საკუთრების უფლებით გამოყოფა და შესაბამისად, საჯარო რეესტრში აღრიცხვა; სასამართლოს მიერ საკადასტრო რუქის მიხედვით 609 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამიჯვნა თანამესაკუთრეებს შორის ისე, რომ შენობა-ნაგებობის ¹1-ის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი ¹1 დარჩეს შენობა-ნაგებობის თანასაკუთრების საერთო საკუთრებაში; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დადგენა. მოსარჩელემ თავისი სარჩელი იმით დაასაბუთა, რომ სამკვიდრო ქონება 2004წ. 31 მაისს სანოტარო აქტი ¹2-52-ით მიიღო, რომელიც მდებარებს ქ. თბილისში, ... ქ. ¹2-ში, შენობა-ნაგებობები, ფართით 357,95 კვ.მ (მათ შორის, 199,14 კვ.მ) და სამეურნეო 50,0 კვ.მ შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად. სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, სამკვიდრო ქონება შეადგენს სახლმფლობელობის 1\3-ს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს; რადგან თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გაცემული მიშენებული პროექტის შესაბამისად განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად ნ. ს-ის კანონიერ მფლობელობაში იმყოფება უფრო მეტი ფართი, ვიდრე 1\3.

მოცემულ საქმეში მხარეთა თანხმობით უფლებამონაცვლეობის წესით მოპასუხეებად ჩართული იქნენ ი. და თ. ხ-ები.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ ქ.თბილისში, ... ¹2-ში არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაუქმდა საზიარო უფლება და ნ. ს-ის საჯარო რეესტრში საკუთრებად აღირიცხა შემდეგი რეალური ფართი შესაბამისი მიწის ნაკვეთთან ერთად: ლიტ „ა“ პირველ სართულზე – ღია ვერანდა მეორე სართულზე ასასვლელი კიბით; ჰოლი _ ¹4-3,5 კვ.მ + ¹24 2,7 კვ.მ, ბოილერი ¹264,95 კვ.მ; ტუალეტი – 1,1 კვ.მ, აბაზანა- ¹25-5,13 კვ.მ, სამზარეულო ¹5-7,4, ოთახი ¹3-9,28 კვ.მ, ოთახი ¹29-19, 20 კვ.მ; ოთახი ¹13-31,70 კვ.მ, ოთახი ¹12-16,80 მეორე სართულზე ასასვლელი კიბე; მეორე სართულზე – ღია ვერანდა, ჰოლი ¹27, კიბე, აბაზანა – ტუალეტი ¹25; ოთახი ¹22, 29, 20, 21 მიმდებარე აივანი, სარდაფი 36 კვ.მ. სულ საერთო ფართი – 190,48 კვ.მ. მათ შორის, საცხოვრებელი ფართი – 98,45 კვ.მ. სარდაფი 36 კვ.მ. დამხმარე ფართი – 92,03 კვ.მ

საკადასტრო რუქის მიხედვით 609 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამიჯვნა დადგინდა თანამესაკუთრეებს შორის ისე, რომ შენობა-ნაგებობა¹1-ის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი დარჩა შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრეების საერთო საკუთრებაში. დადგინდა გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. ხ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სააპელაციო საჩივარიდაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი, რომლითაც ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებად თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერების მიხედვით, ირიცხებიან ნ. ს-ე, გ. ხ-ი, ნ. ხუბულური.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2004წ. 31 მაისს ნ. ს-ემ მიიღო კ. ს-ის სამკვიდრო ქონება, რომელსაც 1985წ. 30 სექტემბერს გარდაცვლილი ნ. ს-ის სამკვიდრო ქონება მიღებული ჰქონდა, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ არ გააფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები. ნ. ს-ეს სადავო სახლზე თავისი უფლებები საჯარო რეესტრში არ აღურიცხია. სკ-ის 183-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებულ საბუთს და შემძენის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.

ნ. ს-ემ სადავო უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა დაამოწმა სანოტარო წესით,მაგრამ მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ განუხორციელებია. სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ის 311-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, უძრავ ნივთებზე საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებების თაობაზე მონაცემები შეიტანება საჯარო რეესტრში, ხოლო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა თანახმად სკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილისა. სასამართლომ მიუთითა, რომ დღეის მდგომარეობით, აპელანტი და მოწინააღმდეგე მხარეები არ ირიცხებიან სადავო სახლის თანამესაკუთრეებად, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით.

რამდენადაც, სკ-ის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხოლოდ თანამესაკუთრეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნ. ს-ის მოთხოვნა (სანამ იგი არ გახდება სადავო სახლის თანამესაკუთრე) თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე თანასაკუთრების გაუქმებისა და მისთვის ფაქტობრივად მის მიერ დაკავებული ფართის საკუთრების უფლებით გამოყოფის შესახებ, საფუძველს მოკლებულია.

ი. ხ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სასამართლომ არ გაარკვია, სადავო საცხოვრებელი სახლის 1\3 როგორ მოხვდა ნ. ს-ის მფლობელობაში; მოსარჩელემ ი. ხ-ის კუთვნილი 1\3 თავისი ბებიის საკუთრებად მიიჩნია. მას მიწის ნაკვეთზეც არასწორად აქვს პრეტენზია.

ი. ხ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა შემდეგი: მისთვის კუთვნილი ¹20 საცხოვრებელი ფართის (18 კვ.მ) გადაცემა, ნ. ს-ემ მოანგრიოს უკანონოდ აშენებული ¹24,25,26 დამხმარე ფართი; უკანონოდ მითვისებული ეზო გაათავისუფლოს ნაგებობებისაგან და ეზო დაუბრუნდეს მის მფლობელებს ე.ი. კასატორს, მის დას და თ. ხ-ს.

ნ. ს-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომიგი წარმოადგენს სადავო საცხოვრებელისახლის ნაწილის კანონით მემკვიდრეს. მესაკუთრეები უძრავ ქონებას ფლობდნენ რეალური წილების განსაზღვრის გარეშე; აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საინვენტარიზაციო გეგმის, სამკვიდრო მოწმობის და მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული 2004წ. 27 აგვისტოს ცნობის საფუძველზე. ნ. ს-ემ არასწორად მიიჩნია სამკვიდრო მოწმობაში მის სახელზე 1\3-I იდეალური წილის არასწორი აღნიშვნა და ამიტომ მიმართა სასამართლოს.

სამკვიდრო მოწმობის გაცემისას ნოტარიუსი დაეყრდნო ტექ-აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემულ იმ დოკუმენტებს, რომლებშიც მითითებული იყო სამი თანამესაკუთრე და არ იყო განსაზღვრული თითოეულის რეალური წილი. სასამართლო პროცესზე კასატორმა წარმოადგინა 1957წ. 2 აგვისტოს და 1956წ. 25 ოქტომბრის ხელშეკრულებები, რომლითაც დასტურდება რომ ¹20 ოთახის ადგილას 1956 წელს იყო ბაღი, რომელიც იმყოფებოდა გ. ხ-ის სარგებლობაში და რომელიც ამ უკანასკნელმა დაუთმო ს-ე ს.ს (კასატორის პაპას), გარკვეული სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ; 1957წ. 2 აგვისტოს ხელშეკრულებით კი დასტურდება, რომ ვ. ხ-მა ს. ს-ეს მიჰყიდა მიშენებული, დაუმთავრებელი ორი ოთახი 25000 მანეთად, სადარბაზოს გამოკლებით, უფლება მისცა მის მიერ მიყიდულ ფართზე მეორე სართულის დაშენების თვით მოპასუხე ი. ხ-მაც დაადასტურა ეს ფაქტი.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, კასატორი თვლის, რომ რეალურად ფლობს იმაზე მეტ ფართს (როგორც შენობის, ასევე მიწის ნაკვეთის) ვიდრე 1\3-ია. სკ-ის 157-ე მუხლის თანახმად მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც სარგებლობდა იგი მამკვიდრებელთან (სამკვიდროს დამტოვებელთან). ამავე კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს; კასატორმა მიიჩნია, რომმამა კ. ს-ე და ბებია ნ. ს-ე უძრავ ქონებას მართლზომიერად ფლობდნენ. ნ. ს-ემ მოითხოვა, რომ მფლობელობა უნდა გადავიდეს იმაზე ისე, რა სახითაც არსებობდა იგი სამკვიდროს დამტოვებელთან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებად თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერების მიხედვით, ირიცხებიან ნ. ს-ე, გ. ხ-ი, ნ. ხ-ი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ს-ემ 2004წ. 31 მაისს მიიღო სანოტარო ფორმით დადასტურებული სამკვიდრო მოწმობა იმ ქონების 1\3-ზე, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ... ¹2-ში. 2004წ. 31 მაისს ნ. ს-ემ მიიღო კ. ს-ის სამკვიდრო ქონება, რომელსაც 1985წ. 30 სექტემბერს გარდაცვლილი ნ. ს-ის სამკვიდრო ქონება მიღებული ჰქონდა, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ არ გააფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები. მამა – კ. ს-ე გარდაიცვალა 1993წ. 30 აპრილს. ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი მესაკუთრე – ნ. ხ-ი გარდაიცვალა 1975 წელს და მისი კანონით მემკვიდრე თ. ხ-ი საქმეში მოპასუხედ იქნა ჩართული; ხოლო მეორე მესაკუთრე გ. ხ-იც გარდაიცვალა და მისი კანონით მემკვიდრე ი. ხ-ი ამ საქმეში ჩართული იქნა მოპასუხედ.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ი. ხ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება. სააპელაციო პალატის 2005წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი, რომლითაც ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ვინაიდან, მისი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რო ი.ხ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია ი. ხ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მას გადაეცეს კუთვნილი ¹20 საცხოვრებელი ფართის (18 კვ.მ); ნ. ს-ემ მოანგრიოს უკანონოდ აშენებული ¹24,25,26 დამხმარე ფართი; უკანონოდ მითვისებული ეზო გაათავისუფლოს ნაგებობებისაგან და ეზო დაუბრუნდეს მის მფლობელებს ე.ი. კასატორს, მის დას და თ. ხ-ს, რადგან მას აღნიშნული მოთხოვნები სსკ-ის მოთხოვნათა დაცვით არც სარჩელით და არც შეგებებული სარჩელით არ დაუყენებია არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოში.

სკ-ის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნ. ს-ის მოთხოვნა (სანამ იგი არ გახდება სადავო სახლის თანამესაკუთრე) თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე თანასაკუთრების გაუქმებისა და მისთვის ფაქტობრივად მის მიერ დაკავებული ფართის საკუთრების უფლებით გამოყოფის შესახებ, საფუძველს მოკლებულია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ნ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას უნდა გამოეყენებინა სკ-ის 1433-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. მოსარჩელისათვის ამ მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებების შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა იმავე კოდექსის 953-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს საზიარო უფლების ცნებას. ამ ნორმის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მოცემულ საქმეზე სასამართლოს სადავო მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე მხარეთა კანონით მინიჭებული უფლების შესაბამისად უნდა გადაეწყვიტა საზიარო უფლების გაყოფის საკითხი.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

მოცემული სქმის ხელახალი განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მოთხოვნის – საზიარო საგანზე წილის განსაზღვრის საფუძვლიანობა და შესაბამისად გადაწყვიტოს მხარეთა შორის საზიარო უფლების გაუქმების საკითხი.

საკასაციო პალატა ვერ დააკმაყოფილებს ი. ხუბულურის მოთხოვნას ყადაღის დადების შესახებ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე ყველა თანამესაკუთრის თანხმობით რეალური წილების განაწილებამდე; სსკ-ის 191-ე მუხლის მეორე წინადადების მოთხოვნაა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ი.ხ-ის მოთხოვნა სადავო საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადების შესახებ კი არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული მუხლის მითითებას და იგი არ არის დასაბუთებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

ი. ხ-ის მოთხოვნა ქ.თბილისში, ..... ქ. ¹2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.