საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-768(კ-23) 25 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ. ნ-ი; მესამე პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 22 ოქტომბერს დ. ნ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ და მოითხოვა: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მოსარჩელე დ. ნ-ის მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 1 ოქტომბრის №SSVA 00021040 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელე დ. ნ-ის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ოქტომრის გადაწყვეტილებით დ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 1 ოქტომბრის №SSVA 00021040 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. ნ-ისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 1 ოქტომბრის №SSVA 00021040 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. ნ-ისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
პალატის მოსაზრებით, განსახილველ საქმეში მსჯელობის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დ. ნ-ის მონაწილეობის ფატის დადგენა.
პალატამ მიუთითა „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონზე, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონსა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებულ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების ნორმათა დანაწესებზე.
სააპელაციო პალატამ, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გარდა, ყურადღება გაამახვილა აგრეთვე 2022 წლის 14 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე დ. ნ-ის მიერ წარმოდგენილ, საქმეზე დართულ, დამატებით მტკიცებულებებზე, კერძოდ, სანოტარო წესით დამოწმებულ 2021 წლის 12 თებერვლის (№...) და 2021 წლის 5 თებერვლის (№210087545) საბრძოლო მოკვლევებზე, რომელთა შესაბამისად, ი. ბ-ე და ფ. თ-ე (მინიჭებული აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსი 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის) ადასტურებენ, რომ დ. ზ.-ს ძე ნ-ე ნამდვილად იღებდა მონაწილეობას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ, 10-11 რიცხვებში იმყოფებოდა მათთან ერთად პოზიციებზე სოფელ ...ში. ამასთან, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2022 წლის 14 დეკემბრის №SSVA 00034396 განცხადებით დგინდება, რომ ი. ბ-ე და ფ. თ-ე (საბრძოლო მოკვლევაზე ხელმომწერი პირები) სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულები არიან 2011 წლიდან. ამავე განცხადებით საქმეში წარმოდგენილია მითითებულ პირებზე სამსახურის ბაზაში დაცული ინფორმაცია (იხ. ს.ფ. 343-353).
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, მტკიცებულებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია დ. ნ-ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ.
კასატორის მითითებით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით (საქმე Nბს-426(კ-21)) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევასა და დადგენაზე მითითებით, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სასამართლოს, რაზეც სააპელაციო პალატას თავის სამოტივაციო ნაწილში არ უმსჯელია და შესაბამისად, პასუხგაუცემელი დარჩა საქმის არსებითად გადასაწყვეტი მთელი რიგი საკითხები.
კასატორი თვლის, რომ სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაბუთებულია და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დ. ნ-ის საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის დამადასტურებლად წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ საბრძოლო მოკვლევა, რაც წარმოადგენს სტატუსის მაძიებლის მიერ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის დამადასტურებელ ერთ-ერთ და არა ერთადერთ მტკიცებულებას. აღნიშნული აგრეთვე განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (სუსგ 05.06.18წ. საქმე Nბს-838-834(კ-17)).
კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე დასაშვებად მიიჩნია, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების, ი. ბ-ეისა და ფ. თ-ეის მიერ გაცემული საბრძოლო მოკვლევები, თუმცა სასამართლოს არ გამოუკვლევია და პასუხგაუცემელი დატოვა, თუ როგორ მოხვდა დ. ნ-ი საომარი მოქმედებების დროს, და იმ პერიოდში, როცა მისივე და მისი ბატალიონის მეთაურის გამარტებებით იგი ევაკუაციას უკეთებდა გორის მშვიდობიან მოსახლეობას, 33 კილომეტრის დაშორებით ახალგორის რაიონის სოფ. ...ში პოლიციის თანამშრომლებთან, ვინ გასცა ბრძანება მის გადაადგილებაზე, რატომ მიატოვა ის საბრძოლო დავალება რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას მოიცავდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნამიღებული სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 1 ოქტომბრის №SSVA 00021040 წერილობით მიმართვას, რომლითაც დ. ნ-ის უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წერილით მიწოდებულ დოკუმენტაციაში 2008 წლის აგვისტოს თვეში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას საბრძოლო დავალების შესასრულებლად დ. ნ-ის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ამასთან, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მიუთითებს, რომ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, თუ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით დ. ნ-ის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი არ დგინდება.
ამდენად, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დ. ნ-ის მონაწილეობის ფაქტის დადგენა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რეზერვისტთა მომზადების №1 ბაზის უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს №187 ბრძანებით მოსარჩელე დ. ნ-ი, რომელიც ირიცხებოდა რეზერვისტთა ...ის პირად შემადგენლობაში, სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, აყვანილ იქნა სანივთე კმაყოფაზე, გაიცა შესაბამისი რაოდენობის მშრალი ულუფა და ჩაითვალა მივლინებულად შიდა ქართლის მიმართულებით 2008 წლის 8 აგვისტოდან.
საბრძოლო მოკვლევის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს ყოფილი რეზერვისტთა მომზადების ბაზა №1-ის (...) ...-ე ბატალიონის მეთაური ი. ს-ი, ყოფილი რეზერვისტთა მომზადების ბაზა №1-ის (...) ...-ე ბატალიონის მეთაური რ. ნ-ე და ყოფილი რეზერვისტთა მომზადების ბაზა №1-ის (...) ინსტრუქტორი ბ. შ-ი, მოსარჩელე დ. ნ-ი ირიცხებოდა ყოფილ რეზერვისტთა მომზადების ბაზა №...-ის (...) ...-ე ბატალიონში მსროლელად და მონაწილეობას იღებდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
ამასთან, სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებულმა, ...-ე ბატალიონის მეთაურმა ი. ს-იმა, რომელმაც ხელი მოაწერა აღნიშნულ საბრძოლო მოკვლევას, განმარტა, რომ მან ნამდვილად ნახა მოსარჩელე დ. ნ-ი ქ. გორში და მისი ინფორმაციით, მას დავალება ჰქონდა მიღებული მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა მან უშუალოდ მიიღო თუ არა ამ დავალების შესრულებაში მონაწილეობა, მისთვის უცნობია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 2017 წლის 22 მაისს წარუდგინა იმ რეზერვისტთა სია, რომლებიც საბრძოლო დავალების შესასრულებლად გაიგზავნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. სწორედ აღნიშნული გარემოება მიეთითა სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად, რასაც არ იზიარებს საკასაციო პალატა და აღნიშნავს, რომ ვეტერანის სტატუსის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს არა კონკრეტული პირის საარქივო მასალებში აღრიცხვის ფაქტი, არამედ კანონით გათვალისწინებული ფაქტის დადგენა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში მონაწილე პირთა სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს. კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად კი, ამ კანონით დადგენილია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; თავდაცვის ძალების ვეტერანები.
მითითებული კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად კი, ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ამავე კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა.
ამასთან, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქცია, რომლის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებების, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის მქონე იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები ძალოვანი უწყების მოსამსახურეებზე დადასტურებულ უნდა იქნეს შესაბამისი უწყების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნოტარიულად („დ.ა“).
სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნების შემდეგ საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ, სანოტარო წესით დამოწმებულ 2021 წლის 12 თებერვლის (№...) და 2021 წლის 5 თებერვლის (№210087545) საბრძოლო მოკვლევები, რომელთა შესაბამისად, ი. ბ-ე და ფ. თ-ე (მინიჭებული აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსი 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის) ადასტურებენ, რომ დ. ზ.-ს ძე ნ-ე ნამდვილად იღებდა მონაწილეობას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ, 10-11 რიცხვებში იმყოფებოდა მათთან ერთად პოზიციებზე სოფელ ...ში (ს.ფ.368-371).
კასატორის მოსაზრებით, სოფელ ...ში ყოფნით მოსარჩელემ მიატოვა საბრძოლო დავალება, ხოლო სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია დ. ნ-ის უფლებამოსილება გადაადგილებაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ ომის მიმდინარეობისას, დროის გარკვეული პერიოდში (10-11 აგვისტო) მოსარჩელის სოფელ ...ში ყოფნა არ ადასტურებს მისთვის დაკისრებული დავალების შეუსრულებლობას, ამასთან, დ. ნ-ის მიერ მისთვის განსაზღვრული დავალების შესრულების ხარისხი არ წარმოადგენს მოცემული დავის საგანს. ამდენად, საქმეში წარმოდგენილია კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები (ბრძანება, საბრძოლო მოკვლევები, მოწმეთა ჩვენებები და სხვ.) ადასტურებს დ. ნ-ის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, რაც წარმოადგენს ვეტერანის სტატუსის მინიჭების საფუძველს.
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ საბრძოლო მოკვლევა წარმოადგენს სტატუსის მაძიებლის მიერ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის დამადასტურებელ ერთ-ერთ და არა ერთადერთ მტკიცებულებას, არ გულისხმობს წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევის უგულებელყოფას, არამედ კანონმდებლობა ვეტერანის სტატუსის მაძიებელს ანიჭებს ფართო შესაძლებლობას შესაბამისი სტატუსის მოპოვებისათვის და აძლევს საშუალებას, მის ხელთ არსებული ნებისმიერი მტკიცებულებით, მათ შორის საბრძოლო მოკვლევით, დაადასტუროს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა.
ამასთანავე, კასატორის მითითება საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმებზე არარელევანტურია, რადგან კასატორი ვერ ასაბუთებს მის მიმართ რომელიმე აღნიშნული ნორმის დარღვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე