№ბს-784(3კ-22) 9 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. გ-ეის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 5 ივლისის №... დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 დეკემბრის №1942 ბრძანება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით დ. გ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. გ-ეის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით დ. გ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 5 ივლისის №... დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 დეკემბრის №1942 ბრძანება დ. გ-ეის 25 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-ემ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
4.1 კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 15 თებერვალს მითითების გამოცემით დაიწყო სამართალდარღვევის საქმისწარმოება, რის საფუძველზეც გამოტანილ იქნა 2019 წლის 5 ივლისის №... დადგენილება, რომლითაც დ. გ-ეს დაეკისრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით და უნებართვოდ განთავსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
კასატორი მიიჩნევს, რომ 2019 წლის 18 სექტემბრის „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტულ პირზე გასავრცელებლად აუცილებელია ორი პირობის კუმულაციურად არსებობა, კერძოდ: 1. სამართალდარღვევა ჩადენილი უნდა იყოს 2019 წლის 15 იანვრამდე; 2. კანონის ამოქმედების (01.10.2019წ.) დროისთვის, გამოტანილი დადგენილება აღსრულებული არ უნდა იყოს. სამშენებლო სამართალდარღვევა დენადი ხასიათისაა და გამოვლენის მომენტში ჩადენილად ითვლება. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე არამართებულია. ზემოაღნიშნული კანონის გამოყენებით სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
4.2 კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, რომ დ. გ-ე, როგორც ომის ვეტერანი, გათავისუფლებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 5 ივლისის №... დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციისაგან, კერძოდ, უდავო გარემოებაა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ დ. გ-ეის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება დაიწყო 2019 წლის 15 თებერვლის №... მითითების შედგენით, რომელშიც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური ნაგებობის, ლითონის კონტეინერის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მშენებლობა. ზემოხსენებული მითითებით დ. გ-ეს, როგორც სამართალდამრღვევს, აღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა 15 კალენდარული დღის ვადაში მოეხდინა ობიექტების დემონტაჟი ან წარედგინა სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების დამადასტურებელი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 7 მარტის №... შემოწმების აქტით დაფიქსირდა ამავე სამსახურის 2019 წლის 15 თებერვლის №... მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის 2019 წლის 7 მაისის 4-3/69-გ/19 ბრძანებით დ. გ-ეის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2019 წლის 7 მაისიდან 2019 წლის 7 ივლისამდე. მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 5 ივლისის №... დადგენილებით დ. გ-ე დაჯარიმდა 25 000 ლარით ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (თვითმმართველის ტერიტორია), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური ნაგებობის, ლითონის კონტეინერის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით მასვე დაევალა უნებართვოდ აშენებული ობიექტების დემონტაჟი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, თუმცა სამშენებლო სამართალდამრღვევი გაათავისუფლა დაკისრებული ჯარიმისგან/საურავისგან. სასამართლო განმარტავს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან - ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან დ. გ-ე კანონის ამოქმედებამდე იყო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტის მიხედვით, იგი გათავისუფლებულია 2019 წლის 5 ივლისის №... დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან. გაურკვეველია, როგორ დაადგინა სასამართლომ სამართალდარღვევის 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენის ფაქტი მაშინ, როდესაც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია 2019 წლის 15 თებერვლის №... მითითებით, ხოლო დაჯარიმების შესახებ №... დადგენილება გამოცემულია 2019 წლის 5 ივლისს.
კასატორის განმარტებით, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დროში უწყვეტად განგრძობას, სანამ არ მოხდება მისი გამოვლენა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილება და მითითება კანონის ამოქმედების შემდგომაა გამოცემული. ამასთან, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება სამართალდარღვევის კანონის ამოქმედებამდე ჩადენის ფაქტი. სამართალდარღვევის ჩადენის დროს წარმოადგენს დადგენილების გამოცემის თარიღი - 2019 წლის 5 ივლისი. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დ. გ-ეზე 2019 წლის 18 სექტემბრის „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება უსაფუძვლოა.
4.3 კასატორის - დ. გ-ეის განმარტებით, მის მიერ განთავსებული ე.წ ვაგონი არ არის კაპიტალური ნაგებობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივად არარსებული კაპიტალური სახლის დემონტაჟი დაავალა, რაც არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს (ნაგებობის კატეგორიას), რასაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ასევე არასწორად მიიჩნიეს მოსარჩელის მიერ განთავსებული ვაგონი კაპიტალურ ნაგებობად, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
სასამართლოებს არ გაუთვალისწინებიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ შეტანილია განცხადება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. ამასთან საყურადღებოა, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი და დემონტაჟის განხორციელების შემთხვევაში დარჩება საცხოვრებლის გარეშე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. გ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ეის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 15 თებერვალს შედგენილ იქნა მითითება №..., რომლის თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური ნაგებობის, ლითონის კონტეინერის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მშენებლობა. ზემოაღნიშნული მითითებით დ. გ-ეს, როგორც სამართალდამრღვევს, აღნიშნული დარღვევების გამოსწორების მიზნით, დაევალა 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი (ს.ფ 105-106); ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2019 წლის 7 მარტს შედგენილ იქნა №... შემოწმების აქტი, რომლის თანახმად მოქალაქე დ. გ-ემ 2019 წლის 15 თებერვალს გამოცემული №... მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა (ს.ფ 96-97); გ) 2019 წლის 26 მარტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადებულმა დ. გ-ემ დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტების ჩაბარება და განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია მის მიერ. მანვე აღნიშნა, რომ მიმართული ჰქონდა მიწის აღიარების კომისიისათვის და ელოდებოდა პასუხს. მხარემ ითხოვა მაქსიმალური ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (ს.ფ 95); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის 2019 წლის 7 მაისის №4-3/69-გ/19 ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 15 თებერვლის №... მითითების საფუძველზე მოქ. დ. გ-ეის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2 თვით (ს.ფ 93); ე) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 5 ივლისის №... დადგენილებით მოქალაქე დ. გ-ე დაჯარიმდა 25 000 ლარით ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდზე (თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური ნაგებობის მშენებლობის, ლითონის კონტეინერისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის განთავსებისათვის. ამავე დადგენილებით დ. გ-ეს დაევალა, ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდზე (თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული (განთავსებული) კაპიტალური ნაგებობის, ლითონის კონტეინერისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი (ს.ფ 11-13); ვ) 2019 წლის 24 ივლისს, დ. გ-ეის წარმომადგენელმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №19/01192051496-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 5 ივლისის №... დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით (ს.ფ 76-78); ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 დეკემბრის №1942 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა დ. გ-ეის წარმომადგენლის 2019 წლის 24 ივლისის №19/01192051496-01 ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 5 ივლისის №... დადგენილება (ს.ფ 15-21); თ) საქმეში წარმოდგენილია გ. ლ-ასა და ნ. ჭ-ას განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი ადასტურებენ, რომ მათი მეზობელი დ. გ-ე, 2005 წლიდან ფლობს და სარგებლობს 642 კვ.მ. მიწის ნაკვეთით (ს/კ ...) მასზე მდებარე აშენებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის მიმდებარედ (სკოლა „მ...“) (ს.ფ 213).
საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედ 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით.
ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები) (მე-2 ნაწილი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 ნაწილი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა- ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (მე-9 ნაწილი). კანონით გათვალისწინებულ ვადაში (2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით) დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან (მე-13 და მე-14 ნაწილები).
საკასაციო პალატა მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - 02.03.2020, №139) 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანხმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა.
ზემოაღნიშნული დადგენილების 66-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. მე-7 პუნქტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, 5 დღის ვადაში, წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე, წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობასა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას (გარდა ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
მოცემულ შემთხვევაში დ. გ-ეის მიერ, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის (მშენებლობის ნებართვა/დასტური) გარეშე, განხორციელებულ იქნა კაპიტალური ნაგებობის, ლითონის კონტეინერის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მშენებლობა, რითაც დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული დადგენილების მოთხოვნები. ამასთან, მოსარჩელეს დარღვევა არ გამოუსწორებია არც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ მიღებული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონიერია.
კასატორი დ. გ-ეის შედავებაზე, რომ მიმართული აქვს აღიარების კომისიისთვის ქონების ლეგალიზაციის მოთხოვნით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისაგან მიჯნავს არქიტექტურულ ქალაქთმშენებლობის პროცესებსა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს და განსაზღვრავს ამ უფლებამოსილებათა განმახორციელებელ განსხვავებულ ორგანოებს, კერძოდ, საჯარო რეესტრი განიხილება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოდ, ხოლო სამშენებლო სამუშაოებისთვის კანონიერის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ან ლეგალიზების აქტი. საკუთრების უფლების აღიარების კომისია წარმოადგენს ორგანოს, რომელიც ადასტურებს პირის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტს. ამასთან, არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და შენობა-ნაგებობის ლეგალიზება, კერძოდ, პირს, რომელიც აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, უფლება აქვს მოიპოვოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, ხოლო შენობა-ნაგებობის ლეგალიზებაში, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ თანახმად, იგულისხმება უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით მოწყობილი ობიექტის ლეგალიზება (დაკანონება). მითითებული წესის პირველი მუხლის თანახმად, 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის დაკანონებას, ექსპლუატაციაში მიღებას. გასათვალისწინებელია, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ (გ) პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება დ. გ-ეის მიერ შესაბამისი ორგანოსადმი მიმართვა, საქმეში არ მოიპოვება აგრეთვე მშენებლობის ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის მიმართვას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების აღიარება ასეთის დადასტურების პირობებშიც კი არ ქმნის სადავო მშენებლობის კანონიერად მიჩნევის საფუძველს, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხი გავლენას არ ახდენს მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შეფასებაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ფიზიკური პირის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამავე კანონის შესაბამისად.
აღნიშნული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ბ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან); გ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი; ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი − დევნილი. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა − ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან.
გათვალისწინებით იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 5 ივლისის №... დადგენილების თანახმად, დ. გ-ეის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევად მიჩნეულ იქნა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური ნაგებობის, ლითონის კონტეინერის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მშენებლობა, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებას, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილი არ არის 2019 წლის 15 იანვრამდე. ამ მხრივ სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე საქმეში წარმოდგენილ გ. ლ-ასა და ნ. ჭ-ას განცხადებას, რომლის თანახმად, დ. გ-ე 2005 წლიდან ფლობს და სარგებლობს 642 კვ.მ მიწის ნაკვეთით (ს/კ ...) და მასზე მდებარე აშენებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის ომის ვეტერანი (ს.ფ. 207). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არსებობს ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათის დ. გ-ეზე გავრცელებისა და მისი დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. გ-ეის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
3. დ. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. კ-ეის მიერ 26.07.2022წ. №13968996768 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე