Facebook Twitter
საქმე №ბს-794(2კ-23) 19 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 5 სექტემბერს ბ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 იანვრის №21-17/3609 წერილის და 2022 წლის 6 აპრილის №8553 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 29 ივლისის №16455/2/2022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ავტომანქანებზე: BMW X5 (VIN - ...), LEXUS 460 (VIN - ...) და Toyota Camry (VIN - ...), გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმების შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება მ. გ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 იანვრის №21-17/3609 წერილი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 აპრილის №8553 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 29 ივლისის №16455/2/2022 გადაწყვეტილება. მოპასუხეს - სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ავტომანქანებზე: BMW X5 (VIN - ...), LEXUS 460 (VIN - ...) და Toyota Camry (VIN - ...), გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმების შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზის მონაცემებით, ავტომანქანებზე: BMW X5 (VIN - ...), LEXUS 460 (VIN - ...) და Toyota Camry (VIN - ...), რეგისტრირებულია ი/მ მ. გ-ის (ს/ნ ...) სახელზე. ასევე დადგენილადად იქნა მიჩნეული, რომ 2022 წლის 10 იანვარს, ბ. ჯ-მა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და ზეემოაღნიშნულ ავტომანქანებზე ი/მ მ. გ-ის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 დეკემბრის №006-61731 შეტყობინების საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმება მოითხოვა. სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო 2022 წლის 18 იანვრის №21-17/3609 გადაწყვეტილებით, ბ. ჯ-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რაც მის მიერ გასაჩივრდა საჩივრით. სსიპ შემოსავლების სამსახურის სადავო 2022 წლის 6 აპრილის №8553 ბრძანებით, ბ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელისა და მესამე პირის ახსნა-განმარტებებზე. კერძოდ, მესამე პირმა აღნიშნა, რომ სადავო ავტომანქანები საზღვარგარეთ შეიძინა და საქართველოში შემოტანის შემდეგ ბ. ჯ-ს მიჰყიდა. თავის მხრივ, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაიხადა ნასყიდობის ფასი, რის საფუძველზეც გამყიდველმა ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცა მის მიერ შეძენილი ავტომანქანები. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები 27.10.2011წ. საქმე №ას-914-954-2011, 5.12.2014წ. საქმე №ას-658-625-2014, 23.03.2016წ. საქმე №ას-1189-1119-2015) მითითებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტისას პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს, რომლის თანახმად „ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია საჯაროსამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში განსახორციელებელი ვალდებულებაა და დამატებით წინაპირობას ავტომობილზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ წარმოადგენს. რეგისტრაციის აუცილებლობა მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება, რაც თავისი არსით - ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-914-954-2011, 2018 წლის 30 ივლისის განჩინება საქმეზე №ას-658-658-2018).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია მ. გ-ის მიერ მოსარჩელისათვის ავტომანქანებზე საკუთრების უფლების გადაცემის ფაქტი. აღნიშნული გარემოებები კი, ერთობლივად გამორიცხავდა მოსარჩელეზე გადაცემულ მოძრავ ქონებაზე გადასახადის გადამხდელის - გამყიდველის, მ. გ-ის შესაძლო ვალდებულებებიდან გამომდინარე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რის გამოც უნდა გაუქმდეს. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ავტომანქანების რეგისტრაცია მხოლოდ საზგაო მოძრაობის უსაფრთხოებას ემსახურება და სხვა მოძრავი ნივთის მსგავად, მესაკუთრის ცვლილებისთვის მისი რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. კასატორი მიუთითებს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. სწორედ აღნიშნული კანონის შესაბამისად არის გამოცემული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაც, რომლის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მესაკუთრე არის დაინტერესებული პირი, რომლის მექანიკურ სატრანსპორტო - საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა დასტურდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით. კანონმდებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ განიხილავს პირს, რომელიც რეგისტრირებულია მესაკუთრედ შსს-ს მომსახურების სააგენტოში. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
კასატორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილი უზენაესი სასამართლოს განჩინებებისა, საკასაციო სასამართლომ მომდევნო წლებში მიღებულ განჩინებებში (საქმე №ას-1685-1579-2012; 2012 წლის 26 ივლისის საქმე №ას-971-912-2012) ერთმანეთისგან გამიჯნა 2009 წლის 17 ივლისამდე (რეგისტრაციის ვალდებულებამდე) და მას შემდეგ შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობა. ზემოაღნიშნული განჩინებებიდან ცალსახად დგინდება, რომ ავტომანქანქანაზე საკუთრების უფლება მოიპოვება რეგისტრაციის შედეგად.
კასატორი მიიჩნევს, რომ ი/მ მ. გ-ის (ს/ნ ...) მთელ ქონებაზე, მათ შორის, სადავო ავტომანქანებზე (BMW X5 Vin: ..., Lexus 460 Vin: ... და Toyota Camry Vin: ...) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 239-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რადგან ზემოაღნიშნულ ქონებაზე მოსარჩელეს საკუთრება არ გააჩნდა.
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე, 239-ე, 238-ე, 241-ე, 242-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანომ კანონის სრული დაცვით გაავრცელა მესამე პირის სახელზე რიცხულ ქონებაზე საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებები. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოების მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლების საფუძვლად მის სახელზე გაცემულ მინდობილობაზე მითითებას. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ბ. ჯ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის შინაარსზე, რომლითაც მას აქვს ავტომაქანების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება. კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მინდობილობა არ წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. კასატორი აღნიშნავს, რომ მ. გ-ს მსგავსი მინდობილობა ასევე გაცემული აქვს რ. ნ-ას (პ/ნ ...) სახელზეც, სადაც მითითებულია, რომ რ. ნ-ას მ. გ-ი ანიჭებს უფლებამოსილებას მის კუთვნილ ნებისმიერი მოდელის ავტომანქანაზე განახორციელოს საბაჟო პროცედურა. კასატორი აღნიშნავს, რომ მხოლოდ მინდობილობის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნევა, როდესაც არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზის მონაცემები, არალოგიკური და უსაფუძვლოა. კასატორისთვის ალოგიკურია სასამართლოს მოსაზრება მოწმეთა ჩვენებების თანხვედრაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ წინაპირობადაა მიჩნეული. კასატორი განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილება მესამე პირის ინტერესებში შედიოდა, რაც საეჭვოს ხდის მის ჩვენებას. კასატორი აღნიშნავს, რომ საბაჟო მინდობილობის შესაბამისად, მინდობილ პირს სწორედ აღნიშნული პროცედურების განხორციელება ევალება, რაც თავის თავში არ გულისხმობს, რომ საქონელი, რომელზეც მინდობილმა პირმა გადაიხადა მომსახურების საფასური აპრიორი მისი საკუთრებაა. ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ Toyota Camry (Vin: ...)-ის შემთხვევაში - მ. გ-ს თავად აქვს მომსახურების საფასური გადახდილი, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის ბაზაში არსებული ინფორმაციით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 29 ივლისის №16455/2/2022 გადაწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 იანვრის №21-17/3609 წერილისა და 2022 წლის 6 აპრილის №8553 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ავტომანქანებზე: BMW X5 (VIN - ...), LEXUS 460 (VIN - ...) და Toyota Camry (VIN - ...), გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზის მონაცემებით, ავტომანქანები: BMW X5 (VIN - ...), LEXUS 460 (VIN - ...) და Toyota Camry (VIN - ...), რეგისტრირებულია ი/მ მ. გ-ის სახელზე.
სანოტარო წესით დამოწმებული 2021 წლის 8 ოქტომბრის მინდობილობის თანახმად, მ. გ-მა ბ. ჯ-ს მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილებები: მისი სახელით მიიღოს საქართველოს ნებისმიერ საბაჟოზე მისი კუთვნილი ნებისმიერი მოდელის ავტომანქანები, ტვირთი და განკარგოს ისინი, ამასთანავე, მართოს და განკარგოს საქართველოში მის სახელზე აღრიცხული ნებისმიერი მოდელის ავტომანქანები, აიღოს საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობები, აიღოს ტრანზიტული ნომრები, შეასრულოს საბაჟო დეკლარირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება, გადაავადოს ავტომანქანების განბაჟების ვადა, შეიყვანოს ტერმინალში, გამოიყვანოს ტერმინალიდან, შეიტანოს განბაჟების თანხანებისმიერ ბანკში, განაბაჟოს ავტომანქანები და ტვირთი, აიღოს ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობები და ნომრები, გაყიდოს ავტომანქანები, განახორციელოს რეექსპორტი, ექსპორტი, გამოიყვანოს საჯარიმოდან, ჩამოწეროს, გადაიფორმოს თავის სახელზე ან გადააფორმოს ნებისმიერი მესამე პირის სახელზე, გადააფორმოს და ხელი მოაწეროს შესაბამის ხელშეკრულებებს, გადაიხადოს გადასახადები, ჯარიმები, წარადგინოს და აიღოს ყველა საჭირო ცნობები და საბუთები, ჩაუტაროს ექსპერტიზა, აიღოს ექსპერტიზის დასკვნა. მინდობილობა გაცემულია ერთი წლის ვადით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №006-61731 შეტყობინების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მეოთხე ნაწილისა და 239-ე მუხლის საფუძველზე, ინდივიდუალური მეწარმის მ. გ-ის ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2022 წლის 10 იანვარს, ბ. ჯ-მა №1668/21-11 განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და BMW X5-ის (VIN - ...), LEXUS 460-ის (VIN - ...) და Toyota Camry-ის (VIN - ...) მარკის ავტომანქანებზე ი/მ მ. გ-ის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 დეკემბრის №006-61731 შეტყობინების საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმება მოითხოვა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 იანვრის №21-17/3609 გადაწყვეტილებით, ბ. ჯ-ს №1668/21-11 განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რაც საჩივრით გაასაჩივრა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 აპრილის №8553 ბრძანებით, ბ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2022 წლის 28 აპრილს, ბ. ჯ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 იანვრის №21-17/3609 გადაწყვეტილებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 აპრილის №8553 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 29 ივლისის №16455/2/2022 გადაწყვეტილებით, ბ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზის მონაცემებით, ავტომანქანებზე: BMW X5 (VIN - ...), LEXUS 460 (VIN - ...) და Toyota Camry (VIN - ...), საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ი/მ მ. გ-ის სახელზე. შესაბამისად, ვინაიდან, სადავო ავტომანქანები არ წარმოადგენდნენ მომჩივნის საკუთრებას, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო მართლზომიერი და არ არსებობდა მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ხოლო 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ღონისძიებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
ამავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად. ასევე, მითითებული მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება უქმდება: ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანებისდაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში; ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად; გ)საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში; დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში; დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება; ზ)ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის და გასაჩივრებული აქტების კანონიერების შესაფასებლად არსებითი მნიშვნელობისაა სადავო აქტებში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრის ვინაობის განსაზღვრა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და არ იზიარებს კასატორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიციას სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოსაშობად სახელმწიფო ორგანოში მესაკუთრის რეგისტრაციის სავალდებულობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ბ. ჯ-ს რეგისტრაცია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით არ გაუვლია, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად მან საკუთრება სადავო მოძრავ ნივთებზე მოიპოვა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საქმეში დაცული ბ. ჯ-ის სახელზე გაცემული ავტომანქანის განკარგვის ფართო სპექტრის უფლებამოსილების მიმნიჭებელი მინდობილობის, მესამე პირის და მოსარჩელის ახსნა-განმარტებებით ცალსახად დგინდება სადავო აქტებში მოხსენიებულ მოძრავ ნივთებზე მოსარჩელისთვის საკუთრების უფლების გადაცემის ფაქტი. კასატორის მტკიცება მოსარჩელესა და მესამე პირს შორის გაფორმებული მინდობილობის შინაარსზე და ნასყიდობის ხელშეკრულების არარსებობაზე, ვერ აქარწყლებს ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. ჯ-სა და მ. გ-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, ხოლო კასატორებმა მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეძლეს საწინააღმდეგოს დადასტურება. ნიშანდობლივია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები სადავოდ არ ხდიან სადავო აქტებში მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ამ ტიპის ხელშეკრულების დადებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ავტომანქანაზე, როგორც სპეციფიკურ მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის საკმარისია თუ არა დაუფლება სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2011 წლის 27 ოქტომბრის №ას-914-954-2011 განჩინებაში განმარტა, რომ „საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას (იხ: სუსგ №ას-914-954-11, 27.10.2011 წელი, №ას-733-1003-05; ას-914-954-2011; №ას-463-445-2016). „ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია საჯაროსამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში განსახორციელებელი ვალდებულებაა და დამატებით წინაპირობას ავტომობილზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ წარმოადგენს. რეგისტრაციის აუცილებლობა მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება, რაც თავისი არსით - ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება“. ასევე, „სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-1184-1129-2013). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საკასაციო საჩივარში დასახელებული უზენაესი სასამართლოს განჩინებები არ არის ზემოაღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო და არ შეიცავს მოცემული საკითხის სხვაგვარ მოწესრიგებას.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების მიერ დავის მოსაწესრიგებლად „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის და „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანების მოხმობა მოცემულ დავასთან მიმართებით არარელევანტურია, რადგან ზემოაღნიშნული კანონის მიზანი საავტომობილო ტრანსპორტის სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული საქმიანობის საფუძვლების საჯარო სამართლებრივი და არა კერძო სამართლებრივი მოწესრიგებაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახს მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სახეზე იყო მოსარჩელის მფლობელობაში ავტომანქანის გადაცემის ფაქტი, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტის მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საინფორმაციო ბაზის შესაბამისად არსებული ინფორმაციის საფუძველზე არ უნდა გაევრცელებინა ყადაღა, რამეთუ ხელყოფილ იქნა მოსარჩელის კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო განაცხადი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა