Facebook Twitter

საქმე №ბს-796(2კ-23) 14 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

კასატორი (მოსარჩელე) – მ. კ-ა

კასატორები (მესამე პირები)- რ. კ-ა, მ. ხ-ა

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 29 აპრილს მ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ჰყავს მეუღლე - რ. კ-ა და მული - მ. ხ-ა. დევნილობის პერიოდიდან ცხოვრობენ ერთ ოჯახად. ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. რ. კ-ა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანია, ხოლო მ. ხ-ა შშმ პირი. ოჯახმა შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადი. ოჯახს მიენიჭა 7 ქულა, 1,5 ქულა ქირის ნაწილში, 2 ქულა სოციალურის ნაწილში, 2 ქულა შშმ პირის ნაწილში და 1,5 ქულა ვეტერანის ნაწილში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. №03-963/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელე მ. კ-ას და განაცხადით გათვალისწინებულ პირებს (ოჯახს) იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვათ ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. აღსანიშნავია, რომ ბინა მიიღეს უფრო დაბალი ქულის მქონე ოჯახებმა (4,5 ქულა). მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან ფართით უზრუნველყოფის საჭიროება დადგენილია იმ ნორმატიული აქტით, რომლის საფუძველზეც მინიჭებული აქვთ უმაღლესი ქულა. ცნობილია, რომ ქულა განსაზღვრავს განსახლების საჭიროებას და პრიორიტეტულობას.

ამდენად მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03/963 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელის და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ რ. კ-ა და მ. ხ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-963/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-ამ, რ. კ-ამ და მ. ხ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ. კ-ას, რ. კ-ას, მ. ხ-ას და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

სააპალაციო პალატამ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაადგინა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ვინაიდან, მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში და მხოლოდ ის გარემოება, რომ ისინი მითითებულ მისამართზე ცხოვრობენ 1992 წლიდან და რომ აღნიშნული ქონება ნათესავის საკუთრებაშია, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ოჯახს არ ესაჭიროება გადაუდებელი განსახლება, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული ბინის მესაკუთრის - დ. ხ-ა-რ-ას წერილობითი განმარტება (ს.ფ. 123) იმის თაობაზე, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, იგი ითხოვდა მისი ბინის გამოთავისუფლებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის წინაპირობები. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხის ხელახლა განხილვისას უნდა დადგენილიყო არსებობდა თუ არა გადაუდებელი განსახლების საჭიროება და კვლავ ითხოვდა თუ არა ბინის მესაკუთრე მის გამოთავისუფლებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-ამ, რ. კ-ამ და მ. ხ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეყრდნობა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კასატორის განმარტებით, მ. კ-ა 2013 წლიდან აკეთებდა განაცხადს, რომელშიც საცხოვრებელ მისამართად უთითებდა ქ. თბილისში, ...ში, მე-... მ/რ, ... კორპუსში, ბინა №10-ში ქირით ცხოვრებას. 2020 წლის 17 ნოემბერს განხორციელებული მონიტორინგისას მხარემ განმარტა, რომ აღნიშნული ბინა ეკუთვნის მეუღლის ძმისშვილს-დ. ხ-ა-რ-ას, 1992 წლიდან ცხოვრობს ქირით. თავად ბინის მესაკუთრე ცხოვრობს მეუღლის ბინაში. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე 1992 წლიდან შეუზღუდავად ცხოვრობს ნათესავის სახლში, ქირის თანხის დაფინანსებასთან დაკავშირებით სააგენტოსთვის არ მოუმართავს. ბინის მესაკუთრის მიმართვა ფართის გამოთავისუფლების შესახებ წარმოდგენილი არ ყოფილა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მოქმედი ნორმა (8.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანება), გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილ პირთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, კერძოდ პირველ რიგში ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და არ გააჩნიათ ალერნატიული საცხოვრებელი. ცხადია, ეს ნორმა არ უარყოფს და ეჭქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, თუმცა სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, მათ ეტაპობრივად აკმაყოფილებს. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სხვა დევნილ ოჯახებთან მიმართებაში უსამართლოა, რადგან ამ უკანასკნელთ არ შეუძლიათ ნათესავების საცხოვრებლით თავისუფლად სარგებლობა.

კასატორები - მ. კ-ა, რ. კ-ა და მ. ხ-ა აღნიშნავენ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმად, სხვის, თუნდაც ნათესავის საკუთრებაში ცხოვრება ვერ იქნება დევნილისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლოებმა უარყვეს ბინის მესაკუთრის უფლება საკუთარი საცხოვრებლით სარგებლობის შესახებ. კასატორებისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა რაოდენობა, არამედ სხვის საკუთრებაში ცხოვრების გამო, გადაუდებელი განსახლების საჭიროების ამ ეტაპზე არარსებობა, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში გაკეთებულ განმარტებებთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მ. კ-ას, რ. კ-ას, მ. ხ-ას საკასაციო საჩივრები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ას, რ. კ-ას და მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მ. კ-ას, რ. კ-ას და მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება დაშვებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. კ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს, რომლის შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-963/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის, მოსარჩელის და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

დადგენილია, რომ მ. კ-ამ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. მ. კ-ამ განაცხადი წარადგინა მეუღლესთან - რ. კ-ასთან და მულთან - მ. ხ-ასთან ერთად. შეფასების შედეგად, მ. კ-ას და მის ოჯახს მიენიჭა 7.00 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები - 1.50 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 57001 – 60000 შორის სარეიტინგო ქულით - 2.00 ქულა; მ. ხ-ა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ,,შშმპ’’ - მნიშვნელოვნად გამოხატული - 2.00 ქულა; რ. კ-ა - ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი - 1.50 ქულა, საბოლოდ - 7.00 ქულა).

2020 წლის 17 ნოემბერს, მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისში, ...ში, მე-... მ/რ, ... კორპუსში, ბინა №10-ში განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. მონიტორინგის დროს, მითითებულ მისამართზე მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდათ თავად მ. კ-ა და მისი მული - მ. ხ-ა. მოსარჩელემ მონიტორინგის თანამშრომლებს განუმარტა, რომ აღნიშნული ბინა ეკუთვნოდა მეუღლის ძმის შვილს - დ. ხ-ა-რ-ას და 1992 წლიდან ცხოვრობდა ქირით, იხდიდა 300 ლარს. თავად მესაკუთრე ცხოვრობდა მეუღლის სახლში, ...ში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 საოქმო გადაწყვეტილებით, მ. კ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ მოცემულ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა 1992 წლიდან ბიძაშვილის სახლში ცხოვრების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-963/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), მ. კ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ქ. თბილისში, მოცემულ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 ოქმის მიხედვით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილთა ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა.

უდავოა, რომ მოსარჩელის ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება და ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №7 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №7 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში ქირით ან ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. შესაბამისად, მხოლოდ ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოცემულ საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. დევნილთა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიას ქმნის დევნილის უფლება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, რაც მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30-ნ №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1), მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა გულისხმობს ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვას.

დასახელებული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა.

ამდენად, დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება, რომლის რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, დევნილი ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. აღნიშნული მიზნად ისახავს როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა მიმართ ნაკისრი ვალდებულებების ეტაპობრივ შესრულებას, სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან და მატერიალური რესურსიდან გამომდინარე, ასევე თავდაპირველად ისეთი დევნილების უფლებების დაცვასა და განსახლებას, რომლებიც განსაკუთრებით, სხვებზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს დახმარებას. სწორედ დევნილი ოჯახისთვის მინიჭებული ქულების ოდენობაზეა დამოკიდებული დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

ამასთან, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი კრიტერიუმების გარეშე, დევნილი ოჯახისათვის პრიორიტეტის მინიჭების პირობებს ითვალისწინებს და განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კატეგორიებს, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამდენად, ზოგადი წესის მიხედვით, სახელმწიფოს ვალდებულება - უზრუნველყოს დევნილი ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით, ხორციელდება კრიტერიუმების საფუძველზე, საჭიროებათა პრიორიტეტულობის პრინციპით, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, მითითებული „წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ დევნილ ოჯახებთან მიმართებაში, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხორციელდება მინიჭებულ ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ჩათვალეს, რომ მიუხედავად საქმეში არსებული მოსარჩელის ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის - დ. ხ-ა-რ-ას წერილობითი განცხადებისა, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას ორგანოს მიერ გამოსაკვლევ საკითხს წარმოადგენდა კვლავ სურდა თუ არა მესაკუთრეს ბინის გამოთავისუფლება.

ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო სამართალურთიერთობის ამგვარი შეფასებით უგულებელყოფილია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ გაწერილი პროცედურის გავლისა და შესაბამისი პროცედურის საფუძველზე დევნილი ოჯახისთვის მინიჭებული ქულების მნიშვნელობა. საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ ქვეყანას, მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, არ გააჩნია შესაძლებლობა ყველა დევნილი ოჯახი ერთბაშად უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით და მიუთითებს, რომ სწორედ აღნიშნული მიზეზით, კანონი გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რასაც ემსახურება კრიტერიუმების საფუძველზე დევნილი ოჯახისთვის შესაბამისი ქულის მინიჭება.

ამასთან, საყურადღებოა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, ამ ეტაპზე მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის შესახებ, რასაც არ ეთანხმება საკასაციო სასამართლო და მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე არსებული კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსაზრებას მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით. კასატორის მითითება, რომ მოსარჩელეს მისი ნათესავის საკუთრებაში არსებული ბინით შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს, არ წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის და დასაბუთებულ საფუძველს. ((საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2021წ. №ბს-1129(კ-20), 23.12.2021წ. №ბს-900(კ-21), 13.01.2022წ. №ბს-946(კ-21), 10.03.2022წ. №ბს-1013(კ-21), 19.05.2022წ. №ბს-244(კ-22), 21.07.2022წ. №ბს-147(კ-22) განჩინებები).

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც უდავოა მოსარჩელის და მისი ოჯახის საკუთრებაში უძრავი ქონების არარსებობა, ასევე მინიჭებულ ქულათა რაოდენობა საკმარისი იყო საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო საქმეში წარმოდგენილია ბინის მესაკუთრის განცხადება ბინის გამოთავისუფლების თაობაზე, სახეზე იყო სარჩელის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობები. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მ. კ-ასთვის (განცხადებით გათვალისწინებული პირებს) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი იმ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, დასაბუთებული არ არის.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების - მ. კ-ას, რ. კ-ას და მ. ხ-ას პოზიციას მასზედ, რომ საქმეში დაცული ბინის მესაკუთრის განცხადებით, ნათელია მისი პოზიცია საცხოვრებლის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დევნილი ოჯახის წევრთა შემადგენლობაში შედის შშმ პირი - მე-2 ჯგუფის ინვალიდი - მ. ხ-ა.

საქართველოს კონსტიტუციის 11.4. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით), 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამავე კონვენციის 28.2 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას სოციალურ დაცვაზე, ამ უფლებით შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გამოყენების უფლებას და იღებენ შესაბამის ზომებს მისი დაცვისა და რეალიზებისათვის, მათ შორის: a. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სუფთა წყლის მიღების, შესაბამისი და ხელმისაწვდომი მომსახურების, საშუალებებისა და ასევე შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული სხვა დახმარების მისაწვდომობას; b. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ ქალების, გოგონებისა და ხანდაზმულებისათვის სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრაზე მიმართული პროგრამების მისაწვდომობას; c. უზრუნველყოფენ სიღარიბის პირობებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეული ფინანსური დანახარჯების დაფარვისათვის, მათ შორის: ადეკვატური განათლება, კონსულტირება, ფინანსური დახმარება და დროებითი მზრუნველობა. d. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო საცხოვრებელის პროგრამების მისაწვდომობას; e. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საპენსიო დახმარებისა და პროგრამების თანაბარი მისაწვდომობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის წევრთა სტატუსის (შშმ პირები) გათვალისწინებით დევნილთა უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის განსაკუთრებული საჭიროებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა მხედველობაში მიღებული.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორცილებისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორცილებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც ის გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციული აქტით მიყენებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არსებითია, მმართველობითი საქმიანობა იყოს ეფექტური და ეფუძნებოდეს თითოეული პირის რეალურ, ინდივიდუალურ ინტერესს. დაუშვებელია მმართველობითი ორგანოები ხელოვნური, უსაფუძვლო ბარიერების შექმნის გზით აფერხებდნენ ან ხელს უშლიდნენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების წარმოშობასა და რეალიზაციას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანებით მ. კ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში დაცული დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა, ხოლო მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული აქვს 7 ქულა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაყრდნობოდა პრიორიტეტულობის პრინციპს და გადაწყვეტილება მიეღო მოსარჩელის ოჯახისთვის მინიჭებული ქულების საფუძველზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-ას, რ. კ-ას და მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება დაშვებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. კ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-963 ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს მოსარჩელის და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ. კ-ას, რ. კ-ას და მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება დაშვებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-963/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს მოსარჩელის და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ბ. აბუსერიძე

ბ. სტურუა