Facebook Twitter
№ბს-824(კ-23) 19 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2021 წლის 28 ივნისს ნ.ქ-ამ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
სარჩელის თანახმად, ნ.ქ-ა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 17 აგვისტოს №... ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის ...დ. ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობისგან შენიშვნაც კი არ მიუღია, თუმცა ვითარება შეიცვალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 11 დეკემბრის ბრძანებით შეეფარდა დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომა - გაფრთხილება, რომელიც, მოსარჩელის მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო. დასახელებული აქტი მას არ გაუსაჩივრებია. ამის შემდეგ, მასზე ზეწოლა ძლიერდებოდა და იგი იძულებული გახდა 2021 წლის 28 აპრილს წერილობით მიემართა ქვემო ქართლის საოლქო პროკურორისთვის, გენერალური აუდიტორისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სამსახურისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის, სადაც დეტალურად აღწერა მის გარშემო განვითარებული მოვლენები და გამომწვევი ფაქტორები. განცხადებების წარდგენიდან მეორე დღეს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 29 აპრილის ბრძანებით, ნ.ქ-ას მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება, ხოლო მერის 2021 წლის 28 მაისის №... ბრძანებით მას შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური.
მოსარჩელე არ დაეთანხმა სადავოდ გამხდარ ბრძანებას და განმარტა, რომ დისციპლინური წარმოება ფორმალური იყო და საბოლოო შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული. მანვე აღნიშნა, რომ 2021 წლის 28 მაისის №... ბრძანება უკანონო იყო და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. ნ.ქ-ა ასევე არ დაეთანხმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ხელმძღვანელის - ქ.ბ-ის აცილების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ხელმძღვანელის - ნ.ქ-ას წარმომადგენლის 2021 წლის 25 მაისის №22/3821145126-38 განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 28 მაისის №... ბრძანებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული ბრძანებაც უკანონო იყო და ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას.
ამრიგად, ნ.ქ-ას სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის ...ის - ნ.ქ-ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის შეფარდების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 28 მაისის №... ბრძანებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ხელმძღვანელის - ქ.ბ-ის აცილების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ...ის ნ.ქ-ას წარმომადგენლის 2021 წლის 25 მაისის №22/3821145126-38 განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 28 მაისის №... ბრძანების ბათილად ცნობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ქ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის ...ის ნ.ქ-ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის შეფარდების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 28 მაისის №... ბრძანება და მოპასუხეს, საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ნ.ქ-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე, 87-ე, 89-ე, 96-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის დისციპლინური სახდელის - საყვედურის დაკისრების საფუძვლად მითითებული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ი სტრუქტურული ერთეულის ...ის მიერ დასკვნა მომზადდა 2021 წლის 28 მაისს და მასში მიეთითა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის ...ი - ნ.ქ-ა ცნობილ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების ჩამდენად, რაზეც ამავე კანონის 85-ე მუხლის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიეთითა, რომ ნ.ქ-ას უნდა შეფარდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური. დასახელებული ბრძანება მიღებულია იმავე დღეს, რაც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ უპირობოდ, დამატებითი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე იქნა მიღებული დისციპლინურ საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილება და ნ.ქ-ას გამოეცხადა აუდიტის დასკვნაშივე მითითებული სახდელის ზომა - საყვედური. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რისი ვალდებულებაც მას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე გააჩნია, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე (საქმე №ბს-595-592(კ-17) 28.09.2017წ. განჩინება), რომლის თანახმად: „ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც, წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებებისა - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის დელეგირება“. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკითხის არსებითად გადაწყვეტის მიზნით დამატებითი მტკიცებულებების შეგროვება და შეფასება გამოიწვევს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ფუნქციების სასამართლოსათვის დელეგირებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ საქმე განხილულ იქნა ყველა იმ მტკიცებულების გათვალისწინებით, რომელიც ადმინისტრაციული წარმოების მასალებში იყო მითითებული. აუდიტის დასკვნაში მითითებული და სადავო აქტით გაზიარებული თითოეული გარემოება იქნა გამოკვლეული და შესაბამისი შეფასება მიეცა სასამართლოს მიერ. ადმინისტრაციულმა ორგანომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული შეფასებების გათვალისწინებით ხელახლა უნდა განიხილოს საკითხი და მიიღოს საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება საქმის არსებით გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელე სადავოდ ხდის ასევე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 28 მაისის №... ბრძანებას, რომლითაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ხელმძღვანელის - ქ.ბ-ის აცილების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ...ის - ნ.ქ-ას წარმომადგენლის 2021 წლის 25 მაისის №22/3821145126-38 განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, მოხელე არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინურ წარმოებაში, თუ მას აქვს პირადი ინტერესი ან/და თუ არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს საქმის გადაწყვეტაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ.ქ-ას სარჩელში, შემდგომ სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის აცილებასთან დაკავშირებით, მიუთითებდა არა აუდიტის ხელმძღვანელის აცილების საფუძვლის არსებობაზე, არამედ მის მიერ საკითხის არასრულად, ფორმალურად გამოკვლევაზე, რაც შემდეგ დამატებითი კვლებისა და შეფასების გარეშე იქნა გაზიარებული სადავო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 28 მაისის №... ბრძანებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალები არ შეიცავდა საკმარის მტკიცებულებას მასზედ, რომ ბათილად ყოფილიყო ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის 28 მაისის №... ბრძანება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს გამოეცხადა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური, კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობა. აღსანიშნავია, რომ ნ.ქ-ასთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების ძირითადი საფუძველი იყო სამსახურის ...ისათვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რომელიც კომპლექსურად გამოვლინდა მუნიციპალიტეტის მიერ „ ...ის“ შესყიდვის პროცედურების (ტენდერის დაგვიანებით გამოცხადების) ორგანიზების დროს. მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეფასდა როგორც სატენდერო კომისიის უფლებამოსილებები, ასევე, გაიმიჯნა მერიის ...ო სამსახურის უფლება-მოვალეობები ...ის ...ის სამსახურის უფლებამოსილებებისგან. უმთავრესი გარემოება, რაზეც სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა არის ის, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... წლის ... დეკემბრის №... დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ განმახორციელებელი იყო სწორედ მერიის ...ის სამსახური, რომლის უფლებამოსილებასაც წარმოადგენდა პროგრამის მონიტორინგის განხორციელება, განხორციელების პროცესში არსებული პრობლემების გამოკვეთა და ანალიზი, აღნიშნულის საფუძველზე კი, ახალი წინადადების წარდგენა გამოსწორებისა და პრობლემების გადაჭრის გზით ან/და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. სააპელაციო პალატის მითითება იმ გარემოებაზე, რომ დადგენილებით არ იყო განსაზღვრული კონკრეტული მექანიზმი და ნ.ქ-ას არ ჰქონდა ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება, არ ათავისუფლებს მას იმ ვალდებულებისგან, რომ წარედგინა წინადადება ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე. გარდა ამისა, სამსახურის ხელმძღვანელს, დებულების შესაბამისად, შეუძლია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შეუძლია მოაწესრიგოს ის საკითხი, რომელიც დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების ორგანიზებულად და სწორად შესრულებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულის შესაბამისად, როდესაც ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური სატენდერო კომისიას და შესაბამისი შესყიდვის ორგანიზების უფლებამოსილ სამსახურს არ მიაწვდის სწორად დამუშავებულ ინფორმაციას, ყოველთვის პრობლემა შეიქმნება, იქნება ეს ტენდერის დავიანებით გამოცხადება თუ სატენდერო პირობებში ცვლილებების შეტანა. გარდა ამისა, სატენდერო კომისიაში ნ.ქ-ას და ი.მ-ის მოწვეულ სპეციალისტებად მიწვევა განპირობებული იყო სწორედ მათი ჩართულობით სატენდერო კომისიის მიერ არსებული პრობლემური საკითხის - სატენდერო წინადადებისა და პირობების სწორად ჩამოყალიბებით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მერიის ...ის სამსახურის მნიშვნელობას ქვეპროგრამის განხორციელების პროცესში, რადგან აღნიშნული სამსახური უშუალოდ ახორციელებს ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობას, შესწავლას და კონტროლს.
რაც შეეხება კ.მ-ას მოთხოვნას - ჯანმრთელობის პრობლემების გამო დისტანციურად მუშაობის უფლების მიცემის თაობაზე, რომელიც მიიღო კიდეც ზეპირი ფორმით მერის მოადგილისაგან, აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 9 მარტის №838.382106845 ბრძანება არ ითვალისწინებდა მერიის თანამშრომელთა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაყვანის შესაძლებლობას, რაც უგულებელყოფილი იქნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ...ი სტრუქტურული ერთეულის - ...ის განყოფილების ...ის - კ.მ-ას შემთხვევაში, რომელიც 2021 წლის 15 აპრილამდე გადაყვანილ იქნა დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე და არ იქნა გათვალისწინებული მერის წერილობითი დავალება.
კასატორი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობა (ა); საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა (ბ); ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ (გ). განსახილველ შემთხვევაში კი, დასახელებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება ქმნიდა ამავე კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინური გადაცდომის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებები არასწორია, რაც ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლი მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის ...ის - ნ.ქ-ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის შეფარდების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 28 მაისის №... ბრძანებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ხელმძღვანელის - ქ.ბ-ის აცილების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ...ის - ნ.ქ-ას წარმომადგენლის 2021 წლის 25 მაისის №22/3821145126-38 განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 28 მაისის №... ბრძანების ბათილად ცნობა. ეს უკანასკნელი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, ძალაში დარჩა, რაც მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, დასახელებული ბრძანების ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მხოლოდ ნ.ქ-ასათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის შეფარდების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 17 აგვისტოს №... ბრძანებით ნ.ქ-ა დაინიშნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ...ის თანამდებობაზე. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 11 დეკემბრის ბრძანებით მას შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, რომელიც არ გასაჩივრებულა და შესულია ძალაში.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 აპრილის №38.382111940 ბრძანებით, ნ.ქ-ას მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, დაიწყო დისციპლინური წარმოება. კერძოდ, 2021 წელს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კვებითი უზრუნველყოფისას, აგრეთვე, მერიის ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ბავშვთა დაცვის-მხარდაჭერის და ახალგაზრდული განვითარების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის 2021 წლის მარტი-აპრილის თვეებში მუშაობის დისტანციური რეჟიმის შენარჩუნებისას, სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შესრულებისას მერიის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების უგულებელყოფის ან დარღვევის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის 2021 წლის 28 მაისის დასკვნის თანახმად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ი სტრუქტურული ერთეულის - ...ის სამსახურის ...ი - ნ.ქ-ა ცნობილ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების ჩამდენად და ამავე კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 16 ივნისის №ბ38.382116737 ბრძანებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის ...ის - ნ.ქ-ას, ი.მ-სა და დ.ტ-ის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება, ხოლო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 16 ივლისის №ბ38.38.2119710 ბრძანებით ნ.ქ-ა გათავისუფლდა სამსახურიდან. აღსანიშნავია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიღებულია სარჩელის აღძვრის შემდეგ და მოცემულ საქმეში სადავო არ არის.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა. ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება, ბ) საყვედური, გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით, დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ გასაჩივრებული აქტი - მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის შეფარდების შესახებ, მიღებულია აუდიტის დასკვნის შედგენის დღეს - 2021 წლის 28 მაისს, რაც ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დისციპლინურ საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ უპირობოდ, დამატებითი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება და ნ.ქ-ას გამოეცხადა აუდიტის დასკვნაშივე მითითებული სახდელის ზომა - საყვედური. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია უპირობოდ ეფუძნება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ი სტრუქტურული ერთეულის ...ის 2021 წლის 28 მაისის დასკვნას, რომლის თანახმად, დისციპლინური წარმოების კვლევის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენდა იმ გარემოების დადგენა, თუ რამ განაპირობა 2021 წლის ...ის შესყიდვისთვის ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) დაგვიანებით - 2021 წლის 22 იანვარს გამოცხადება, რამდენადაც წინა ტენდერით შესყიდული კვებითი უზრუნველყოფის ვადა იწურებოდა 2021 წლის 31 იანვარს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 13 ნოემბერს წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს მიერ 2020 წლის 25 ნოემბრის №... წერილით რუსთავის მერიაში დაბრუნდა შენიშვნებით, რომელთაგან ერთ-ერთი ეხებოდა სოციალურ პროგრამებს, მათ შორის, მინიმალურ სასურსათო კვების პროგრამას, რაც გათვალისწინებული არ ყოფილა თავდაპირველად წარდგენილი ბიუჯეტის პროექტში. კორექტირებული ბიუჯეტი საკრებულოს წარედგინა 2020 წლის 10 დეკემბერს, ხოლო ქალაქ რუსთავის საკრებულოს მიერ 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა 2020 წლის 17 დეკემბრის №223 დადგენილებით. დამტკიცებული ბიუჯეტით შესყიდვების გეგმა, საბოლოოდ, დამტკიცდა 2020 წლის 21 დეკემბრის №... ბრძანებით. ამდენად, დასტურდება, რომ ბიუჯეტის პროექტი არაერთი შენიშვნით დაბრუნდა საკრებულოს მიერ, რომელთაგან მხოლოდ ერთი შეეხებოდა ნ.ქ-ას დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურს.
აუდიტის დასკვნის თანახმად ასევე დასტურდება, რომ ნ.ქ-ამ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით წარადგინა არასრულყოფილი დოკუმენტაცია, ვინაიდან იგი არ აერთიანებდა მინიმუმ 3 პოტენციური მიმწოდებლის შეთავაზებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფო შესყიდვის გეგმის დამტკიცების შემდეგ (გეგმა დამტკიცდა 2020 წლის 21 დეკემბრის ბრძანებით) ნ.ქ-ამ 29 და 30 დეკემბერს წერილებით მიმართა მერს შესყიდვის განხორციელების მიზნით. წერილს თან ერთოდა მენიუ და ერთ კომპანიაზე განხორციელებული ბაზრის კვლევა. მითითებული იქნა, რომ ნ.ქ-ას მიერ უნდა ყოფილიყო წარდგენილი მინიმუმ 3 პოტენციური მიმწოდებლის შეთავაზება, რაზედაც ნ.ქ-ამ, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, ისე სასამართლოში განმარტა, რომ ამ შესყიდვასთან დაკავშირებით კომპანიები არ გამოხატავდნენ დაინტერესებას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ხსენებული გარემოება აქარწყლებს ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას მასზედ, რომ ნ.ქ-ამ წარადგინა არასრულყოფილი დოკუმენტაცია, რამდენადაც გაურკვეველია, რა გზით უნდა ყოფილიყო წარდგენილი მინიმუმ 3 კომპანიის შეთავაზება ნ.ქ-ას მიერ იმ პირობებში, თუ დაინტერესება არ იყო გამოხატული შესყიდვის მიმართ.
საქმეში დაცულია ასევე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 31 დეკემბრის №... ბრძანება ელექტრონული საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით სატენდერო კომისიის შექმნის თაობაზე. აღნიშნული ფაქტისთვის ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუცია შეფასება. მის მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული შესყიდვის პროცედურებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები. მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო შესყიდვის ვადა 65 დღით განისაზღვრება და სამსახური სატენდერო კომისიის შექმნიდან ერთ თვეში ვერ დაასრულებდა ამ პროცედურებს, ვერ იქნა გაქარწყლებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. აუდიტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ...ის სამსახურს, როგორც ...ის ქვეპროგრამის განმახორციელებელს, არ აქვს გაწერილი რა პროცედურებით უზრუნველყოფს პროგრამის შემუშავებას, თუმცა საკასაციო პალატის მითითებით, არც აუდიტის დასკვნაში და არც მოპასუხის ახსნა-განმარტებაში არ არის მითითებული ...ის სამსახურს ჰქონდა თუ არა ხსენებული წესი განსაზღვრული, რა მიზნით იქნა იგი გაუქმებული და რა კავშირი ჰქონდა კონკრეტულ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან ხსენებულ საკითხს.
მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 23 მარტისა და 2021 წლის პირველი აპრილის ბრძანებებით საჭიროდ იქნა მიჩნეული სატენდერო კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით კონსულტანტებად ნ.ქ-ასა და მერის მოადგილის - ი.მ-ის მიწვევა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნ.ქ-ას მიწვევა კონსულტანტად სათათბირო ხმის უფლებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სოციალური სამსახური არ მონაწილეობდა სატენდერო საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის საკითხებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... წლის ... დეკემბრის №... დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ...ის ქვეპროგრამების განხორციელების წესი. დასახელებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდამჭერის სამსახური. დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების განსაზღვრის უფლებას ანიჭებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით შექმნილ სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფს. მოცემულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ერთმნიშვნელოვნად არ არის დადგენილი მხოლოდ ნ.ქ-ას სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა თუ არა ის გადაცდომა, რაც მითითებულია შენიშვნის სახით. ამავე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესის თანახმად, ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების განსაზღვრის უფლება აქვს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით შექმნილ სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფს.
რაც შეეხება 2021 წლის 28 მაისის აუდიტის დასკვნაში მითითებულ ...ის სამსახურის ...ი სტრუქტურული ერთეულის ...ის განყოფილების ...ის - კ.მ-ას 2021 წლის 15 აპრილამდე დისტანციურად მუშაობის საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნულ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კ.მ-ა ჯანმრთელობის პრობლემების საფუძველზე ითხოვდა დისტანციურად მუშაობის უფლებას, რომელიც მიიღო კიდეც ზეპირი ფორმით მერის მოადგილის - ი.მ-ისაგან. ზეპირი ფორმით თანხმობის მიღების შესაძლებლობაზე მიუთითებს 2020 წლის 22 სექტემბრის №499/კ ბრძანების მე-2 პუნქტი, სადაც არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს ხელმძღვანელსა და საჯარო მოსამსახურეს შორის შეთანხმება განსხვავებულ სამუშაოს დღის გრაფიკთან დაკავშირებით, რაც ამყარებს არგუმენტს მასზედ, რომ კ.მ-ას ჰქონდა ზეპირსიტყვიერი ნებართვა მერის მოადგილისაგან. აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ წარმოდგენილა. ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს იმას, რომ დისციპლინური წარმოება მოსარჩელის მიმართ წარიმართა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას, კერძოდ, მოხელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას, შეზღუდულია კანონიერების პრინციპით, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად (სზაკ-ის მე-5 მუხ.). ამდენად, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საქმის გარემოებების ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევის ვალდებულება ეკისრება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული, ამასთან, დასტურდება, რომ სადავო აქტის მიღებისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 28 მაისის №... ბრძანება, რათა საკითხის ხელახლა კვლევისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ შეაფასოს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ნ.ქ-ას საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.



სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და



დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა