ას-380-690-05 22 ნოემბერი 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე (მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. დ.-მა და მ. ხ.-მა სარჩელით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს მ. ხ.-ისა და ი. ქ.-ს შორის 1994წ. 17 ნოემბერს და ი. ქ.-სა და მ. ე.-ს შორის 1995წ. 8 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. მოსარჩელეთა განმარტებით, გორში, ...-ის ქ. 34-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულებები ყალბია, მ. ხ.-ის დისშვილს _ ც.კ.-ს აღებული ჰქონდა ვალი სხვადასხვა პირების ვალი ჰქონდა, მათ შორის ი. ქ.-ის, რასაც არ უარყოფს. ვალის გამო მას გაუყიდეს პირადი საკუთრების ბინა, ხოლო, ვინაიდან, ც.კ.-ს ქონება აღარ გააჩნდა და მისი დისშვილი იყო, ქ.-მა მოინდომა ბინის ხელში ჩაგდება და იძულებით დაადებინა ჯერ მინდობილობა 1994წ. აგვისტოში, ხოლო იმავე წლის 17 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულება. 1995წ. იანვარში შეიტანა სარჩელი სასამართლოში ი. ქ.-ის მიმართ და მოითხოვა 1994წ. 17 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების გაუქმება, ი. ქ.-მა საქმის განხილვამდე, 1995წ. თებერვალში, ბინა მიჰყიდა ე.-ს.
მოპასუხე ი. ქ.-ის განმარტებით, მ. ხ.-ი მისი მეზობელია. თავიდან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. 1050 აშშ დოლარი ასესხა მას 1993 წელს მ.ხ.-ს, სხვა მევალეებიც ჰყავდა, ვინაიდან ი. ქ.-ი აპირებდა საცხოვრებელი სახლის ყიდვას და მ. ხ.-ი ვალებს ვერ იხდიდა, ი. ქ.-მა შესთავაზა პირობა, რომ სახლს იყიდდა და ვალებს გაისტუმრებდა. მისი თანდასწრებით ყველა მევალეს დაურიგა ვალი. ორ თვეში ბინა იმიტომ გაყიდა, რომ სამეწარმეო საქმიანობის გამო ვალები დაედო.
მოპასუხე ე.-ის განმარტებით, სადავო ბინა შეიძინა ი. ქ.-ისაგან 1995წ. თებერვალში 12000 აშშ დოლარად. შემთხვევით გაიგო, რომ ბინა იყიდებოდა, ი. ქ.-მა ბინა ჯერ მეუღლეს დაათვალიერებინა შემდეგ მას. ტექბიუროში ბინა ი. ქ.-ის სახელზე იყო აღრიცხული. ი. ქ.-სა და მ. ხ.-ს შორის გართულებულ ურთიერთობაზე არაფერი იცოდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მ. ხ.-მა და გ. დ.-მ გაასაჩივრეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით.
აპელანტთა განცხადებით, მ. ხ.-ის დისშვილმა ც.კ.-მა ფული ისესხა ქ.-ისა და სხვა პირებისაგან. ც. კ.-ს მევალეებმა გაუყიდეს ბინა ვალის გამო. ვინაიდან მას ქონება აღარ გააჩნდა და იგი მისი დისშვილია, ქ.-მ მოინდომა მისი ბინის ხელში ჩაგდება, მაშინ, როცა მისთვის სესხი არავის მიუცია და ხელწერილიც არ არსებობს ამის თაობაზე.
ი.ქ.-მ მუქარითა და იძულებით 1994წ. 18 აგვისტოს დაადებინა მინდობილობა, რაც 1994წ. 9 ნოემბერს გააუქმებინა ნოტარიუსს. 1994წ. 17 ნოემბერს კი მოპასუხემ დაადებინა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. აპელანტების განმარტებით, ბინა ქ.-მ მუქარით იყიდა ასსამოც მილიონ კუპონად, ხოლო შემდეგ გაყიდა სამასსამოცდათხუთმეტ მილიონ კუპონად, ე.ი. 11 000 აშშ დოლარად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელს ეთქვა უარი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება მუქარის, ძალადობისა და იძულების ფაქტები, 1994წ. 17 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის ბათილი სკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე. ასევე, არ არსებობს 1995წ. 8 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან მ. ე.-ი კეთილსინდისიერი შემძენია.
მ. ხ.-მა და გ. დ.-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია სამოქალაქო მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით, მისი იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ორივე მხარემ მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, სასამართლომ კი დაარღვია სსკ-ის 384-ე მე-4 და 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნები და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არ იმსჯელა სადავო ხელშეკრულებებზე, ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მ. ე.-ი არ არის კეთილსინდისიერი შემძენი, ვინაიდან მასთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას სადავო ბინა ი. ქ.-ზე აღრიცხული არ ყოფილა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ სესხის ხელშეკრულებები მ. ხ.-თან კი არა, მის დისშვილთან _ ც. კ.-თან იყო დადებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გორში, ...-ის ქ. (ამჟამად ...-ს ქუჩა) ¹34-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა მ. ხ.-ის საკუთრებას. 1994წ. აგვისტოში აღნიშნული ბინის გასხვისების უფლებით მ. ხ.-მა მინდობილობა გასცა ი. ქ.-ის სახელზე, რომელიც რამდენიმე თვეში გააუქმა, ხოლო 1994წ. 17 ნოემბერს ამ უკანასკნელსა და მ. ხ.-ს შორის გაფორმდა სადავო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება. 1995წ. 8 თებერვალს ი. ქ.-მა ბინა მ. ე.-ს მიჰყიდა.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით მ. ხ.-ის მიმართ მუქარის, ძალადობისა და იძულების ფაქტები არ დასტურდება. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
სკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
კასატორს არ წარმოუდგენია სსკ-ის 102-103-ე მუხლების შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც სადავო გარიგებების მოჩვენებით ან თვალთმაქცურ ხასიათს დაადასტურებდა. საქმის მასალებში არსებული ხელწერილის მიხედვით, რომლის ძალადობით გაფორმების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, ეს უკანასკნელი კისრულობს ვალდებულებას, რომ გადაიხდის ვალს საერთო თანხით 11,200 დოლარის ოდენობით 1994წ. 30 სექტემბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი კუთვნილი ბინა ბარდება მის მოვალე ი. ქ.-ს, რომელიც გაისტუმრებს მის დანარჩენ მოვალეებს. ი. ქ.-მა იყიდა რა სადავო საცხოვრებელი სახლი, მოახდინა მასსა და მ. ხ.-ს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნების გაქვითვა სკ-ის 442-ე მუხლის შესაბამისად და ამასთან, მ. ხ.-თან შეთანხმებით გადაიხადა ამ უკანასკნელის ვალები.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას 1995წ. 8 თებერვალს ი. ქ.-სა და მ. ე.-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას ი. ქ.-ი არ იყო აღრიცხული სადავო ბინის მესაკუთრედ. საქმის მასალებში არსებული სანოტარო კანტორის მასალებში მოთავსებული ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1995წ. 7 თებერვლის ცნობა-დახასიათების მიხედვით, ...-ის ქ. ¹34-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ი. ქ.-ის სახელზე ირიცხება. სკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას რომ მ. ე.-ი კეთილსინდისიერი შემძენია, კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, სააპელაციო სასაამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ხ.-ისა და გ. დ.-ის საკასაციოი საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
კასატორები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.