№19აგ-13 28 ივნისი, 2013 წელი
ლ-ა რ.- 19აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ლ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 იანვრის განაჩენით რ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენით დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლით გათვალისწინებული უფლებებიდან რ. ლ-ას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 5 წლით, ხოლო ამავე მუხლით გათვალისწინებული დანარჩენი უფლებები – 15 წლით;
რ. ლ-ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2010 წლის 25 ნოემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, რ. ლ-ას ¼–ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 იანვრის განაჩენი რ. ლ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.
2013 წლის 29 იანვარს მსჯავრდებულმა რ. ლ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობა მოტივირებულია იმ გარემოებებზე მითითებით, რომ განაჩენით ის ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც არ მოიცავს ნარკოტიკული საშუალების გასაღების დანაშაულის ნიშანს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები უნდა გავრცელდეს სრულად და გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა აპელანტის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი და 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით უარი ეთქვა პალატის სხდომაზე განსახილველად დასაშვებობაზე.
მსჯავრებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოსადმი მითითებას შუამდგომლობის განსახილველად დაშვების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ რ. ლ-ას ქმედება დაკვალიფიცირებულია დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – დიდი ოდენობით), ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით( 260–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება– ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით). თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 იანვრის განაჩენით რ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის ჩადენისათვის, ე.ი. მის ქმედებაში უტყუარად დადგენილია როგორც 260–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოება (ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით გასაღება), ასევე მე–3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება (ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა, შენახვა). ასეთ შემთხვევაში 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის დისპოზიციაში გათვალისწინებულია და იგი სრულად მოიცავს ამავე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებსაც, მაგრამ კანონის შინაარსიდან გამომდინარე, არსებული სასამართლო პრაქტიკით ინიშნება მხოლოდ ერთი სასჯელი – 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის რომელიმე მაკვალიფიცირებელი ნიშნის შესაბამისი პუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ლ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17იანვრის განჩინებით გამოყენებულია სამართლებრივად სწორად და მას კანონიერად ¼–ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი; შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის რომელიმე საფუძველი და საკასაციო საჩივრის მოთხოვნა გაზიარებული ვერ იქნება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლით, 313–ე მუხლის მე–3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ლ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მსჯავრდებულ რ. ლ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად დასაშვებობაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი