Facebook Twitter

№17431-13 19 ივნისი, 2013 წელი

ს-ე ა.-17431-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ი. ა-ის

მსჯავრდებულ _ ა. ს-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ს-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 მარტის განაჩენით ა. ს-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენით ა. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 7 თვე, 25 დღე და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით, 7 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ს-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 9 მარტიდან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ს-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით ა. ს-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 4 წელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ა. ს-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან, რომელიც დამატებული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს.

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა. ს-ეს სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 9 მარტიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ს-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა ითხოვა მოხდილი სასჯელის – 10 თვისა და 5 დღის – სასჯელის საერთო ვადაში ჩათვლა და მისი ზუსტად დაანგარიშება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა პირმა – მ. დ-ემ 2013 წლის 18 აპრილს წერილობით მიმართა სასამართლოს და უარი განაცხადა, რომ მსჯავრდებულ ა. ს-ის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტია. ამდენად, რადგან ამნისტიის კანონის მე–11 მუხლის გამოყენება ვერ მოხერხდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე–16, მე-3, მე-17 მუხლებით და მსჯავრდებულს კანონიერად განუსაზღვრა საბოლოო სასჯელი.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას მოხდილი სასჯელის – 10 თვისა და 5 დღის – სასჯელის საერთო ვადაში ჩათვლის შესახებ, რადგან მას ეს სასჯელი უკვე ჩაეთვალა სასჯელის საერთო ვადაში, მაშინ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 7 თვე, 25 დღე, რომელიც სწორედ 10 თვითა და 5 დღით ნაკლებია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე – 3 წელსა და 6 თვეზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი