Facebook Twitter

№ბს-844(კს-23) 19 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) - ო. თ-ი

დავის საგანი - სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხისა და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 26 ივლისს ო. თ-მა სასარჩელო განცხადებით გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა და რ. თ-ის სახელზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო ჩანაწერისა (საკადასტრო კოდი №...) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების 1/3 წილის მის სახელზე აღრიცხვა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განკარგულებით ო. თ-ი დაჯარიმდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განკარგულებით ო. თ-ი დაჯარიმდა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2011 წლის 28 სექტემბერს ო. თ-ის მიერ გორის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი იქნა განცხადება და მასზე თანდართული ცნობის საფუძველზე მოითხოვა სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის უკან დაბრუნება.

2011 წლის 5 ოქტომბერს ო. თ-ის მიერ გორის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა განცხადება, რომელსაც ერთვის ქვითრები სახლმწიფო ბიუჯეტის სახით გადახდილი 150 ლარისა და 100 ლარის ოდენობით. გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ო. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ო. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება. ზეოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. თ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინებით ო. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი რ. თ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 2 ნოემბერს განხორციელებული ჩანაწერი (№...) 600 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 90.40 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტის გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ო. თ-ს უარი ეთქვა სადავო საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის მის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნაზე. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო. თ-მა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ, გორის სარეგისტრაციო სამსახურმა და რ. თ-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ო. თ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის სარეგისტრაციო სამსახურის და რ. თ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2023 წლის 27 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ო. თ-მა და მოითხოვა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 ლარის და 2011 წლის 28 სექტემბრის განკარგულებებით დაკისრებული და გადახდილი 150 ლარისა და 100 ლარის უკან დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით ო. თ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ო. თ-ს დაუბრუნდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 26 ივლისის №1 საგადახდო დავალებით (გატარებულია ბანკის მიერ 2011 წლის 26 ივლისს) გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) და 2011 წლის 16 აგვისტოს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი), სულ 100 (სულ) ლარი. ო. თ-ის განცხადება ჯარიმის სახით გადახდილი თანხის, 250 ლარის დაბრუნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განკარგულებები, რის შესაბამისადაც არის გადახდილი ო. თ-ის მიერ ჯარიმის თანხა, ძალაშია და სხვა სამართლებრივი საფუძველი, რამაც შესაძლოა მოთხოვნილი ჯარიმის თანხის დაბრუნება გამოიწვიოს, არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის მოთხოვნა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განკარგულებების საფუძველზე გადახდილი ჯარიმის უკან დაბრუნების თაობაზე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია.

ო. თ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, თუმცა სააპელაციო პალატის ახალი გადაწყვეტილებით ო. თ-ს არ დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი, რომელიც გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად იყო ჩათვლილი. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილი იქნა საპროცესო ხარჯების საკითხი, მითითებული იქნა, რომ მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, დასტურდება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 100 ლარი ო. თ-ს არ აქვს დაბრუნებული.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითება მასზედ, რომ მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვერ გამოიწვევს ბაჟის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას, თუ კონკრეტულად არ იქნება მითითებული კონკრეტული თანხის დაბრუნების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ო. თ-ის განცხადება სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის დაბრუნების თაობაზე, იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ უარი განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.07.2023წ. განჩინების გასაჩივრებაზე მაინც წარმოადგინა კერძო საჩივარი. ო. თ-ი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მოცემულია მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი, თუმცა ქვითრის სხვა მონაცემები ასახული არ არის, ასევე სააპელაციო სასამართლომ გადახდის ქვითრები არ მოიძია. ო. თ-ი კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ თანხა დღემდე არ მიუღია, რადგან ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური ითხოვს ზემოაღნიშნული ქვითრების ბეჭდით დამოწმებულ ასლებს. ო. თ-ი კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე არ მოიძია მის მიერ უსაფუძვლოდ დაჯარიმების გამო გადახდილი ჯარიმის ქვითრები. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო წესრიგის დარღვევის გამო, მის მიერ გადახდილი ჯარიმის თანხების, ჯამში 350 ლარის უკან დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. თ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებაზე, უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლების დადგენილის სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიავს. ამავე კოდექისის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დავით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისთვის.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ო. თ-მა მიმართა 27.06.2023წ. განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 ლარის და 2011 წლის 28 სექტემბრის განკარგულებებით დაკისრებული და გადახდილი 150 ლარისა და 100 ლარის უკან დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით ო. თ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ო. თ-ს დაუბრუნდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 26 ივლისის №1 საგადახდო დავალებით (გატარებულია ბანკის მიერ 2011 წლის 26 ივლისს) გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) და 2011 წლის 16 აგვისტოს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი), სულ 100 (სულ) ლარი. ო. თ-ის განცხადება ჯარიმის სახით გადახდილი თანხის, 250 ლარის დაბრუნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. განჩინებაში განმარტებულია, რომ იგი შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო 12 დღის განმავლობაში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან კერძო საჩივრის წარდგენის გზით.

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქმეში დაცულ 19.07.2023წ. განცხადებაში ო. თ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.07.2023წ. განჩინების გერბიანი ბეჭდით დამოწმებული ასლის გადაცემას და ასევე მიუთითებს, რომ იგი განჩინებას არ ასაჩივრებს. საყურადღებოა ასევე ო. თ-ის 19.07.2023წ. ხელწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მან ჩაიბარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ორი ეგზემპლიარი გერბიანი ბეჭდით (ტ.10, ს.ფ. 42-43).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტები უფლებამოსილნი არიან უარი თქვან განჩინების გასაჩივრებაზე. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით, პირის უფლებაა ასევე უარი თქვას განჩინების გასაჩივრებაზე, რაც მისი მხრიდან გასაჩივრების უფლების განკარგვას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ გასაჩივრებაზე მხარეთა მიერ წერილობით უარის თქმა მისი კანონიერ ძალაში შესვლის საფუძველია. გასაჩივრებაზე უარის თქმა მხარის უფლებაა. ამ უფლების რეალიზებას უკავშირდება გარკვეული იურიდიული შედეგი, კერძოდ, პირი, რომელმაც უარი განაცხადა გასაჩივრებაზე, კარგავს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება თუ განჩინება. დაუშვებელია განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი, თუ მის გასაჩივრებაზე მხარეს წერილობით აქვს უარი გაცხადებული (სუსგ საქმეზე №ას-1484-1400-2012; 22 ნოემბერი 2012 წელი).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი შემთხვევაში საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ო. თ-მა უარი განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინების გასაჩივრებაზე, რითაც დაკარგა ზემოაღნიშნული განჩინების გასაჩივრების უფლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული განჩინებით ო. თ-ის მოთხოვნა მის მიერ გადახდილი ბაჟის უკან დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო კასატორის პრეტენზია განჩინებაში ბაჟის ქვითრების შესახებ მონაცემების არასრულყოფილად ასახვის თაობაზე შესაძლებელია გამოსწორდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის გზით.

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ო. თ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2023წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, რადგან არ არსებობს მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 419-ე მუხლით, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ო. თ-ის კერძო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა