ას-383-692-05 12 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),
მ. ახალაძე
დავის საგანი: საკრედიტო ვალდებულებათა შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “თ.-მ” სარჩელი აღძრა გ. თ.-ის მიმართ 262526 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: 1998წ. 31 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 153170 აშშ დოლარზე, წლიური 24%-ის დარიცხვით, ხოლო ვადაგადაცილების შემთხვევაში _ 48%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის დაბრუნების საბოლოო ვადა – 1999წ. 31 მაისი. შპს “მ.-სა” და სააქციო საზოგადოება “თ.-ს” შორის 1998წ. 8 ივნისის ხელშეკრულებით, ექვსი თვის ვადით, შეჩერებულ იქნა გ. თ.-ესა და ბანკს შორის 1998წ. 31 მაისის ხელშეკრულების მოქმედების ვადა. ამავე ხელშეკრულების დამატების თანახმად, თუ არ განხორციელდებოდა პროექტის რეალიზაცია, მხარეები უბრუნდებოდნენ პირვანდელ მდგომარეობას. ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტი ვერ განხორციელდა, საკრედიტო ხელშეკრულება ძალაში შევიდა. მსესხებელს კრედიტი და საურავი გადახდილი არ აქვს და მისი დავალიანება შეადგენს 262526 აშშ დოლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: მხარეთა შორის 1998წ. 31 მაისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით გ.თ.-მ 153170 აშშ დოლარი მიიღო კრედიტის სახით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება სესხის დაბრუნების თაობაზე არ შეასრულა. სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის ვადა შეჩერდა 6 თვით 1999წ. 8 ივნისს, რომელიც განახლდა 1999წ. 8 დეკემბრიდან. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს კრედიტის დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1999წ. 8 დეკემბერს. მოსარჩელის ბოლო სარჩელი, რომელიც 2003წ. 21 ივლისს განუხილველად იქნა დატოვებული, შეწყვეტდა ხანდაზმულობის დენას, მოსარჩელეს სარჩელი 18 ოქტომბრამდე რომ წარედგინა. ვინაიდან სს “თ.-მ” სარჩელი არ წარადგინა 2004წ. 18 ოქტომბრამდე, სასამართლომ სკ-ის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლებზე დაყრდნობით ხანდაზმულად მიიჩნია.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “თ.-ის” წარმომადგენელმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, ასევე გადაწყვეტილება იურიდიულად საკმაოდ არ იქნა დასაბუთებული. საოლქო სასამართლომ ბანკის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლად არაკანონიერად მიიჩნია ხანდაზმულობის ვადის გასვლა, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები მათ სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს აძლევდა. მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძრულ იქნა ჯერ კიდევ 2000წ. 14 თებერვალს, 2000წ. 25 თებერვალს და 2001წ. 10 იანვარს, რომლებიც სკ-ის 139-ე, 140-ე და 141-ე მუხლების საფუძველზე წარმოადგენენ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისა და ვადის თავიდან ათვლის საფუძველს. კასატორმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების მოქმედების ვადა შეჩერებული იყო ამავე მხარეებს შორის 1999წ. 8 ივნისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. ბანკმა მოპასუხეს უძრავი ქონების რეალიზაციის ხარჯზე დავალიანების დაფარვას მოსთხოვა, სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად კი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვადა შეადგენს 6 წელს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, თუ საქმეზე საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, იგი აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად უბრუნებს საოლქო სასამართლოს შესაბამის კოლეგიას ან პალატას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სრულად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა რა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნის გამოტანის თაობაზე.
სს “თ.-სა” და გ. თ.-ს შორის 1998წ. 31 მაისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით გ.თ.-მ 153170 აშშ დოლარის ოდენობით საბანკო კრედიტი მიიღო წარმოებაში კაპიტალდაბანდებისათვის. სს “თ.-ს” და შპს “მ.-ს” შორის 1999წ. 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 პუნქტით ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები შეჩერებულ იქნა. სასამართლოს არ შეუფასებია რა 1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულება, არ გამოურიცხავს საზოგადოების ვალდებულებების პარტნიორებზე გადაკისრების არსებობა. ასევე არ გამოურკვევია ხელშეკრულების მოქმედების განახლების საკითხი. ამავე ხელშეკრულებით, 1996წ. 12 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებით საზოგადოებისათვის მიცემული თანხის დაბრუნების მიზნით, ბანკის საკუთრებაში გადავიდა 1998წ. 31 მაისის გირავნობის ხელშეკრულების საგანი _ 30000 ტონა სპილენძ-კოლჩედანური მადანი. სასამართლოს არ გამოუკვლევია, გირავნობის საგანი რეალურად გადაეცა თუ არა ბანკს და ასეთ შემთხვევაში აქვს თუ არა მას სესხის მოთხოვნის უფლება.
სს „თ.-სა“ და შპს „მ.-ს“ შორის 1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულების დამატებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში პროექტი გადადიოდა შპს „მ.-ის“ საკუთრებაში და, შესაბამისად, უნდა განახლებულიყო ფიზიკურ პირებთან დადებული ხელშეკრულებების მოქმედება. სასამართლოს არ დაუდგენია, გადავიდა თუ არა შპს „მ.-ის“ საკუთრებაში ზემოთ მითითებულ ხელშეკრულებაში ხსენებული პროექტი და განახლდა თუ არა გ. თ.-სა და ბანკს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებები. აღნიშნული გარემოების დადგენის გარეშე შეუძლებელია, სასამართლომ იმსჯელოს ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე სადავო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების მიმართ.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს შპს “მ.-სა“ და „თ.-ს“ შორის დადებულ 1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულებას ამავე რიცხვით გაფორმებულ ხელშეკრულების დამატებასთან ერთობლიობაში და ამ შეფასების შედეგად დადგენილი გარემოებების საფუძველზე უნდა იმსჯელოს მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “თ.-ის” ლიკვიდატორ გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის “ყ” პუნქტის თანახმად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.