გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-38-435-05 5 მაისი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი (მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი
სარჩელის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ო. მ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ლ. ს-ის მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი ბინისა და მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2002წ. 19 სექტემბერს თავის საკუთრებაში არსებული სახლი, მდებარე ქ.კასპში ..., გამოსყიდვის უფლებით მიჰყიდა მოპასუხეს 1000 აშშ დოლარად, რაც ხელშეკრულების დამოწმების დროისათვის შეადგენდა 2 200 ლარს. ერთი წლის შემდეგ, 2003წ. 19 სექტემბერს, როდესაც გადიოდა გამოსყიდვის ვადა, მოპასუხეს მიუტანა 1000 აშშ დოლარი. მოპასუხემ დამატებით 400 ლარი მოითხოვა იმ მოტივით, რომ მან გააუმჯობესა ნაყიდი ქონება. მოსარჩელე დაეთანხმა მხოლოდ 200 ლარის გადახდაზე, მაგრამ მოპასუხემ უარი განაცხადა ბინის გამოსყიდვაზე. აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულების გაუქმება და ბინის დაბრუნება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. კასპის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო.მ-ემ.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ო. მ-ემ განმარტა, რომ მან 1000 აშშ დოლარი ისესხა მოპასუხისაგან. სესხის უზრუნველსაყოფად დააგირავა თავისი კუთვნილი სახლი, კერძოდ, დადო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. მოპასუხემ კი განმარტა, რომ აპელანტებს ასესხა 1000 აშშ დოლარი, ვინაიდან მოსარჩელესა და მის ოჯახის წევრებს არ ენდობოდა, გარანტიის სახით დაგირავდა სახლი. თანხა გაასესხა უპროცენტოდ, რადგან სარგებლობდა აპელანტების საღორით.
მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მხარეებს შორის დადებული იყო სესხის ხელშეკრულება, ხოლო, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა ო.მ-ისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ სახლსა და მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით ერთი წლის ვადით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს ხელშეკრულების დადების დროს არ ჰქონდათ განზრახვა, რეალურად, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იურიდიული შედეგი დამდგარიყო. სადავო ხელშეკრულება დაიდო სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ე.ი. დაიფარა სხვა გარიგება, რაც, სასამართლომ, სკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია ბათილ გარიგებად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2004წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გააუქმა კასპის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ო. მ-ის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი 2002წ. 19 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შეტანილ იქნა ცვლილება, სადავო უძრავი ქონება აღირიცხა ო.მ-ის, რ. და ლ. გ-ების სახელზე. სადავო ქონება დაიტვირთა იპოთეკით მოპასუხის სასარგებლოდ 1000 აშშ დოლარის სესხის უზრუნველსაყოფად. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 78 ლარის გადახდა.
ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-მა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, კასატორს მიაჩნია, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო სესხის უზრუნველსაყოფად, რადგან სესხის ხელშეკრულების დროს კრედიტორს არა აქვს უფლება იცხოვროს მოვალის ბინაში და გააუმჯობესოს დატვირთული ქონება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მხარეების განზრახვა იყო სესხის ხელშეკრულების გაფორმება და მისი შესრულების უზრუნველყოფა, მაგრამ მხარეთა მიერ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით მოხდა აღნიშნული გარიგების დაფარვა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი და დაადგინა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს დაფარული გარიგების მოქმედი წესებით.
კასატორის მოსაზრებით, იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან, სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ და დამატებით საკასაციო პრეტენზიას.
სსსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომლებზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. მოცემულ შემთხვევაში, საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებით, ასევე, საქმის მასალებით, კერძოდ, სხდომის ოქმით ირკვევა, მოპასუხე ლ.ს-მა აღიარა, რომ ო.მ-ეს ასესხა 1000 აშშ დოლარი. ვინაიდან არ ენდობოდა, გარანტიის სახით დაგირავდა მოსარჩელის სახლი. სესხი იყო უპროცენტო, რადგან მოპასუხე სარგებლობდა აპელანტების საღორით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის აღიარება მართებულად მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სხვა გარიგება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ არ დარღვეულა კასატორის მიერ მითითებული კანონის მოთხოვნები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.