Facebook Twitter

№ბს-897(კ-22) 9 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. შ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; მესამე პირი - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზ. შ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „ზ. შ-ეის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 10 აპრილის №MIA 7 21 00888852 ბრძანება; ბ) დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ზ. შ-ეის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს გარდაბნის დაცვის პოლიციის განყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების შპს ,,ს...ის“ დაცვის ინსპექტორის, თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; გ) დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ. შ-ეის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება სამსახურიდან დათხოვნის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. შ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. შ-ეის მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით ზ. შ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. შ-ემ.

კასატორი მიიჩნევს, რომ როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

კასატორის მითითებით, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომას, ინანიებს მომხდარ ფაქტს და ხვდება, რომ პოლიციის თანამშრომლისთვის შეუფერებელი მოქმედება ჩაიდინა. მართალია, უნდა გაეთვალისწინებინა, თუ რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის ასეთ ქმედებას, თუმცა ზ. შ-ეს განზრახული არ ჰქონია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტის შელახვა და მოქმედებდა ემოციური სტრესის ქვეშ.

კასატორს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამსახურში მუშაობის დროს გამოცხადებული აქვს მადლობები, დაჯილდოებულია სიგელებით და მხოლოდ ის ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო მის გათავისუფლებას, არ იყო საკმარისი პირის სამსახურიდან გასათავისუფლებლად. სამინისტროს უნდა გაეთვალისწინებინა ზ. შ-ეის ღვაწლი და გამოეცხადებინა სასტიკი საყვედური, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სამსახურებრივი შემოწმების დასკვნაშიც მითითებულია, რომ მოსარჩელე სამინისტროში „მსახურობს 1996 წლიდან, დაკავებულ თანამდებობაზეა 2017 წლიდან, მოქმედი დისციპლინური სახდელი არ გააჩნია“.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. შ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. შ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 10 აპრილის №MIA 7 21 00888852 ბრძანებით, მოსარჩელე ზ. შ-ე გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს გარდაბნის დაცვის პოლიციის განყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების შპს „ს...ის“ დაცვის ინსპექტორის თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დისციპლინური გადაცდომისათვის. ბრძანების გამოცემის საფუძველია - „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 - ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 თავის 214-ე პუნქტი (პოლიციელმა ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი ინფორმაციით და პერსონალური მონაცემებით საკუთარი ანდა ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისთვის), „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „კ’’ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტი, შს მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს №709 ბრძანების (აეკრძალოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოსამსახურეებს შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით) და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ და „ნ“ ქვეპუნქტები (ს.ფ 14-15); ბ) მოსარჩელე ზ. შ-ეის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის, 2021 წლის 17 მარტის №649258 პატაკის საფუძველზე, ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება მოსარჩელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე. სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ სამინისტროს მოსამსახურეს - ზ. შ-ეს ახლო ურთიერთობა აკავშირებდა მოქალაქე ლ. ლ-ითან. ურთიერთობის პერიოდში ზ. შ-ეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ლ. ლ-ის პარალელურად შესაძლოა ინტიმური სახის ურთიერთობა ჰქონოდა მის მეზობლად მცხოვრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ინსპექტორ გ. ზ-ესთან. 2021 წლის 12 მარტს ზ. შ-ე გ. ზ-ეის პერსონალური მონაცემების დადგენის მიზნით დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ლ. მ-ის, რომელსაც სთხოვა, გ.ზ-ეის შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოძიება. ლ. მ-იმა მის სახელზე რეგისტრირებული ერთჯერადი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ საშუალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცულ საინფორმაციო ბაზაში არასამსახურებრივად მოიძია გ. ზ-ეზე და მის მეუღლეზე ინფორმაცია, რის შემდეგ ორივე მათგანის პირადი მონაცემები და ბაზაში არსებული ფოტოსურათები გადაუგზავნა ზ. შ-ეს საკომუნიკაციო აპლიკაცია ,,WhatsApp”-ის მეშვეობით. ზ. შ-ემ მიწოდებული ფოტოები და გ. ზ-ეის პირადი მონაცემები შეურაცხმყოფელ შეტყობინებებთან ერთად გადაუგზავნა მოქ. ლ. ლ-ის იმის სადემონსტრაციოდ, რომ დადგენილი ჰქონდა მასთან ინტიმურ ურთიერთობაში მყოფი პიროვნების ვინაობა. ასევე, 2021 წლის 16 მარტს, ზ. შ-ე მობილური ტელეფონის საშუალებით პირადად დაუკავშირდა გ. ზ-ეს და საკითხის გარკვევის მიზნით მოსთხოვა შეხვედრა, რაზეც გ. ზ-ემ უარით უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. სამსახურებრივი შემოწმებით, ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 14 მარტს ზ. შ-ე დაუკავშირდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა. ს-ის, რომელსაც უთხრა გ. ზ-ეის დემოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები და სთხოვა, დაედგინა მისი სამუშაო ადგილი. ა. ს-იმა ნ. ბ-ეის სახელზე რეგისტრირებული ერთჯერადი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ საშუალებით, (რომელიც იმ მომენტისთვის გახსნილი იყო თანამშრომლის კომპიუტერში და იყენებდნენ სამსახურებრივად), სამინისტროს დაცულ საინფორმაციო ბაზაში არასამსახურებრივად მოიძია და გადაამოწმა გ. ზ-ე, თუმცა ბაზაში გადამოწმებით ვერ დაადგინა მისი სამუშაო ადგილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეფონით დაუკავშირდა გ.ზ-ეეს, განუცხადა, რომ იყო პოლიციელი და განუცხადა, რომ თითქოსდა მის სახელზე სასამართლოდან პოლიციაში შესული იყო საფოსტო გზავნილი, სურდა მისი ჩაბარება და მოსთხოვა სამუშაო ადგილის დასახელება, გ. ზ-ემ სამუშაო ადგილის დასახელებაზე განუცხადა უარი, რის შემდეგაც ა. ს-იმა გაუთიშა ტელეფონი და ზ. შ-ეს უთხრა, რომ ვერ დაადგინა გ. ზ-ეის სამუშაო ადგილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის ფაქტებს საფუძვლად უდევს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში დაცული ინფორმაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის, 2021 წლის 17 მარტის №649258 პატაკი. სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხულ იქნენ ზ. შ-ე, ლ. მ-იი, ნ. ბ-ეე, ა. მ-ე, ა. ს-იი (ს.ფ 64-67).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსზე, რომლის პრეამბულის მიხედვით, პოლიციელის საქმიანობის ეფექტურობა დიდწილადაა დამოკიდებული საზოგადოების მხრიდან დახმარებასა და მხარდაჭერაზე. პოლიცია წარმატებულია მაშინ, როდესაც იგი მჭიდროდ თანამშრომლობს მოსახლეობასთან. პოლიციისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილგანწყობა, მასთან ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება. პოლიციელმა საკუთარი პროფესიონალიზმი უნდა შეუთავსოს ეთიკურობას, რითაც მნიშვნელოვნად ამაღლდება პოლიციის ავტორიტეტი საზოგადოებაში. აღნიშნული კოდექსის 1.1 პუნქტის თანახმად, პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. ამავე კოდექსის 1.2 პუნქტის მიხედვით, პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას.

ზემოაღნიშნული კოდექსის მე-2 თავის თანახმად, (2.3) პოლიციელი ვალდებულია არ გაახმაუროს მისთვის ცნობილი კონფიდენციალური ინფორმაცია, დოკუმენტი და პერსონალური მონაცემები, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მესამე პირის ინტერესის შელახვა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; (2.13) პოლიციელმა არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და არ გამოიყენოს იგი პირადი ინტერესებისათვის; (2.14) პოლიციელმა ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი ინფორმაციით და პერსონალური მონაცემებით საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისათვის; (2.18) პოლიციამ პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა და გამოყენება უნდა მოახდინოს პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის საერთაშორისო პრინციპების დაცვით.

მითითებული კოდექსის მე-8 თავის მიხედვით, ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის სახეა მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეაგროვა სხვა პირების პერსონალური მონაცემები და გამოიყენა პირადი მიზნებისათვის. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მისი მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავებას რაიმე კავშირი არ ჰქონია სამსახურებრივი ამოცანის შესრულებასთან, მნიშვნელოვან იურიდიულ მოქმედებასთან, უფლება-ვალდებულებების რეალიზაციასთან, გადაუდებელ აუცილებლობასთან.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით.

საკასაციო პალატის განმარტებით, პირადი ცხოვრების დაცულობისათვის მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მონაცემთა გავრცელებას, არამედ მონაცემთა დამუშავების, მოპოვების წესების დაცვას. მოქალაქე მოკლებულია ადმინისტრაციულ ორგანოში მის შესახებ არსებული ინფორმაციის სათანადო დაცულობის გაკონტროლების შესაძლებლობას, თუმცა მას აქვს კონფიდენციალობის, მისი უფლების დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნის შესაძლებლობა, მონაცემთა დაცულობის გონივრული, ლეგიტიმური მოლოდინი, რაც პირადი ცხოვრების პრივატულობისა და დაცულობის წინაპირობაა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ. შ-ემ არასამსახურებრივი მიზნით მოიძია და დაამუშავა ადმინისტრაციული ორგანოს კომპიუტერულ სისტემაში დაცული პერსონალური ინფორმაცია. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელე ზ. შ-ეის მიერ ჩადენილ იქნა შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავდა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო აქტის გამოცემის საფუძველია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა. გენერალური ინსპექცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების’’ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას და სათანადო რეაგირებას, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას („პოლიციის შესახებ“ კანონის 57.4 მუხ. „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, საქართველოს მთავრობის 13.12.2013წ. №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-10 მუხ. „გ“ ქვეპუნქტი). სწორედ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის გაცნობის შედეგად მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზ. შ-ეის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ადეკვატურია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მართებულად იქნა მიღებული სადავო გადაწყვეტილება და მოსარჩელის მიმართ გამოიყენა სახდელის სახე - სამსახურიდან დათხოვნა. კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ აცნობიერებს გადაცდომას და ინანიებს მომხდარ ფაქტს, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება ზ. შ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების უკანონობა, არ არსებობს თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. შ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე