Facebook Twitter

№16601-13 5 ივნისი, 2013 წელი

კ-ი ს 16601-13 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - გ. მ-ს

ადვოკატ - თ. ნ-ს

მსჯავრდებულ - ს. კ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ს. კ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით ს. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის განაჩენით ს. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი. სსკ–ის 67–ე მუხლის თანახმად, გაუქმდა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად, 6 წლის გამოსაცდელი ვადით,ასევე ჯარიმა - 5000 ლარი. ს. კ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის 21 დღე - 2010 წლის 9 ივნისიდან 2010 წლის 30 ივნისამდე პერიოდი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ს. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 3000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 11 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 11 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 8 წლის, 11 თვისა და 9 დღის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 3000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეღავათების გავრცელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად შევიდა მსჯავრდებულ ს. კ-ს პირადი საქმე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული ს. კ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

მსჯავრდებულ ს. კ-ს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენი) სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ს. კ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, რომლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია და მსჯავრდებული ს. კ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ქალს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

საქმის მასალების მიხედვით, საქმეში არ მოიპოვება დაზარალებულად ცნობილი პირების პოზიცია (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენი) მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე.

ამდენად, მსჯავრდებულ ს. კ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მესამედით, რაც შეადგენს 2 წელსა და 8 თვეს, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის ათვლა უნდა დაეწყოს 2006 წლის 24 ივლისიდან, რაც დღეის მდგომარეობით გასულია და მსჯავრდებული ს. კ-ი უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ს. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს. კ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მესამედით, რაც შეადგენს 2 წელსა და 8 თვეს, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის ათვლა დაეწყოს 2006 წლის 24 ივლისიდან, რაც დღეის მდგომარეობით გასულია და მსჯავრდებული ს. კ-ი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

ბ. ალავიძე