Facebook Twitter

განჩინება

¹ას-385-686-05 21 ივნისი, 2005 წ.

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ახალაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: დავალიანების იძულების წესით გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 7 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს „თ-ის” ლიკვიდატორმა გ. გ-ემ და მოითხოვა მოპასუხე ა. კ-ეს დაკისრებოდა 246 400 აშშ დოლარის გადახდა მის სასარგებლოდ. მოსარჩელის განმარტებით, სს „თ-სა”E და მოპასუხეს შორის 1998წ. 31 მაისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹..., რომლის საფუძველზეც ა. კ-ეს სესხად მიეცა 154000 აშშ დოლარი. მას კრედიტით სარგებლობისათვის უნდა გადაეხადა წლიური 24%, ხოლო ვადის გადაცილების შემთხვევაში _ გაორმაგებული 48%. სესხის დაფარვის საბოლოო ვადად განისაზღვრა 1999წ. 31 მაისი. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ არსებული მდგომარეობით ა. კ-ეს ერიცხებოდა 154 000 აშშ დოლარი ძირითადი სესხი და დარიცხული პროცენტი 92400 აშშ დოლარი _ სულ 246400 აშშ დოლარი.

აღნიშნული სამოქალაქო საქმე არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოს მიერ. ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილებით „თ-ის” სარჩელს მოპასუხე ა.კ-ის მიმართ დავალიანების გადახდევინების შეასხებ ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. იმავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოსარჩელე სს „თ-ს” მოპასუხისაგან მისი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1999წ. 8 დეკემბრიდან. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს 2003წ. 7 მარტს. ამდენად, კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს ხანდაზმულობის ვადა.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს კბ „თ-ის” ლიკვიდატორმა გ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სკ-ის 128-129-ე, 134-ე, 137-ე, 138-141-ე მუხლებისა და სსკ-ის 102-103-ე, 105-ე, 131-132-ე მუხლების საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ სს „თ-ის” სარჩელი არ დააკმაყოფილა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. კოლეგიამ მიიჩნია, რომ 1996წ. 12 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან და 1998წ. 31 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები ხანდაზმულია.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კოლეგიის მიერ 2004წ. 23 აპრილს. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა საკასაციო პალატის მიერ და საქმე დაუბრუნდა ხელახალი განხილვისათვის იმავე კოლეგიას. საკასაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა რიგი გარემოებანი, რომლებიც სასამართლოს უნდა შეეფასებინა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დადგენის მიზნით. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ კოლეგიას არ შეუსრულებია საკასაციო პალატის მიერ სსკ-ის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის მოცემული მითითებები.

პალატის მითითებით, სასამართლოს უნდა შეეფასებინა შპს „მ-სა” და სს კბ „თ-ს” შორის არსებული 1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულება იმ თვალსაზრისით, რომ დადგენილიყო ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, მოხდა თუ არა „თ-სა” და ა. კ-ეს შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულების განახლება.

როგორც კასატორი მიუთითებს, შპს „მ-სა” და სს „თ-ს” შორის 1999წ. 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით შეჩერდა ბანკსა და ა. კ-ეს შორის არსებული ხელშეკრულების მოქმედება. აღნიშნული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ იგი დადებულია ბანკსა და შპს „მ-ს” შორის 1996წ. 12 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე არსებული შპს «მ-ის» დავალიანება ბანკის მიმართ, სს «თ-ის» განმარტებით, დაიფარა ფიქტიურად, რეალურად კი 1998წ. 31 მაისის ხელშეკრულებებით სესხის თანხა დაიშალა რამდენიმე მსესხებელზე (შპს «მ-ის» პარტნიორებზე) და მათთან საკრედიტო ხელშეკრულებები გაფორმდა, მათ შორის _ ა.კ-ესთან.

მითითებული გარიგება დადებულია შპს „მ-სა” და „თ-ს» შორის. ამდენად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა ის გარემოებაც, ამ ხელშეკრულებით ა. კ-ის და სხვა ფიზიკური პირების საკრედიტო დავალიანების გადახდა ხომ არ აიღო თავის თავზე მესამე პირმა შპს „მ-მა”.

სს „თ-სა” და შპს „მ-ს” შორის 1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულების დამატებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში პროექტი გადადიოდა შპს „მ-ის” საკუთრებაში და შესაბამისად უნდა განახლებულიყო ფიზიკურ პირებთან დადებული ხელშეკრულებების მოქმედება. ამასთან, თვით მითითებული ფიზიკური პირები ამ ხელშეკრულებას განახლებულად არ მიიჩნევდნენ, რაც ირკვევა მათ მიერ შპს «მ-ისადმი» გაგზავნილი წერილებიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველ კოლეგიას უნდა დაედგინა, გადავიდა თუ არა შპს „მ-ის” საკუთრებაში ზემოთ მითითებულ ხელშეკრულებაში ხსენებული პროექტი და, შესაბამისად, აღსდგა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებულ ფიზიკურ პირებსა და ბანკს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებები. აღნიშნული გარემოების დადგენის გარეშე შეუძლებელია სასამართლომ იმსჯელოს ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე სადავო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების მიმართ.

სსკ-ის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი, რომელი დაუდგენელი და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავს, თუ რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენამ შეიძლება განაპირობოს საქმეზე კანონის არასწორი გამოყენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სასამართლოს.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს შპს «მ-სა” და „თ-ს” შორის დადებულ 1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულებას და შეფასების შედეგად დადგენილი გარემოებების საფუძველზე იმსჯელოს მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

ამასთან, ვინაიდან სასამართლოს წარმოებაში არის სს «თ-ის» სარჩელები დანარჩენი მოვალეების (შპს «მ-ის» პარტნიორების) მიმართ და ყველა ეს საქმე ერთგვაროვანია, მიზანშეწონილია სასამართლომ იმსჯელოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ამ საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს კბ „თ-ის” ლიკვიდატორ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.