გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-386-687-05 26 სექტემბერი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე (მომხსენებელი),
ლ.გოჩელაშვილი
დავის საგანი: ხანძრით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ., ი. და პ. ჯ-ებმა სარჩელით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სს „ს-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მათ სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ 2003წ. 27 მაისს ზესტაფონის რ-ნის სოფ. ... მოსარჩელეთა საცხოვრებელ უბანში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც დაიწვა მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი და მოძრავი ქონება. ზესტაფონის ხანძარსაწინააღმდეგო პოლიციის რაზმმა აწარმოვა მოკვლევა, დაიკითხნენ მოწმეები, რომლემაც განმარტეს, რომ ხანძარი გაჩნდა სოფლის ტრანსფორმატორში მოვარდნილი მაღალი ძაბვის გამო.
მოსარჩელეთა განმარტებით, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირია სს „ს.“ და მოითხოვეს ხანძრით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მოპასუხე სს „ს-ს“ მოსარჩელეების: ნ., ი. და პ. ჯ-ების სასარგებლოდ დაეკისრათ 15000 ლარის გადახდა; დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი.
ი., პ. და ნ. ჯ-ებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
სს „ს-ის“ გენერალურმა დირექტორმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ., ი. და პ. ჯ-ების სააპელაციო საჩივარი.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ., ი. და პ. ჯ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „ს-ს“ მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 40000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2003წ. 27 მაისს დაახლოებით 18 საათზე სოფ. ..., ჯ-ების უბანში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც დაიწვა მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი და მასში არსებული მოძრავი ნივთები.
ხანძარსაწინააღმდეგო კვლევითი ცენტრის უფროსის 2003წ. 30 ივნისის დასკვნის თანახმად, საქმეში არსებული მოკვლევის მასალების და ჩატარებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ხანძრის ყველაზე უფრო სავარაუდო მიზეზია ელექტრო ტრანსფორმატორში ელექტრო კაბელების გადატვირთვა, რომლის შედეგადაც ელმომარაგების სისტემაში შეიქმნა ავარიული რეჟიმი და მოხდა მოკლე ჩართვა.
2003წ. 27 მაისის ხანძრის შესახებ აქტში ხანძრის გაჩენის მიზეზად მითითებულია სხვენში გამავალი ელ. სადენების გადახურება და მისი აალება, რაც გამოიწვია ¹1 ტრანსფორმატორის მწყობრიდან გამოსვლამ.
სს „ს-ის“ ზესტაფონის ფილიალის დირექტორის წერილით დადგენილია, რომ სოფ. ... ჯ-ების უბანში არსებული ტრანსფორმატორი ირიცხება ს-ის ბალანსზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგზე: რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2003წ. 27 მაისს ელ. ენერგიის მაღალი ძაბვის შედეგად სოფლის სხვა მაცხოვრებლებს დაეწვათ ტრანსპორმატორი, ტელევიზორი, სტაბილიზატორი, მაცივარი.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებები რაიონული სასამართლოს მიერ სრულად და ყოველმხრივ იქნა გამოკვლეული, განხილული და ამიტომ სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები და შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა სკ-ის 992-ე მუხლი. სასამართლომ გამოიყენა, ასევე, ამავე კოდექსის მე-1000 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი, ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება, ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. პალატამ ამ ნორმის საფუძველზე მიუთითა, რომ ელექტროენერგია თავისთავად წარმოადგენს მომეტებული საფრთხის შემცველს, ამიტომ მისი მიმწოდებელი ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
2003წ. 27 მაისის ხანძრის შესახებ აქტით ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი შეადგენს 40000 ლარს. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მთლანად დაიწვა ჯ-ების საცხოვრებელი სახლი და მასში არსებული მოძრავი ნივთები, მიიჩნია, რომ მატერიალური ზიანის რაოდენობა უნდა განისაზღვროს ზემოაღნიშნული აქტით დადგენილი ოდენობით, ხოლო სს „ს-მ“ ვერ წარმოადგინა ზემოაღნიშნული აქტის საწინააღმდეგო მტკიცებულება. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სს „ს-მ“ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაიო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული ხანძრის ფაქტთან დაკავშირებით სს „ს-ის“ ბრალის გამომრიცხავი ის მტკიცებულება, რომ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ზესტაფონის სამმართველოს (ფილიალის) აღმასრულებელი დირექტორის ვ.კირკიტაძის ახსნა-განმარტების შესაბამისად, 2003წ. 27 მაისს ჯ-ების უბანს ზესტაფონის სამმართველოს სადისპეტჩერო სამსახურის ოპერატიული პერსონალის განკარგულებით (სოფ. ...) 16-22 საათების განმავლობაში ძაბვა არ მიეწოდებოდათ.სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სოფ. ... გააჩნია ენერგიის კვების ორი წყარო, ძირითადს წარმოადგენს წევის ქვესადგური და, აგრეთვე, მუშაობდა სარეზერვო კვება „კოხრის“ ქვესადგურიდან, რომელიც წარმოადგენს შპს «ს-ის» საკუთრებას. 2003წ. 27 მაისს სოფ. ... ძაბვა მიეწოდებოდა მაღალი ძაბვის საწარმო „კო-დან“, ხოლო სოფ. ... რაიონული ფიდერი არ იყო ჩართული წევის ქვესადგურიდან.
საქმეზე წარმოდგენილი, ხანძარსაწინააღმდეგო კვლევითი ცენტრის უფროსის _ ო.კ-ს დასკვნის თანახმად, ჯ-ების საცხოვრებელი ოთახის კედელში ელ.გაყვანილობიდან ნივთმტკიცების სახით წარმოდგენილ ელ. სადენებზე აღინიშნება ხანძრის ტემპერატურული ზემოქმედებისა და მეორადი მოკლე ჩართვის ნიშნები, ანუ ხანძრის გაჩენის მიზეზი არ ყოფილა ელ.ქსელში მაღალი ძაბვის ელ. ენერგიის მიწოდება.
კასატორმა მიუთითა, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მტკიცებულების სახით 2003წ. 27 მაისის ხანძრის შესახებ აქტის მითითება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას; სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი. მითითებული რაოდენობა აშკარად არ არის გონივრულ შესაბამისობაში რეალურ ზიანთან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2003წ. 27 მაისს დაახლოებით 18 საათზე ზესტაფონის რ-ნის სოფ. ..., ჯ-ების უბანში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც დაიწვა მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი და მასში არსებული მოძრავი ნივთები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ელექტრომონტიორი ც-ის განმარტების, ხანძრის შესახებ აქტის საფუძველზე, რომ ხანძარი გამოიწვია ზესტაფონის რ-ნის სოფ. ... ჯ-ების უბანში მდებარე ტრანსფორმატორის მწყობრიდან გამოსვლამ
სს „ს-ის“ ზესტაფონის ფილიალის დირექტორის წერილით დადგენილია, რომ სოფ. ... ჯ-ების უბანში არსებული ტრანსფორმატორი ირიცხება ს-ის ბალანსზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა სკ-ის მე-1000 მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი აღნიშნულია, რომ, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიერებიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია, ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ, ვინაიდან ელექტროენერგია თავისთავად წარმოადგენს მომეტებული საფრთხის შემცველს, ამიტომ მისი მიმწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ მათთვის დაკისრებული 40 000 ლარი გონივრულ შესაბამისობაში არ არის მოსარჩელეებისათვის რეალურად მიყენებულ ზიანთან. სასარჩელო განცხადებაში მოცემულია იმ ნივთების ჩამონათვალი, ღირებულების მითითებით, რომლებიც საკუთრებაში ჰქონდათ ხანძრის გაჩენამდე მოსარჩელეებს და რომლებიც დაეწვათ. საქმეში მოცემულია შპს „მ-ის“ ქუთაისის ფილიალის დირექტორის და „ოქროს ბირჟის“ ექსპერტის დასკვნა მოსარჩელეების მიერ მითითებული საიუველირო ნაწარმის ღირებულების თაობაზე. ინდივიდუალური აუდიტორის დასკვნა ნ. ჯ-ის საკუთარი საცხოვრებელილ სახლის შეფასების შესახებ, რომლის ღირებულებაც განსაზღვრულია 9000 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში. სს „უ-ი“ თბილისის დირექტორის მიერ შეფასებულია მოსარჩელეების მიერ მითითებული, სხვადასხვა დასახელების საოჯახო მოწყობილობის ნივთების ღირებულება. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე ორგანიზაციას არ წარმოუდგენია. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.