Facebook Twitter

ას-388-689-05 26 ოქტომბერი, 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),

მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 25 აპრილს ქ. თბილისში ........ ფონდმა სარჩელი აღძრა მოპასუხე ზ. მ-ის მიმართ ფონდის კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების შესახებ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2002წ. 25 აპრილს ქ. თბილისში ......... ფონდის მიერ მიწისძვრით დაზარალებულთათვის დროებით თავშესაფრის მიზნით ზ. მ-ისაგან შეისყიდა ქ. თბილისში, ....... მდებარე ბინა ¹55.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა: ზ. მ-ე მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ......... მდებარე ბინა ¹55-დან.

სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ნოტარიუს ჟ. ტ-ის მიერ დამოწმებული 2004წ. 20 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ........ მდებარე ბინა ¹55 საკუთრების უფლებით ირიცხება 2002წ. 25 აპრილს ქ. თბილისში ......... ფონდის სახელზე. ნოტარიუსის მიერ წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმდა 2002წ. 20 ივლისს, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 3700 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად. ბინის გასხვისებისას, ზ. მ-ის მეუღლემ, მოპასუხე ი. მ-ემ განაცხადა თანხმობა ბინის გასხვისების თაობაზე, რაც დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას დაცულია უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სავალდებულო მოთხოვნა _ ხელშეკრულება გაფარმებულია სანოტარო წესით და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში სკ-ის 183-ე მუხლის შესაბამისად.

სკ-ის 170-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირის მიერ ამ ქონების სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მოთხოვოს ზ. მ-ეს ნივთის უკან დაბრუნება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-ემ თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2002წ. 20 ივლისს ზ. მ-ესა და თბილისში .......... ფონდს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ზ. მ-ის ბინაზე, მდებარე თბილისში ...... საკუთრების უფლებით აღირიცხა .......... ფონდის სახელზე.

2002წ. 25 აპრილს თბილისში ........... ფონდმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბინიდან ზ. მ-ის გამოსახლება. სკ-ის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ......... ფონდის, როგორც მესაკუთრის, მოთხოვნა კანონიერი იყო და რაიონულმა სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სადავო ბინის გათავისუფლების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს აღნიშნული ბინით სარგებლობის უფლება არა აქვს, რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო ბინის მესაკუთრეა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები, ვინაიდან ........ ფონდი ლიკვიდაციის პროცესშია და შესაბამისად, მისთვის სადავო ბინის დაზარალებულთათვის გადაცემა შეუძლებელია, ხოლო ფონდის ერთადერთი მიზანი არის დაზარალებულთა ბინით უზრუნველყოფა.

საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიას, კერძოდ, კოოპერატიული ბინათმშენებლობის ასოციაციას აქვს მისი დავალიანება _ 16800 აშშ დოლარი, რის გამოც ზ.მ-ე არ ათავისუფლებს სადავო ფართს.

ზ. მ-ემ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, ......... ფონდი ლიკვიდაციის პროცესშია და შესაბამისად, ნებისმიერი დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს ლიკვიდატორის მიერ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არაა დარღვეული.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლოს მიერ სკ-ის 170-ე, 172-ე მუხლის არასწორად განმარტების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ვინდიკაციური სარჩელით ითხოვს დარღვეული უფლების აღდგენას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 172-ე მუხლის I ნაწილი. აღნიშნული ნორმით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სარჩელი იმ შემთხვევაშია საფუძვლიანი, თუ დადგინდება, რომ მოსარჩელე მესაკუთრეა; ნივთს (ქონებას) მოპასუხე ფლობს და მოპასუხეს არა აქვს ნივთის ფლობის უფლება, ე.ი. იგი არამართლზომიერი მფლობელია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე მესაკუთრეა. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ვინაიდან მოსარჩელე ორგანიზაცია ლიკვიდაციის პროცესშია, იგი აღარ ითვლება მოთხოვნის მფლობელად. ჯერ ერთი, კასატორი ვერ მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულ გარემოებას; მეორე, იურიდიულ პირს ლიკვიდაციის პროცესშიც შეუზღუდავად შეუძლია განახორციელოს კანონით აღნიშნული მესაკუთრის ყველა უფლება.

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ფლობს სადავო ფართს და ამ ფართის ფლობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას სადავო ფართის ფლობის უფლება გააჩნია, რადგან ქალაქის მერიას მისი დავალიანება გააჩნია. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს სადავო ფართის ფლობის მართლზომიერ საფუძველს, რადგან სკ-ის 163-ე მუხლის მესამე ნაწილით, მხოლოდ კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამასთან, მოთხოვნა უნდა წაეყენოს მესაკუთრეს, ამ შემთხვევაში მოსარჩელეს. მოსარჩელის მიმართ კი ასეთი მოთხოვნა მოპასუხეს არ გააჩნია.

ამდენად, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.