№16671-13 5 ივნისი, 2013 წელი
ნ-ე რ.- 16671-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ე. გ-ის
ადვოკატ – ზ. ბ-ის
მსჯავრდებულ _ რ. ნ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ნ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 დეკემბრის განაჩენით რ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწლის „ბ“, იმავე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2009 წლის 5 თებერვლიდან 2009 წლის 14 მარტის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით რ. ნ-ეს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10.000 ლარი.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – თბილისის პრობაციის ბიურომ წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ნ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ნ-ეს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწლის „ბ“, იმავე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და პირობით მსჯავრად ჩათვლილი სასჯელი – 4 წელი, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვრა 3 წელი – პირობითი მსჯავრი, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 აპრილის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ნ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და იმის გამო, რომ პროკურატურა კანონდარღვევით ითავსებს დაზარალებულის (ამ შემთხვევაში თბილისის მერიის) ფუნქციას და უარს ამბობს მის მიმართ ამნისტიის აქტის გავრცელებაზე, ითხოვა განჩინების გაუქმება და ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით არის ცნობილი, პროკურატურის მიერ 2013 წლის 18 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის გამო პროკურატურა არ არის თანახმა, რ. ნ-ის მიმართ გამოყენებულ იქნეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–11 მუხლი.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ რ. ნ-ის მიმართ კანონიერად ვერ გაავრცელა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები და სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე–16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულს 1/4-ით შეუმცირა.
საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-18 მუხლით და მსჯავრდებულ რ. ნ-ეს ერთნაირად და პროპორციულად შეუმცირა პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, ხოლო რაც შეეხება დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმას – 10.000 ლარს, კანონიერად დატოვა უცვლელად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ბ. ალავიძე