Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-390-715-05 3 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ახალაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. ბ-ე მუშაობდა ქედის ...ში ...ად, რა დროსაც 1987 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა. კერძოდ, მუშაობის დროს მას თვალში მოხვდა რკინის ნამსხვრევი, რის გამოც დაკარგა მხედველობა 50%-ით. აღნიშნული დაზიანების გამო მას დაუდგინდა ინვალიდობის მე-3 ჯგუფი უვადოდ და ...ის ადმინისტრაციამ ის ...ის თანამდებობიდან გადაიყვანა ...ად, 1989 წლიდან კი ნებაყოფლობით უხდიდა სარჩოს 50 მანეთის ოდენობით, რასაც ურიცხავდა შემნახველ სალაროში ანაბარზე 1992 წლამდე. ფაბრიკამ, იმ მოტივით, რომ სამუშაო აღარ ჰქონდათ და ფაბრიკა ჩერდებოდა, 1993 წლიდან შეუწყვიტა ბ. ბ-ეს თანხის გაცემა, შემდგომში კი სხვა თანამშრომლებთან ერთად გაათავისუფლა სამუშაოდან.

ბ. ბ-ემ 2004წ. სექტემბერში მიმართა სარჩელით ქედის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ფაბრიკის ადმინისტრაციისათვის საწარმოში მიღებული ტრავმის გამო 1993 წლიდან ერთდროულად 26460 ლარის, ყოველთვიურად კი _ 300 ლარის დაკისრება. მოწინააღმდეგე მხარე შპს „ქედის .. ...-მ“ სარჩელი არ ცნო.

ქედის რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ შპს „ქედის .. ..-ს“ დაეკისრა ბ. ბ-ის სასარგებლოდ ერთდროულად ბოლო სამიწ. განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სახით 540 ლარის, ყოველთვიურად კი _ 15 ლარის გადახდა, რაც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ იქნა ფაბრიკაში დასაქმებულ მუშათა საშუალო გამომუშავებიდან, რომელიც შეადგენს 30 ლარს.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

ბ. ბ-ემ მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. იგი არ დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას როგორც 1993 წლიდან მიუღებელი თანხის მოთხოვნაზე უარის თქმის, ასევე _ საშუალო თვიური ხელფასად 30 ლარის განსაზღვრის ნაწილში.

აპელანტმა შპს „ქედის .. ..-მ“ მიიჩნია, რომ ბ. ბ-ის საწარმოო ტრავმის მიყენებაში საწარმოს ბრალი არ მიუძღვის და რომ თვალის დაზიანება ბ. ბ-ემ მიიღო თავისივე უყურადღებობის გამო; ასევე, მიუთითა რომ ბ. ბ-ის მოთხოვნა ხანდაზმულიცაა, რადგან ბ. ბ-ე (მისივე განმარტებით) ღებულობდა საწარმოდან 1989-1992 წლებში ანაზღაურებას თვეში 50 მანეთის ოდენობით, რაც შემდგომ შეუწყდა, მას კი 2004 წლამდე არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რითაც დაკარგა მოთხოვნის უფლება.

სააპელაციო სასამართლომ 2004წ. 17 დეკემბრის განჩინებით ბ. ბ-ისა და შპს „ქედის .. ..-ს“ სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა. უცვლელად დარჩა ქედის რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სასამართლომ არ გაიზიარა შპს „ქედის .. ..-ს“ არგუმენტი იმის თაობაზე, რომ თითქოს მას ბრალი არ მიუძღვის ბ. ბ-ისათვის საწარმოო ტრავმის მიყენებაში. ასევე, არ იქნა გაზიარებული მისი მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და ბ. ბ-ეს აუნაზღაურა ბოლო სამიწ. განმავლობაში მიუღებელი თანხა _ 540 ლარი. სასამართლომ იხელმძღვანელა იმ მტკიცებულებით, რომ მითითებულ ორგანიზაციაში მუშის საშუალო ხელფასი 30 ლარია და სარჩოს სახით განუსაზღვრა ყოველთვიურად 15 ლარი.

სასამართლოს მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო არა ბოლო სამიწ. განმავლობაში, არამედ 1993 წლიდან. ასევე კასატორის განმარტებით 1989წ. 13 თებერვლისათვის ცვლის უფროსის საშუალო თვიური გამომუშავება შეადგენდა 104 მანეთს, საიდანაც უნდა ეანგარიშა სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბ. ბ-ე მუშაობდა ქედის .. ..-ში მუშად, სადაც 1987 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა, კერძოდ, მუშაობის დროს მას თვალში მოხვდა რკინის ნამსხვრევი, რის გამოც დაკარგა მხედველობა 50%-ით და დაუდგინდა უვადოდ მე-3 ჯგუფის ინვალიდობა. ადმინისტრაციამ ბ. ბ-ე გადაიყვანა უფრო მსუბუქ სამუშაოზე – ცვლის უფროსად და 1989 წლიდან ნებაყოფლობით უხდიდა სარჩოს 50 მანეთის ოდენობით. 1993 წლიდან კი თანხის გადახდა შეუწყვიტეს, რადგან ფაბრიკა სრული დატვირთვით აღარ ფუნქციონირებდა. შემდგომში კი ფაბრიკის გაჩერების გამო დაითხოვეს სამსახურიდან.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს 1993 წლიდან, ვინაიდან ჯანმრთელობის ვნებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომელზეც ვრცელდება სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა და შეადგენს 3 წელს, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ბ. ბ-ისათვის გადასახდელი თანხა ბოლო სამიწ. განმავლობაში მიუღებელი თანხის ოდენობით.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 პუნქტით, ზიანი ანაზღაურდება იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი, ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან და არა იმის მიხედვით, თუ რა ხელფასს იღებდა მუშაკი ზიანის მიყენების დროს. ამდენად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორადაა განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების ოდენობა.

ვერ იქნება გაზიარებული კასატორის არგუმენტიც, რომ მას უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ცვლის უფროსის ხელფასის შესაბამისად.

როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, ბ. ბ-ე ზიანის მიყენების დროისათვის მუშაობდა მუშად, ამიტომ მას ზიანი უნდა აუნაზღაურდეს მუშის ხელფასის შესაბამისად და არა იმის მიხედვით, თუ რა სამუშაოს ასრულებდა მისთვის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.