№16701-13 5 ივნისი, 2013 წელი
ო-ი თ.- 16701-13 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, მაია ოშხარელი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ფ-ის
მსჯავრდებულ _ თ. ო-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ო-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით თ. ო-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი.
თ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2006 წლის 19 მარტიდან 2006 წლის 5 მაისამდე – 48 დღე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის განაჩენით თ. ო-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ–ის 67–ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 10 თვე და 14 დღე - მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ო-ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 10 თვითა და 14 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 აპრილიდან.
მას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის განაჩენში და თ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
სსკ–ის 67–ე მუხლიs თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 10 თვე და 12 დღე - მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ თ. ო-ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 10 თვით და 12 დღით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი.
მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 10 აპრილიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ო-ის ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ო-ის მიმართ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ, დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 180–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები შემცირდა ერთი მეოთხედით და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის, 10 თვისა და 12 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 აპრილიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე თ. ო-მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა, რომ სასამართლომ გაიზიაროს სსკ-ის 180-ე მუხლის ეპიზოდში მესამე დაზარალებულის თანხმობა და გათავისუფლდეს ამ მუხლით დანიშნული სასჯელისგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16-17 მუხლებით, რომელთა თანახმად, მძიმე დანაშაულთა ჩადენისთვის მსჯავრდებულ თ. ო-ს ერთი მეოთხედით შეუმცირა საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ, დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 180–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად შეაფასა ის გარემოება, რომ დაზარალებულ ნ. ო-ის თანხმობა სასამართლოში კანონით დადგენილი წესით არ იქნა წარმოდგენილი, რის გამოც ასევე სრულიად კანონიერად არ გამოიყენა მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ო-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
მ. ოშხარელი