№16711-13 12 ივნისი, 2013 წელი
ჩ-ი ნ., 16711-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. ბ-ის
მსჯავრდებულ _ ნ. ჩ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის განაჩენით ნ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 15000 ლარი და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2012 წლის 23 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით – 2 დღე.
2013 წლის 15 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიურომ მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლით პირობითი სასჯელი, 2 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ჩ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ მ. ბ-ის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა, რათა მის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ნ. ჩ-ი ითხოვს საჩივრის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნ. ჩ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი სასჯელისგან, ვინაიდან, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ წარმოდგენილია დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომ იგი თანახმაა, მსჯავრდებულ ნ. ჩ-ზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნ. ჩ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი სასჯელისგან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე