გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-393-718-05 15 დეკემბერი, 2005 წ,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი),
მ. ცისკაძე
დავის საგანი: ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
შ. ტ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს «ა-ის» მიმართ, რომლითაც მოითხოვა ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის - 24 799 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000 წლის 5 სექტემბერს, საღამოს 4 საათსა და 5 წუთზე, მოპასუხის ბრალით ქობულეთის რაიონის სოფ. ... მოხდა მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გაშვება, რის შედეგადაც მის (მოსარჩელის) ახალ სახლში გაჩნდა ხანძარი და მთლიანად დაიწვა. სახლთან ერთად დაიწვა სხვა დამხმარე შენობა – ნაგებობანი, განადგურდა პირუტყვი. სახლის დაწვით გამოწვეულმა ზარალმა შეადგინა 12359 ლარი, სახლში არსებული ქონების – 10500 ლარი, 1000 ცალი მანდარინის ყუთის განადგურების გამო – 12000 ლარი, მეწველი ძროხის – 660 ლარი, ერთი თვის ხბოს – 80 ლარი, სულ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 24 799 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მითითებულ დროს ელექტროენერგია სოფ. ... საერთოდ გამორთული იყო.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით შ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «ა-ის» ქობულეთის ფილიალს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის _ 24999 ლარის ანაზღაურება.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის მეორე სართული მთლიანად საოჯახო ქონებასთან ერთად, ასევე, პირველ სართულზე არსებული სადურგლო დანადგარები და სამშენებლო მასალები, ბოსელი, თივა, ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ხანძრისგან გამოწვეული ზარალი განისაზღვრა 22904 ლარით. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხანძრის სავარაუდო მიზეზია ელექტროსადენის მოკლე ჩართვა, რაც გამოწვეულია მაღალი ძაბვის უეცარი მოვარდნით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ა-ამ».
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 2 დეკემბრის განჩინებით შპს «ა-ის» ქობულეთის ფილიალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა რა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება, მიიჩნია, რომ ხანძარი გაჩნდა მოპასუხე ორგანიზაციის ბრალით. ამასთან, არ დაეთანხმა მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შემთხვევის ღამეს, სოფ. ..., დენი საერთოდ არ ყოფილა და მაღალი ძაბვაც არ მოვარდნილა, რადგან მიიჩნია, რომ ჟურნალში დაფიქსირებულია მხოლოდ ელექტროენერგიის ჩართვისა და გამორთვის დრო. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სადავოა მოხდა თუ არა ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის მოვარდნა.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ა-ამ», რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით, კერძოდ, კასატორის აზრით, სააპელაციო პალატა დაეყრდნო სპეციალისტის დასკვნას, რომელმაც არ დაადგინა, თუ რა უნდა ყოფილიყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი. კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არ ჩატარებულა სასამართლო-სასაქონლო ექსპერტიზა, რომელიც შეაფასებდა ხანძრის შედეგად განადგურებულ მატერიალურ ფასეულობას. კასატორი თვლის, რომ საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩართულ იქნა შ. ტ-ე, მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის შედეგად დაიწვა არა შ. ტ-ის, არამედ მისი შვილის საცხოვრებელი სახლი; სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა დამწვარი სახლის მესაკუთრის ვინაობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო საჩივარი შემოიტანა ძირითადმა საწარმომ შპს «ა-ამ».
კასატორი უთითებს, რომ სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსკ-ის 84-ე მუხლი, კერძოდ, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ შ. ტ-ე არ არის სათანადო მოსარჩელე და უთითებს მის ახსნა-განმარტებებზე, სადაც შ. ტ-ე აღნიშნავს, რომ დაიწვა მისი შვილის საცხოვრებელი სახლი.
საკასაციო პალატა ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ შ. ტ-ის სასარჩელო განცხადებაში მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის დაწვის ფაქტი. მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის შვილმა ს. ტ-ემ კი აღნიშნა, რომ დაიწვა მისი მამის _ შ. ტ-ის სახლი.
აღსანიშნავია, რომ განსახილველი ნორმა ითვალისწინებს არასათანადო მხარის შეცვლის შესაძლებლობას და არა სავალდებულობას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო არ არის შებოჭილი ვალდებულებით არასათანადო მხარის დადგენის შემდეგ შეცვალოს იგი სათანადო მხარით. სასამართლო ადგენს არასათანადო ან სათანადო მხარეს მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებებით. თუ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სარჩელის აღმძვრელი პირი არის ის, ვისაც მოთხოვნის უფლება გააჩნია, აგრეთვე, არ დასტურდება ის გარემოება, თუ ვის გააჩნია აღნიშნული უფლება, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. ამდენად, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ შ. ტ-ეს არ გააჩნია მოთხოვნის უფლება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2000 წლის 5 სექტემბერს, 4 საათზე და 05 წუთზე, სოფ. ხუცუბანში გაუშვეს მაღალი ძაბვის ელექტროენერგიია, რის შედეგადაც მოსარჩელე შ. ტ-ის საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მოძრავი ნივთები და ცოცხალი პირუტყვი ხანძრისაგან განადგურდა. აღნიშნული ფაქტი სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებულ და დადგენილ იქნა ქობულეთის რაიონის შსს რაზმის უფროსის დადგენილების საფუძველზე ჩატარებული სახანძრო ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად შედგენილი სპეციალისტის დასკვნის, ქობულეთის რაიონის შსს რაზმის უფროსისადმი მიცემული ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ გაუმართავი იყო ელექტროგამანაწილებელი ჯიხურები, სადაც სპეციალური დამცველების მაგივრად დაყენებული იყო თვითნაკეთი დამცველები, რის გამოც მაღალი ძაბვის ელექტროენერგია მიეწოდა მომხმარებელს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე შეაფასა შპს «ა-ის” მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი ჟურნალი და დაადგინა, რომ ჟურნალში მითითებულია მხოლოდ ელექტროენერგიის ჩართვისა და გამორთვის დრო, რითაც არ დასტურდება, რომ მაღალი ძაბვა მართლაც ჩაირთო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გაუმართავი იყო ელექტროგამანაწილებელი ჯიხურები, სადაც სპეციალური დამცველების მაგივრად დაყენებული იყო თვითნაკეთი დამცველები, რის გამოც მაღალი ძაბვის ელექტროენერგია მიეწოდა მომხმარებელს. კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებს იმაზე, რომ ელექტროგამანაწილებელი ჯიხურები გამართულია და მაღალი ძაბვის ელექტროენერგია მომხმარებლისათვის არ მიუწოდებია. იმ შემთხვევაშიც, თუ დადგინდებოდა, რომ ელექტროგამანაწილებელი ჯიხურები გამართული იყო, საქართველოს სკ-ის მე-1000 მუხლის თანახმად, ამ ნაგებობიდან (ელექტროგამანაწილებელი ჯიხურები) მიწოდებული ენერგიის შედეგად მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს ამ ნაგებობის მფლობელმა მიუხედავად მისი ბრალის არსებობისა. ამ შემთხვევაში საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას, ვინაიდან შეუძლებელია მასზე სრული კონტროლის განხორციელება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კასატორის მიერ პირველ ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილ ჟურნალში მითითებულია მხოლოდ ელექტროენერგიის ჩართვისა და გამორთვის დრო, რითაც არ დასტურდება, რომ მაღალი ძაბვის ელექტროენერგია მართლაც მიეწოდა მომხმარებელს. ამდენად, კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებს საქმეში არსებულ იმ მასალებზე, რომლებიც აქარწლებენ სასამართლოს მიერ დადგენილ მტკიცებულებებს და რაც არ შეუფასებია ან არასათანადოდ შეაფასა სასამართლომ. აღნიშნულ ჟურნალში მითითებული ელექტროენერგიის ჩართვისა და გამორთვის ფაქტი არ გამორიცხავს ფაქტობრივად არსებულ ობიექტურ გარემოებას, რაც დადასტურებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია პროცესუალური ნორმები. სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორად გამოიყენა საქართველოს სკ-ის 992-ე მუხლი, რომლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი.
კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ელექტროგამნაწილებელი ჯიხურები იყო გაუმართავი და შპს «ა-ის” ბრალით მიადგა ზიანი, რომლის თაობაზე საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული და არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ზარალის ოდენობასთან დაკავშირებით. კასატორი არ ამახვილებდა ყურადღებას ზარალის გაანგარიშებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სააპელაციო სასამართლოში. ამდენად, კასატორი არ უთითებს იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომელთაც შეეძლოდ გამოეწვიათ არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ა-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 2 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.